აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2026 წელი ვენესუელაში წარმატებული სპეცოპერაციით დაიწყო და ახლა უკვე ისევ გრენლანდიაზე საუბრით აგრძელებს. მანამდე კი ტრამპის ერთ-ერთი თანაშემწის, სტივენ მილერის მეუღლემ, კეიტი მილერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გრენლანდიის ამერიკის დროშის ფერებში გამოსახული რუკა, წარწერით: "მალე“.
"ჩვენ გრენლანდია გვჭირდება. ახლა ის ძალიან სტრატეგიულია. გრენლანდია ყველგან რუსული და ჩინური გემებითაა დაფარული. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება და დანია ამას ვერ შეძლებს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე. მისი თქმით, ევროკავშირს სჭირდება, რომ გრენლანდიაზე კონტროლი აშშ-მა დაამყაროს და მათ ეს იციან.

მას მალევე გამოეხმაურნენ დანიიდან - ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა შეწყვიტოს.
"აშშ-ის მიერ გრენლანდიის მიტაცების აუცილებლობაზე საუბარი აბსოლუტურად უაზროა. აშშ-ს არ აქვს უფლება, დანიის სამეფოს სამი ერიდან რომელიმეს ანექსია მოახდინოს“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.
მისი თქმით, დანია და შესაბამისად, გრენლანდია, ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება.
"მკაცრად მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირის და სხვა ქვეყნისა და სხვა ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ არ იყიდებიან“, - განაცხადა დანიის პრემიერმა.
კარგა ხანია, არქტიკა, მათ შორის გრენლანდიაც, საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების გადაკვეთის სივრცედ იქცა. თანდათან ამ ინტერესებს შორის ბრძოლა სულ უფრო მასშტაბური ხდება. ბუნებრივი რესურსები და სტრატეგიული სატრანსპორტო მარშრუტების პოტენციალი მას გლობალური ძალების ყურადღების ეპიცენტრში აქცევს.
გრენლანდია - მსოფლიოს უდიდესი კუნძული, დიდი ხანი შორეულ და იზოლირებულ ხმელეთად მიიჩნეოდა, რომელიც უფრო მეტად ცნობილი იყო განსაცვიფრებელი, ყინულით დაფარული ლანდშაფტებით, ვიდრე გეოპოლიტიკური მნიშვნელობით. თუმცა, როდესაც არქტიკა სამხედრო და ეკონომიკური კონკურენციის ახალ ასპარეზად იქცა, გრენლანდიის სტრატეგიული ღირებულება მკვეთრად გაიზარდა.
დანიის მოკრძალებული სამხედრო ყოფნიდან დაწყებული, რუსეთის არქტიკაში მილიტარიზაციითა და გრენლანდიის იშვიათი მიწების მინერალებით ჩინეთის მზარდი ინტერესით დამთავრებული, გლობალური ძალები სულ უფრო მეტად განიხილავენ კუნძულს, როგორც კრიტიკულ აქტივს არქტიკის რეგიონის კონტროლისთვის. შეერთებულმა შტატებმა, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით უკვე მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი კუნძულზე, დანიას გრენლანდიის სრული შესყიდვაც კი შესთავაზა... ტრამპმა გრენლანდიის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადისას დაიწყო და დანიისგან მისი ყიდვის სურვილიც პირველად იმჟამად გამოთქვა...
გრენლანდია - მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული ჩრდილოეთ ატლანტისა და ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეებს შორის, 60°-84°N განედებსა და 11°-74°W მერიდიანებს შორის მდებარეობს.

მას სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე; აღმოსავლეთიდან გრენლანდიის ზღვა; ჩრდილოეთიდან ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანე, ხოლო დასავლეთით ბაფინის ზღვა. უახლოესი ქვეყნებია დასავლეთით კანადა, ხოლო აღმოსავლეთით ისლანდია.
გეოგრაფიულად ის ჩრდილოეთ ამერიკას ეკუთვნის, თუმცა პოლიტიკურად დანიის სამეფოს ნაწილია. აღსანიშნავია, რომ 1386 წლიდან კუნძული ეკუთვნოდა ნორვეგიას, დანიის დაქვემდებარებაში კი 1814 წლიდან მოექცა. 1979 წელს დანიის პარლამენტმა გრენლანდიას ფართო ავტონომია მიანიჭა.
კუნძულის მთავარი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია ნუუკი (გოტჰობი).
გრენლანდიის ფართობი დაახლოებით 2,16 მილიონი კვადრატული კილომეტრია, რაც მას ევროპაზე ბევრ ქვეყანაზე დიდ ტერიტორიად აქცევს. კუნძულის დაახლოებით 80% მუდმივი ყინულითაა დაფარული, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალურ კლიმატურ პროცესებში.

2010 წლის ივლისის მონაცემებით, გრენლანდიის მოსახლეობა შეადგენდა 57 637 ადამიანს, რომელთაგანაც 88 % არიან ინუიტები (ესკიმოსები). დანარჩენ 12 %-ს შეადგენს ევროპული წარმომავლობის მაცხოვრებლები, ძირითადად დანიელები. მოსახლეობის უმეტესობა არის დანიური ლუთერანიზმის მიმდევარი. თითქმის ყველა გრენლანდიელი ცხოვრობს კუნძულის სამხრეთ-დასავლეთში, სადაც შედარებით რბილი კლიმატია. დედაქალაქში, დაახლოებით, 15 000 მოსახლე ცხოვრობს.

ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობა თევზჭერას, დანიის სუბსიდიებს და ნელ-ნელა განვითარებად ტურიზმს.
გრენლანდია მდიდარია სტრატეგიული რესურსებით:
კლიმატის დათბობის ფონზე ყინულის დნობა ამ რესურსებზე წვდომას ამარტივებს, რაც გრენლანდიას ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
გრენლანდია არქტიკის რეგიონში სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე მდებარეობს. აქ უკვე მოქმედებს აშშ-ის სამხედრო ბაზა - Thule Space Base, რომელიც სარაკეტო თავდაცვისა და კოსმოსური მონიტორინგის სისტემის ნაწილია.
არქტიკის დათბობასთან ერთად, იხსნება ახალი საზღვაო მარშრუტები, რაც აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს შორის კონკურენციას კიდევ უფრო ამწვავებს.
ჯერ კიდევ 2019 წელს, დონალდ ტრამპმა საჯაროდ გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-ს გრენლანდია შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა დანიამ კატეგორიულად უარყო, საკითხმა დიდი საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია.
დანიამ და გრენლანდიის ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადეს, რომ კუნძული არ იყიდება, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია ამ საკითხზე ლაპარაკს არ წყვეტს.
გრენლანდიას ოფიციალური ფასი არ აქვს და მისი გაყიდვა საერთაშორისო სამართლის მიხედვით პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუმცა ეკონომისტები და გეოპოლიტიკური ანალიტიკოსები პერიოდულად აკეთებენ შეფასებებს, რამდენად შეიძლება "ღირდეს“ მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული.
ისტორიული შედარებისთვის ხშირად მოჰყავთ ალასკის შეძენა, რომელიც აშშ-მ 1867 წელს რუსეთისგან 7.2 მილიონ დოლარად იყიდა (დღევანდელი ფასებით დაახლოებით 130-150 მილიონი დოლარი). ასევ იხსენებენ, რომ ჰარი ტრუმენი დანიას 100 მილიონ დოლარს სთავაზობდა ისევ და ისევ გრენლანდიის სანაცვლოდ. ინფლაციის გათვალისწინებითაც კი, დღეს ეს თანხა არათუ კუნძულს არამედ, მანჰეტენზე პრესტიჟულ სახლის შესაძენადაც კი არ იქნება საკმარისი.

სპეციალისტების შეფასებით, გრენლანდია იმავე ალასკაზე მრავალჯერ ძვირადღირებულია, როგორც ფართობით, ისე ბუნებრივი რესურსებითა და სტრატეგიული მდებარეობით.
კონსერვატიული შეფასებებით, რომლებიც ეფუძნება მოსახლეობის სიმცირეს, მკაცრ კლიმატს და ინფრასტრუქტურის სიძვირეს, გრენლანდიის ღირებულება შეიძლება 50-100 მილიარდ დოლარს შეადგენდეს, თუმცა თუ გათვალისწინებულია კუნძულის ქვეშ არსებული იშვიათი მიწიერი მეტალები, ნავთობისა და გაზის შესაძლო მარაგები, ურანი, ოქრო, ასევე არქტიკის დნობის შედეგად გახსნილი ახალი სავაჭრო მარშრუტები, შეფასებები მკვეთრად იზრდება - 300 მილიარდიდან 1 ტრილიონ დოლარამდე.
ამასთანავე, ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გრენლანდიის მთავარი ღირებულება ეკონომიკურ საზღვრებს სცდება. კუნძული წარმოადგენს სტრატეგიულ გასაღებს არქტიკისთვის, აკონტროლებს ჩრდილოეთ ატლანტიკის მნიშვნელოვან მარშრუტებს და მასზე მდებარეობს აშშ-ისა და ნატოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები. სწორედ ამიტომ ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ გრენლანდია არა უბრალოდ ძვირი, არამედ ფასდაუდებელი გეოპოლიტიკური აქტივია.