შეიძლება ითქვას, რომ გასული წელი საბედისწერო აღმოჩნდა "ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის: ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სუს-ის ექსუფროსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი და სხვა უწყებათა ყოფილი მაღალჩინოსნები, სხვადასხვა დროს ბიძინა ივანიშვილის შერჩეული გუნდის წევრები 2026 წელს ბრალდებულის სტატუსით შეხვდნენ, ზოგი საპატიმროში, ზოგიც ძებნილად. ყოფილი მაღალჩინოსნების ნაწილს ბრალი ედება კორუფციაში, ფულის გათეთრებაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და... ერთ-ერთი მათგანი ახლა უკვე მკვლელობის შეკვეთაშიც კია დადანაშაულებული - ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინეს "კანონიერი ქურდის" ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე. ეს ცნობილი გახდა გასული წლის 29 დეკემბერს, როდესაც სპეციალურ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია. მისი თქმით, ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა, სწორედ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. ყოფილ გენერალურ პროკურორს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე შეუფარდა. "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ფარცხალაძეზე შსს-ს განცხადებაში მოტივად მოყვანილი იყო ბიზნესუთანხმოება, ბუნებრივად იბადება კითხვა, რა ბიზნესზეა ლაპარაკი? ჩვენ ვიცით, რომ ერთი მხარეც და მეორეც ასოცირდება კრიმინალურ სისტემებთან, რასაც ხელისუფლებაც არ უარყოფს. მაშ, დაასახელონ რა ბიზნესზე მოუხდათ უთანხმოება? რა, სახინკლის წილები ვერ გაიყვეს? ხომ არა გვაქვს აქ საქმე ეკონომიკური საქმიანობის რუხ ზონასთან, მაგალითად, ნარკოტრეფიკთან, ქოლცენტრებთან, კონტრაბანდასთან ან რამე მსგავს უბედურებებთან?
ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიძლება ამ ტიპის კრიმინალური საქმიანობა ბიზნესად მიაჩნდეს. სისტემის მენტალური მანკიერებაა, როდესაც, მაგალითად, ქოლცენტრები ვიღაცას ბიზნესად მიაჩნდეს, რაც სინამდვილეში ძარცვაა.
მოკლედ, ეს არის კლანებს შორის დაწყებული წმინდა წყლის მაფიოზური ომი, რომელიც საქართველოში კონვერტირდა კონკრეტულ პოლიტიკაში. ამ ყველაფერში ჩათრეული არიან სახელმწიფო უწყებები, რომელთაც თავიანთი ინტერესები აქვთ. სად პოლიტიკაა, სად კრიმინალი და სად კორუფციული მამაძაღლობა, ვერ გაიგებ, რადგან ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი.
ამ ტიპის სისტემა ააშენეს, თან მისი ალგორითმი კოპირებულია რუსეთიდან. დიახ, საქართველოში რუსული მოდელის მმართველობითი სისტემა შენდება, რასაც თავისთავად უკავშირდება სუვერენული დემოკრატიის დამყარებას ერთი დომინანტური პარტიით და მისი სატელიტი ოპოზიციით. 2025 წელს ჩვენ ამ პროცესში ვიყავით, ხელისუფლების ერთადერთი ამოცანა იყო ძალაუფლებასთან პირდაპირ კავშირში არსებული ფულის გაკონტროლება და ამ ამოცანის შესასრულებლად ყველაფერი კეთდებოდა - იჭერდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც მაქსიმალურად ცდილობდნენ განსხვავებული აზრის შეზღუდვას და გაქრობას, ხუთავდნენ სამოქალაქო საზოგადოებას. პარალელურად მიდიოდა ცივილიზებული სამყაროს დემონიზაცია, რაც ირიბად იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას ორიენტაცია უკვე აღებული აქვს რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციისკენ. გასულ წელს ყველა მანკიერებაზე, რაც კი შეიძლება მომხდარიყო, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ხელი მოაწერა და ისეთი პირი უჩანს, რომ ხელისუფლება ამ აღებულ ტემპს გააგრძელებს 2026 წელსაც, თუმცა არის რამდენიმე მომენტო, კერძოდ, საერთაშორისო პოლიტიკა, ანუ რა პროცესები წავა მსოფლიოში და შიდაპარტიული დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში", რაც ძალიან არის გამწვავებული. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან არსებობდა სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ მეფის კარზე ერთადერთ მემკვიდრედ დარჩენას. ეს ბრძოლა ნაბიჯ-ნაბიჯ კრიმინალური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობდა. ჯანგველაძე-ფარცხალაძის ქეისიც კარგად ააშკარავებს ამ ბრძოლების სახეს. 2026 წელს, როგორც ჩანს, ეს პროცესები კვლავ გაგრძელდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ახდენს ბიძინა ივანიშვილის გარკვეულ სტერილიზაციას. მთავარი სტრატეგია არის ბიძინას ირგვლივ მათთვის ყველა პოტენციური საფრთხის განადგურება, ანუ მის ერთადერთ მემკვიდრედ დარჩენა. ახლა ბოროტი ბავშვი იბრძვის მდიდარი მამის მემკვიდრეობისთვის - კობახიძე მყავს მხედველობაში. კახა კალაძეს ის ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უფრო პარტნიორად მოიაზრებს, რა თქმა უნდა, მოთვინიერებულ და დამორჩილებულ პარტნიორად და არა თავისუფალ მოთამაშედ. ვიღაცას შეიძლება აქვს ილუზია, რომ კახა კალაძე თავისუფალი მოთამაშეა, მაგრამ ასე არ არის. მას იმდენი სისუსტე აქვს, რომ მისი ნეიტრალიზება და დამორჩილება პრობლემას არ წარმოადგენს.
ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ძალაუფლების კონტროლში. ახლა ცდილობენ მისი სისუსტეები გამოიყენონ და მას მანევრირების საშუალება მოუსპონ, შესაბამისად კი ნელ-ნელა შეავიწროონ მისი ძალაუფლება და შესაძლებლობები. მე არ მჯერა, რომ ამას მხოლოდ კობახიძე და მისი ჯგუფი აკეთებენ, ჩემი აზრით, ისინი ვიღაცის ხელში ინსტრუმენტები არიან ამ დიდ თამაშში. მე ვერ დავაკონკრეტებ, ეს ძალა კრემლში ზის, ტრანსნაციონალური კრიმინალია თუ ორივე ერთად, მაგრამ ფაქტია, სერიოზული ზურგის გარეშე ამ ყველაფერს კობახიძე და მისი რაზმი ვერ გაბედავდნენ. ივანიშვილი სულელი არ არის, რომ ვერ ხვდებოდეს, დღეს რა მდგომარეობაშია. იმასაც ვიტყვი, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კობახიძის წამოწყებული პროცესი ბოლომდე მივა. ივანიშვილს თავისი სვლა ჯერ არ გაუკეთებია. მე უკვე მალე, წლის დასაწყისშივე ველი მისგან გარკვეულ ნაბიჯებს ამ ყველაფრის პრევენციისთვის. წაიკითხეთ სრულად