ავტორი:

ტრამპი უტევს ქვეყანას, რომელმაც თავის დროზე აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობა" აღიარა - ვინ იქნება ვენესუელის მხარეს და რა შეიძლება მოხდეს

ტრამპი უტევს ქვეყანას, რომელმაც თავის დროზე აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობა" აღიარა - ვინ იქნება ვენესუელის მხარეს და რა შეიძლება მოხდეს

აშშ-მა ვენესუელას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასირებული იერიში დაიწყო. CBS News-ის ინფორმაციით, დღეს ვენესუელას დედაქალაქში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.

წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპმა ოპერაციის გეგმები რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. გამოცემასთან საუბარში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კარაკასში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ფლობენ.

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="es" dir="ltr">Video: Explosions heard in Venezuela&#39;s Capital Caracas <a href="https://t.co/CcskCCm0Nd">https://t.co/CcskCCm0Nd</a> <a href="https://t.co/OMo9SkVWPt">pic.twitter.com/OMo9SkVWPt</a></p>&mdash; CGTN (@CGTNOfficial) <a href="https://twitter.com/CGTNOfficial/status/2007356065533620327?ref_src=twsrc%5Etfw">January 3, 2026</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ამასთან, თეთრმა სახლმა The New York Times-თან ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

როგორ ძალასთან გვაქვს საქმე და რა შეიძლება მოხდეს? - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე ამ თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს

"ვენესუელაში ნიკოლას მადუროს რეჟიმი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს ნავთობ რესურსებით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა უკიდურეს დესპოტიად, კრიმინალურ ანკლავად და გარე ძალების მარიონეტად. ვენესუელა დღეს, ფაქტობრივად, ჩინეთ-რუსეთ-ირანისა და კუბის ინტერესების საყრდენია სამხრეთ ამერიკაში, რომელსაც მადურო და მისი კლანი საგარეო პატრონებთან ერთად მართავს.

მადუროს დაცვას, დაზვერვასა და კონტრდაზვერვას სრულად აკონტროლებს კუბური "G2" სპეცსამსახური. კარაკასში მივლენილები არიან კუბაში გაწვრთნილი ზედამხედველები. მადურო არის კუბური კომუნიზმის პროდუქტი, რომელიც საკუთარი ქვეყნის რესურსებს ყველაზე კორუმპირებული რეჟიმების დასახმარებლად ანიავებს. აშშ კარაკასის მთავრობას ნარკოტერორიზმშიც ადანაშაულებს. ამერიკული უშიშროების განმარტებით, ეს არის ერთგვარი კარტელი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები. არსებობს ე.წ. "მზის კარტელი" (Cártel de los Soles), რომელსაც უმაღლესი სამხედრო ეშელონები მართავენ და რომელიც უზრუნველყოფს კოკაინის ტრანზიტს ევროპასა და აშშ-ში.

სახელმწიფო სტრუქტურები ემსახურება არა მოქალაქეებს, არამედ ნარკოტრაფიკის უსაფრთხოებას. ამ შავი ფულით კი ფინანსდებიან მადუროს მხარდამჭერი ძალები და სპეციალური პარამილიტარისტები - "ბოლივარული მილიცია". ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. კრემლისთვის ვენესუელა არის ინსტრუმენტი დასავლეთის დესტაბილიზაციისთვის. რუსეთი იქ აგზავნის სტრატეგიულ ბომბდამშენებს, სამხედრო მრჩევლებს ("ვაგნერის" ანალოგებს) და იარაღს, რათა შექმნას მუდმივი საფრთხის კერა რეგიონში.

პეკინისთვის მადურო არის იაფფასიანი ბენზინგასამართი სადგური და "სასარგებლო იდიოტი". ჩინეთს უზარმაზარი ფინანსური ინვესტიცია აქვს ჩადებული ვენესუელაში, რომელსაც კლანები ინაწილებენ და ხალხამდე არაფერი მიდის. სამაგიეროდ, ჩინეთი ყველა საჭირო რესურსს იღებს. მადუროს რეჟიმის ჩამოშლა იქნება ღია მუქარის სიგნალი ჩინეთისათვის, თუმცა როგორ იმოქმედებს ეს პეკინზე, ჯერ საკითხავია.

ვენესუელა იმ მცირერიცხოვან, მარგინალურ ქვეყნებს შორისაა (სირიასთან და ნაურუსთან ერთად), რომელმაც რუსეთის პირდაპირი დირექტივით აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. "დამოუკიდებლობა". სანამ მადურო ძალაუფლებაშია, კარაკასი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტერია. თუმცა, რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, აღიარების უკან წაღებაზე ჩვენ თავად უნდა ვიმუშაოთ, რადგან დიპლომატიური ზეწოლის გარეშე, ქაოსში მყოფ ახალ მთავრობას ჩვენთვის ნაკლებად ეცლება.

გიორგი კობერიძე

შიდა რეპრესიები, წამება და ოპოზიციის განადგურება მადუროს ხელწერაა. როდესაც ეკონომიკა ჩამოეშალა და ხალხი შიმშილის ზღვარზე მივიდა, მან კლასიკური დიქტატორის ხერხს მიმართა - საგარეო აგრესიას. გაიხსენა რა "ესეკიბოს" ნავთობით მდიდარი ტერიტორიული დავა მეზობელ გაიანასთან, მადურომ დაიწყო სამხედრო რიტორიკა და ანექსიის მუქარა, მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ნაციონალისტური გრძნობებით ემანიპულირებინა.

ყველაფერთან ერთად, ხაზი გავუსვათ ორი საუკუნის წინანდელ მონროს დოქტრინასაც, რომელიც აშშ-ს პოლიტიკაში ახლაც ცოცხალია. ვაშინგტონი თვლის, რომ მისი ძლიერების ჩამოშლის დასაწყისი ამერიკის კონტინენტზე უცხო, მტრული ძალების გამოჩენა იქნება, რომლებიც ღიად ანტიამერიკულ პოზიციას დაიჭერენ. მათ შესაჩერებლად კი ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს. ცხადია, სხვა ქვეყნები ყოველთვის არ ცნობენ ამ დოქტრინას, მაგრამ აშშ-ში მას კვლავ დიდი წონა აქვს.

არ უნდა დაგვავიწყდეს პიროვნული ფაქტორიც: მადუროს მხრიდან შეურაცხმყოფელი თავდასხმები აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის წინააღმდეგ უბრალოდ არ ქრება. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შემთხვევითი ფიგურა არ არის. მისი ოჯახი კუბიდან სწორედ იმ კომუნიზმს გამოიქცა, რასაც ახლა მადურო განასახიერებს.ზოგადად, რა იქნება ამ იერიშების საბოლოო შედეგი, რთული სათქმელია.

მხოლოდ დაბომბვები ჩამოშლის თუ არა რეჟიმს ან წაახალისებს თუ არა შიდა არეულობას, ნაადრევია ამის მტკიცება, რადგან მადუროს ბევრი ერთგული დაქირავებული მეომარი ჰყავს, მიუხედავად მის წინააღმდეგ მოსახლეობის შიგნით არსებული ზიზღისა. აშშ-ს მხრიდან სახმელეთო ძალების შეჭრის შემთხვევაში საგარეო მხარდაჭერაც შეიძლება იყოს ვენესუელას მხარდასაჭერად - იგივე კუბიდან, ხოლო ინსტრუქტორები რუსეთიდან და ჩინეთიდან. სავარაუდოდ, მას კოლუმბიელი ნარკოკარტელებიც მიეხმარებიან. სხვათა შორის, კოლუმბიის მოქმედი მთავრობაც მკვეთრად მემარცხენეა და რამდენად გაუხარდება მათ მეზობლად მადუროს რეჟიმის ჩამოშლა - საკითხავია. მაგრამ, რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით მადუროს წინააღმდეგ განწყობები მასობრივად ნეგატიურია. ამერიკელებიც, ერაყისაგან განსხვავებით შედარებით უკეთ იცნობენ რეგიონს.

შესაბამისად, ცვლილებების შემთხვევაში სიტუაციის დალაგების შანსი მეტი იქნება. ვენესუელა დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში ქვედა ეშელონებშია და 167 ქვეყნიდან 142-ე ადგილზეა (შედარებისთვის, რუსეთი 150-ე ადგილზეა). თუკი მადუროს რეჟიმი გადარჩა ეს აშშ-ს პოზიციებს ნამდვილად არ გააძლიერებს, ხოლო მადუროს მხრიდან საკუთარ ხალხზე ძალადობა მხოლოდ მოიმატებს" - წერს გიორგი კობერიძე.

წაიკითხეთ ასევე: