ავტორი:

ისტორია, რომელმაც საქართველო შეძრა: თამუნა მუსერიძის ინტერვიუ 40 წლის შემდეგ ნაპოვნ მამასთან: "ეს ხალი... დედაჩემს ჰქონდა ზუსტად ასეთი.  შოკში ვიყავი რამდენიმე დღე"

ისტორია, რომელმაც საქართველო შეძრა: თამუნა მუსერიძის ინტერვიუ 40 წლის შემდეგ ნაპოვნ მამასთან: "ეს ხალი... დედაჩემს ჰქონდა ზუსტად ასეთი.  შოკში ვიყავი რამდენიმე დღე"

თამუნა მუსერიძის ისტორია, რომელსაც მთელი საქართველო 8 წლის განმავლობაში ადევნებდა თვალს, მაშინ დასრულდა როდესაც ბიოლოგიური მშობლები იპოვა. თუმცა როგორც თავად ამბობს, მამის რეალური გაცნობა ახლა იწყება. პოდკასტის „ვეძებ“ მორიგი ეპიზოდის სტუმარია გურგენ ხორავა - თამუნა მუსერიძის ბიოლოგიური მამა, რომელიც მან ხანგრძლივი და რთული ძიების შემდეგ იპოვა.

ამ ინტერვიუში მოისმენთ გულახდილ საუბარს იმ შოკზე, რაც 40 წლის შემდეგ შვილის არსებობის გაგებას ახლავს; გაიგებთ, რა მსგავსებას პოულობს მამა თამუნაში ერთი შეხედვით და რატომ მიაჩნია, რომ დაკარგული წლები ორივე მხარისთვის დიდი დანაკლისია...

გურგენ ხორავა:

- ჯარიდან რომ დავბრუნდი, სკოლაში ვმუშაობდი. ყველა გოგო მე მიყურებდა, როცა პიანინოსთან ვჯდებოდი. ჩემი მომავალი მეუღლე პედაგოგი იყო. მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და შავებით დადიოდა. სხვებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ საერთოდ არ მეპრანჭებოდა, მორცხვად იყო. ამით მიიქცია ჩემი ყურადღება. ნახევარ წელიწადში დავოჯახდით. ოჯახისთვის თავდადებული. შვილებზე, მითუმეტეს ჯაბაზე, ჭკუა ეკეტებოდა. მე არ ვუშვებდი ბაზარში, პროდუქტს ყოველთვის მე ვარჩევდი და მომქონდა. ოჯახის მიმართ ძალიან ერთგული ვიყავი.

თამუნა:

- რუსო (გურგენ ხორავას პირველი ქალიშვილი ავტ.) ამბობს, რომ ძალიან მკაცრი მამა იყავი...

გურგენი:

- მკაცრს არ ვიტყოდი... უბრალოდ, როცა ადამიანი არასწორად იქცევა, პირში ვეუბნები. რუსოს ჩაცმასთან დაკავშირებით მქონდა პრეტენზიები. კინოში გადაღებაზეც არ გავუშვი. მიმაჩნდა, რომ თუ სამედიცინოზე სწავლობდა, ის საქმე უნდა ეკეთებინა. ორივე კურდღლის დამჭერი ვერავინ გახდება.

თამუნა:

- მე რომ თქვენთან გავზრდილიყავი, მეც ასე მომექცეოდით?

გურგენი:

- არ ვიცი, გარემო ბევრს წყვეტს. შენც იმ 90-იანებში ხარ გაზრდილი. დღეს რომ გიყურებ, შრომისუნარიანობა ჩემი გაქვს. მაგრამ ის თვისებაც გამოგყვა, რაც ჩემში არ მომწონს - ფეთქებადი ხარ. მეც ასეთი ვარ, ოღონდ გულში ვიკლავ.

  • თამუნას პოვნა (40 წლის შემდეგ)

თამუნა:

- რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ გყავთ შვილი? ეჭვი გქონდათ მანამდე?

გურგენი:

- აზრზე არ ვიყავი, თუმცა გულში სულ მქონდა წინათგრძნობა, რომ სადღაც ჩემი ბავშვი არსებობდა. ოღონდ საქართველოში არ ველოდი. როცა ჯაბამ (შვილმა) დამირეკა და მითხრა "მამა, შენ კიდევ გყოლია შვილიო", - მეგონა მეღადავებოდა. "დამანებე თავი-მეთქი" და გავუთიშე. მერე ჩემმა ძმამ, ვახტანგმა დამირეკა - "მართალია, მოდიან შენთანო, მოემზადეო". შოკში ვიყავი, არ ვიცოდი, რა მექნა, რა ჩამეცვა. რადგან ვახტანგმა მითხრა, დავიჯერე, რა ვილაპარაკე არ მახსოვს, რას ვაკეთებდი, ისიც არ ვიცოდი. შოკი იყო, მაგრამ სასიხარულო შოკი იყო. როგორ შეიძლება შენს სისხლს და ხორცს უთხრა, არა ბატონო, რატომ მოხვედიო...

თამუნა:

- პირველად, რა დაინახეთ ჩემში?

გურგენი:

- გაკვირდებოდი მსგავსებაზე. ეს ხალი... დედაჩემს ჰქონდა ზუსტად ასეთი. მაშინვე ვთქვი - "ვსიო". შოკში ვიყავი რამდენიმე დღე. რომ მოდიოდნენ და მილოცავდნენ, რას ვპასუხობდი, ისიც არ მახსოვს.

თამუნა:

- დღევანდელი გადასახედიდან, მაშინ რომ გაგეგოთ ორსულობის შესახებ, რას იზამდით?

გურგენი:

- დღეს რომ გითხრა, ამას ვიზამდი-მეთქი, ბაქიაობა იქნება. არ ვიცი. მაგრამ ერთში ვარ დარწმუნებული - ჩემი მეუღლე ორივე ხელით დათანხმდებოდა შენს მიღებას. ნაწყენი ვარ, რომ 40 წელი დაგვაკლდა ორივეს...

  • ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ

თამუნა:

- მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რატომ აღარ დაოჯახდით?

გურგენი:

- 20 წელი გავიდა მას შემდეგ. ცოლმა სიკვდილის წინ მითხრა: "ჯაბას მიხედეო". მისი გარდაცვალების მერე 45 დღე ყველამ მიმატოვა, სახლში ვიჯექი გაუპარსავი, საშინელ მდგომარეობაში. მერე მეგობარმა გამომაფხიზლა. 140 ბავშვი ავიყვანე და ახალი ანსამბლი შევქმენი. დავრჩი იმ იმედით, რომ ჯაბა ცოლს მოიყვანდა. რაც აქ არის გაკეთებული, სულ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ავაშენე.

თამუნა:

- არ ნერვიულობთ უარყოფით კომენტარებზე?

გურგენი:

- მე ეს გადავლახე. იმდენი ჭორი მითხრეს, იმდენი რამ დამაბრალეს, მაგრამ პასუხი არავისთვის გამიცია. ღმერთს მივანდვე ყველაფერი. კაცი რომ ტირის, ეს ნიშნავს, რომ გულში იკლავს ყველაფერს და ესაა ჩვენი უბედურება.

თამუნა:

- ამ ინტერვიუს მერე რას იტყვის ხალხი?

გურგენი:

- ილაპარაკონ. მთავარი სიყვარულია. მტერი ყველას ჰყავს, ვინც რამეს აკეთებს. მოთმინებაა საჭირო.

წაიკითხეთ ასევე: