ვენესუელას ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელისუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ქვეყანას [ვენესუელას] ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელისუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ. არ გვინდა ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც ვიღაც სხვა მოვა [ვენესუელას] ხელისუფლებაში და იგივე ვითარება გვქონდეს, რაც აქამდე მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა…
მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა გვსურს ვენესუელას შესანიშნავი ხალხისთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
"რეალურად, ვვარაუდობდით, რომ მეორე ტალღა გახდებოდა საჭირო, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საჭირო არ იქნება. პირველი შეტევა ისეთი წარმატებული იყო, რომ ჩვენ, ალბათ, არ მოგვიწევს მეორეს განხორციელება", - განაცხადა ტრამპმა.
რაც შეეხება ვენესუელად პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს, ის ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს, - ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, მადურო წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცავი ორგანოების ავტომობილების კოლონით მიიყვანეს.
დაწესებულების გარეთ ხალხი შეიკრიბა, ბევრი მათგანი ვენესუელის დროშებს აფრიალებდა. მადუროს მომავალ კვირას მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.
სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, მადუროს "დროებით არ შეუძლია ფუნქციების განხორციელება“.
ვენესუელის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტის დროებითი ან აბსოლუტური არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა პირმა უნდა შეასრულოს.