ავტორი:

“თურმე ერთ-ერთ ჩემს ვიდეოზე გამოჩნდა მობილური კავშირის ანძა...“ - თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებისა და გათავისუფლების დეტალებს იხსენებს

“თურმე ერთ-ერთ ჩემს ვიდეოზე გამოჩნდა მობილური კავშირის ანძა...“ - თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებისა და გათავისუფლების დეტალებს იხსენებს

აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც “ჯაშუშობის“ ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში იყო დაკავებული, მისი დაპატიმრებისა და გათავისუფლების დეტალებს “ბათუმელებთან“ ჰყვება.

აქტივისტი 23 დეკემბერს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. რის შემდეგაც მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო. მისი საავადმყოფოში გადაყვანაც გახდა საჭირო.

31 დეკემბერს დაკავებული გაათავისუფლეს. როგორც მეარაყიშვილი “ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, დაკავების შემდეგ გაიგო მიზეზი, თუ რატომ დაადანაშაულეს ჯაშუშობაში.

  • “22 დეკემბერს ცხინვალში ნაქირავები ბინიდან დავდე ვიდეო მიმართვა, რომ გთხოვთ მიმიღოთ... ისეთ საკითხებზე, რომელსაც მე ვერ ვწყვეტდი და სხვა ვერავინ გადაწყვეტდა თუ არა ალან გაგლოევი, ან ალან მარგიევი. ვთხოვე, რომ თუ არა და ხვალიდან ცენტრალურ მოედანზე შიმშილობას დავიწყებ მეთქი. ამის შემდეგ არ გავსულვარ სახლიდან.

შებინდებული იყო, საშინელი ხმაური ატყდა კარზე, აბრახუნებდნენ. გავიხედე და დავინახე სამი წვერიანი მამაკაცი. შემეშინდა, კარგის ნიშანი არ იყო და ჩემს რამდენიმე მეგობარს დავურეკე, თუ მოხვალთ მეთქი. ქალი არ შემოუშვეს, კაცი - ყოფილი პროკურორი მოვიდა, რომელზეც ვერ აიღეს ეჭვი, რომ ჩემთან იყო და შემდეგ ჩემთან ერთად დააპატიმრეს.

შემოვარდნენ ავტომატებით ეს ნიღბიანი კაცები. დაიწყეს ყვირილი ჩქარა დაწექითო. დაახლოებით 20-ზე მეტი მამაკაცი იყო... გადაგვიყვანეს გენერალურ პროკურატურაში, იქ მოგვაწერინეს ხელი სადაც ეწერა რომ მე ვარ ჯაშუშობაში ბრალდებული...

თურმე ერთ-ერთ ჩემს ვიდეოზე გამოჩნდა მობილური კავშირის ანძა და მითხრეს, რომ “შენ ხარ ჯაშუში, ამას სპეცსამსახურები გამოიყენებენო...“ მომისაჯეს 2 თვიანი პატიმრობა,“ - აცხადებს მეარაყიშვილი ვიდეოში.

  • მისი თქმით, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავდათ, თავს ძალიან სუსტად გრძნობდა.

“მიმიყვანეს ერგნეთში, სადაც მოლაპარაკებები იმართება... ერგნეთის მხრიდან კაცები მოდიოდნენ, კამერებით იყვნენ, ზოგს სამოქალაქო ფორმა ეცვა, სამხედრო ფორმებიც ეცვათ და იმათ უთხრეს - გადმოგცემთ თქვენს მოქალაქეს. ძლივს მოვდიოდი მართლა, სუნთქვა, სიარული - ყველაფერი მიჭირდა. ამ დროს 2 კამერით მიღებდა ეს ხალხი - ახლა ვათვალიერებდი და არსად არ დევს ეს ვიდეოები, მე როგორ გამომიყვანეს. მიმიყვანეს გორის ჰოსპიტალში, გამოკვლევებისთვის და გადასხმებისთვის - ვიდრე მიმიყვანდნენ, მე გზაში მოვითხოვე ტელეფონი - ადვოკატთან მინდოდა დარეკვა, არ მაძლევდნენ უფლებას არც გორის ჰოსპიტალში - ცოტა ხმამაღალი საუბარი მომივიდა და დამარეკინეს...

სანამ ველოდებოდით ადვოკატს, მერე შემოვიდნენ კიდევ სხვა მამაკაცები, რომლებმაც მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მცხეთის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე. რაზეც ვუთხარი, რომ ამ მდგომარეობაში, ნაშიმშილარი, ღამე, ძლივს ვლაპარაკობ - თავი არ მუშაობს, რა აუცილებლობაა-მეთქი... იქ კითხვა დავსვი - მოხვედით როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, რას მთავაზობთ-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ მე თვითონ ვიწროდ ვცხოვრობო, პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და თუ გინდაო ჩემ მანქანაში გაათენეო - აი ასე დამთავრდა ჩემი გამოთავისუფლება... დამტოვეს ადვოკატთან, წავიდნენ ის კაცები და მე ასე ვარ იმის მერე... ასე ამბობენ, რომ ჩვენი დიდი ძალისხმევით მოხდა თამარის გათავისუფლებაო - რა არის ძალისხმევა? მე რომ ყველაფერი დავკარგე და აქაც ჰაერში რომ ვარ გამოკიდებული?

მე იქ არავინ არ მკლავდა და ციხეში იყო ჩვეულებრივი პირობები... ჩემი რაიონის ტერიტორიაზე მაინც ვიყავი, მართლა არ მოვიკლავდი თავს... მე იქიდან მინდოდა ბრძოლა - ამათ გამომიყვანეს და მორჩა, დამთავრდა ყველაფერი. არანაირი ძალისხმევა არ სჭირდებოდა ჩემს იქიდან გამოყვანას - გაგლოევი ელოდებოდა როდის მოვშორდებოდი მე იქიდან," - თქვა თამარ მეარაყიშვილმა.

თამარ მეარაყიშვილს თბილისში საცხოვრებელი პირობები არ აქვს. მისი დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

GE31BG0000000162575259GEL

მიმღები: ანა ზოზიროვი [თამარის შვილი]