ტრამპს ვენესუელაში ნავთობის მოპოვება სურს - რა მარაგს ფლობს ქვეყანა, რამდენად რეალისტურია აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა და ვინ მიიღებს ნედლეულს საბოლოოდ?

ტრამპს ვენესუელაში ნავთობის მოპოვება სურს - რა მარაგს ფლობს ქვეყანა, რამდენად რეალისტურია აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა და ვინ მიიღებს ნედლეულს საბოლოოდ?

აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რომელიც ქვეყნის ყოფილი ლიდერის, ნიკოლას მადუროს დასაკავებლად განხორციელდა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელას მოშლილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ამის შესახებ ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ვენესუელას მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი აქვს, თუმცა სანქციების, ძველი ინფრასტრუქტურისა და ცუდი მმართველობის გამო, წარმოების გამოწვევების წინაშე დგას.

ნავთობის ინდუსტრიის ასეთი რეკონსტრუქცია, როგორსაც ტრამპი ასახელებს, პრაქტიკულად უპრეცედენტო იქნებოდა, მაგრამ, Bloomberg-ის მიხედვით, ტრამპმა ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა უპასუხოდ დატოვა. მაგალითად:

  1. როგორ წარიმართება ხელისუფლების გადაცემა
  2. ვისთან ითანამშრომლებს აშშ
  3. რა პირობებში შეუძლიათ ამერიკულ ნავთობკომპანიებს ქვეყანაში დაბრუნება
  4. ვინ მიიღებს ვენესუელურ ნავთობს, თუ აშშ ინვესტიციას ჩადებს მრავალწლიანი სანქციებისა და ცუდი მენეჯმენტის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში.

ამავდროულად, ვენესუელა აცხადებს, რომ ტრამპს მისი ნავთობის ხელში ჩაგდება სურს.

  • აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, ვენესუელას 303 მილიარდი ბარელის ოდენობის ნავთობის უზარმაზარი მარაგი აქვს, რაც მსოფლიო მარაგის დაახლოებით მეხუთედია.

ანალიტიკოსები და ტრეიდერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს. ვენესუელას ნავთობის ინდუსტრიის აღსადგენად, კომპანიებს მოუწევთ ქვეყნის მიტოვებული ნავთობის ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არასათანადო მენეჯმენტის, კორუფციისა და არასაკმარისი ინვესტიციების გამო მინიმალურ სამუშაოს ეწეოდა.

აღსანიშნავია, რომ მილიონობით ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან, მათ შორის კვალიფიციური ნავთობმუშაკები, რომლებიც ამჟამად შეერთებულ შტატებში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში მუშაობენ.

  • ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ არსებული წარმოების სტაბილიზაციას რამდენიმე მილიარდი დოლარი დასჭირდება.

ნავთობის ბაზარი ასევე დაინტერესებულია, თუ რა მოხდება ვენესუელის ნავთობის მარაგებთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც აშშ-მ დეკემბრის შუა რიცხვებში ნავთობის გადამზიდავი გემების დაკავება დაიწყო.

ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის ბლოკადა ძალაში რჩება, თუმცა, უკვე ცხადია, რომ მას სურს, აშშ-ს მიერ მხარდაჭერილმა ადმინისტრაციამ აღადგინოს ქვეყნის ნავთობის ინდუსტრია და დააბრუნოს იგი მე-20 საუკუნის შუა პერიოდის მწვერვალზე, როდესაც ვენესუელა მსოფლიოში უდიდესი ექსპორტიორი და OPEC-ის დამფუძნებელი წევრი იყო.

შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დეტალების დაკონკრეტების გარეშე, განაცხადა, რომ ამერიკა ნავთობის "დიდ მოცულობას" მიჰყიდის როგორც არსებულ, ასევე ახალ კლიენტებს.

ტრამპმა პირობა დადო, რომ ვენესუელელებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც "უზრუნველყოფენ მათზე მზრუნველობას".

  • Kpler-ის მონაცემებით, ვენესუელა ამჟამად დღეში დაახლოებით 800 000 ბარელ ნავთობს აწარმოებს, რაც გლობალური წარმოების 1%-ზე ნაკლებია.

სანქციების მოხსნის შემთხვევაში, წარმოება შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში დღეში დაახლოებით 150 000 ბარელით გაიზარდოს, მაგრამ დღეში 2 მილიონ ბარელამდე ან მეტამდე დაბრუნებას "მასიური რეფორმები" და საერთაშორისო ნავთობკომპანიების მხრიდან მსხვილი ინვესტიციები დასჭირდება.

"ჩინურმა კომპანიებმა დიდი ინვესტიციები ჩადეს ვენესუელას ინფრასტრუქტურაში (ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები), ამიტომ ჩინური ინვესტიციებისა და ოპერატორების ქვეყნიდან გამორიცხვის მცდელობებს შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს", - განაცხადა ოქსფორდის ენერგეტიკის კვლევების ინსტიტუტში მომუშავე ჩინეთის ენერგეტიკული პროგრამის დირექტორმა, მიხალ მეიდანმა.

ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში უდიდესი ნავთობმწარმოებელი, ძირითადად მსუბუქ ნედლ ნავთობს აწარმოებს, რომელიც მხოლოდ ბენზინის წარმოებისთვისაა შესაფერისი. მძიმე, მჟავე ნედლი ნავთობი, ვენესუელური ნედლი ნავთობის მსგავსად, აუცილებელია გარკვეული რაფინირებული პროდუქტების წარმოებისთვის, მათ შორის დიზელის საწვავის, ასფალტის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სხვა მძიმე ტექნიკისთვის განკუთვნილი საწვავის წარმოებისთვის.

დიზელის საწვავი ამჟამად მსოფლიო მასშტაბით დეფიციტურია, ძირითადად ვენესუელას ნავთობზე დაწესებული სანქციების გამო. ვენესუელური ნავთობის გლობალურ ბაზარზე დაბრუნება განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს შეერთებული შტატებისთვის: ვენესუელა გეოგრაფიულად ახლოსაა და მისი ნავთობი შედარებით იაფია. აშშ-ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უმეტესობა ვენესუელადან მძიმე ნედლი ნავთობის გადასამუშავებლად აშენდა და ისინი მნიშვნელოვნად უფრო ეფექტურია ვენესუელური ნავთობის გამოყენებისას, ვიდრე ამერიკული ნავთობის.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

იხილეთ ასევე: