უკვე რამდენიმე დღეა, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
ამ კვირაში ირანის რამდენიმე პროვინციაში ათობით მომიტინგე გამოვიდა ქუჩებში. მედიის ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 3 ადამიანი.
ადგილობრივი სააგენტო Fars News Agency-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს საღამოს, ირანის დასავლეთ ლორესტანის პროვინციაში, მომიტინგეების მიერ პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. „ფარსი“ იტყობინება, რომ მომიტინგეებმა სამართალდამცავ ორგანოებს ქვები დაუშინეს და მანქანები დაწვეს. პოლიციამ მოგვიანებით რამდენიმე პირს ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოართვა.

„თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად დახოცავს, რაც მათი ჩვეულებაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ საშველად მივა. მზად ვართ წასასვლელად“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

თავის მხრივ, ირანის ოფიციალურმა პირებმა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გამო აშშ-ს მკაცრი გაფრთხილება მისცა. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უფროსმა, ალი ლარიჯანიმ, X-ზე განაცხადა, რომ ამერიკის ჩარევა გამოიწვევს „მთელ რეგიონში არეულობასა და ამერიკული ინტერესების განადგურებას“.
უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ახლო მრჩეველმა, ალი შამხანიმ, ირანის ეროვნული უსაფრთხოება „წითელ ხაზად“ გამოაცხადა.

ირანში საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს დაიწყო, რაც გამოიწვია მაღალმა ინფლაციამ და სხვა მწვავე ეკონომიკურმა პრობლემებმა. ქუჩაში ჯერ მაღაზიების მფლობელები და სხვა მოვაჭრეები გავიდნენ. მათ 30 დეკემბერს სტუდენტები შეუერთდნენ. ანტისამთავრობო პროტესტმა არაერთი ქალაქი მოიცვა.
ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების და უფლებადამცველთა ჯგუფ Hengaw-ის მიერ 1-ელ იანვარს გავრცელებული ცნობებით, ლორდეგანში, ისპაანსა და აზნაში, საერთო ჯამში, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, დაღუპულთა შორისაა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაახლოებული მოხალისეთა გასამხედროებული დაჯგუფების ერთი წევრი.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს არეულობების დროს დამწვარი ავტომობილები.

პროტესტის მონაწილეთა ნაწილი ქვეყნის უზენაესი ლიდერის მმართველობის დასრულებას მოითხოვს, ზოგი კი მონარქიის აღდგენის მოწოდებითაც გამოდის.
BBC-ის სპარსულმა სამსახურმა გადაამოწმა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ასახულია საპროტესტო აქციები ქალაქ ლორდეგანში, დედაქალაქ თეირანში და სამხრეთ პროვინცია ფარსში მდებარე მარვდაშთში.
ოთხშაბათს ქვეყნის მასშტაბით დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები და სახელმწიფო უწყებები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საბანკო დასვენების დღე გამოაცხადა, სავარაუდოდ, არეულობების ჩასახშობად.
ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება ცივი ამინდის ფონზე ენერგიის დაზოგვის აუცილებლობით აიხსნა, თუმცა ბევრმა ირანელმა ეს პროტესტების შეკავების მცდელობად აღიქვა.
მიმდინარე აქციები 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. მაშინ ირანში მასობრივი პროტესტი გამოიწვია 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებამ, რომელიც პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავების შემდეგ დაიღუპა. თუმცა, ამჟამინდელი პროტესტები იმ მასშტაბს ჯერ ვერ აღწევს.
ესკალაციის თავიდან ასაცილებლად თეირანის იმ რაიონებში, სადაც დემონსტრაციები დაიწყო, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად არის მოუსმინოს პროტესტის მონაწილეთა "კანონიერ მოთხოვნებს“.
ამასთანავე, გენერალურმა პროკურორმა მოჰამად მოვაჰედ-აზადმა ირანელის საზოგადოება გააფრთხილა, რომ დესტაბილიზაციისკენ ნებისმიერი მცდელობა, "მკაცრ პასუხს“ მიიღებს.
იხილეთ ასევე: