ქართული გვარების წარმომავლობისა და ისტორიის მიმართ ინტერესი ჩვენს მკითხველს მუდმივად აქვს. ამიტომ პერიოდულად გაწვდით ხოლმე სხვადასხვა დიდსა თუ მცირე ცნობა-ინფორმაციას ამა თუ იმ ქართული გვარის წარმოშობის შესახებ.
ბარათაშვილი - ფეოდალური საგვარეულო XV-XIX საუკუნეების საქართველოში. გვარის ფუძემდებელი იყო ბარათა ქაჩიბაიძე (ქაჩიბაძე), რომლის შვილები XV საუკუნის II ნახევრის მოღვაწეები, ჯერ კიდევ ქაჩიბაძის გვარს ატარებდნენ, მათი შთამომავლები კი XV საუკუნის ბოლოდან უკვე ბარათაშვილებად იწოდებიან. ბარათაშვილების სამფლობელო საბარათიანო XV საუკუნის ბოლოსათვის ძირითადად ალგეთის, ქციისა და მაშავერის ხეობებს მოიცავდა. მათ ეკუთვნოდათ ასობით სოფელი, ჰყავდათ დაახლოებით 250-300 აზნაური და 2500-3000 კომლი გლეხი. სამფლობელოს ცენტრი სამშვილდე იყო. ციხესიმაგრეები და სასახლეები ჰქონდათ აგრეთვე დმანისში, დარბასჭალაში, ტბისში, ენაგეთში და სხვა. მათი საგვარეულო მონასტრები და სასაფლაო იყო ფიტარეთისა და გუდარეხის მონასტრები, დმანისის ღვთისმშობლისა და სოფელ ქედის ეკლესიები.
ბარათაშვილები XVI-XVII საუკუნეებში ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა შორის ერთ-ერთი პირველნი იყვნენ და დიდ როლს ასრულებდნენ ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბარათაშვილების გვარის წარმომადგენლები იყვნენ მეწინავე სადროშოს - სომხით-საბარათიანოს სარდლები, მათ ხშირად ეჭირათ აგრეთვე სახლთუხუცესის, მდივანბეგებისა და სხვა სახელოები. XVI-XVII საუკუნეებში ბარათაშვილებს გამოეყვნენ და ცალკე ფეოდალურ საგვარეულოებად ჩამოყალიბდნენ გოსტაშაბიშვილები, გერმანოზიშვილები, ზურაბიშვილები, აბაშიშვილები, ორბელიშვილ-ყაფლანიშვილები, ფალავან-ხოსროშვილები, იარალიშვილები და იოთამიშვილები. თვით ბარათაშვილები XVII საუკუნის II ნახევრიდან დაქვეითდნენ და პირველობა ყაფლანიშვილებს დაუთმეს.
ბარათაშვილების საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ ბარათა ბარათაშვილი, მიხეილ ბარათაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, სულხან ბარათაშვილი და სხვები.
წყარო: გ. ჯამბურია, „ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიია“, თბ., 1955 წელი
ს. ჯანაშია „ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის“ შრომები, ტ. 2, თბ., 1952 წელი
გ.ჯამბურია, ქსე, ტ. 2, გვ. 198, თბ., 1977 წელი
ბოლქვაძე - ქართული ფეოდალური საგვარეულო, რომლის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ როგორც აჭარაში, ასევე იმერეთსა და გურიაში.
გადმოცემის თანახმად სისხლით ნათესავ ადამიანებზე იტყოდნენ ისეთი ძმები არიან, ბოლს ქვაზე ადენენო. ბოლქვაძეთა რიცხვმრავალი გვარი, ოდითგანვე ძირითადად, აჭარა-გურიაში კომპაქტურად ყოფილა დასახლებული. ზეპირ ქართულ ისტორიულ წყაროებში ბოლქვაძეები XVII საუკუნიდან ჩანან როგორც აზნაურები, გურიის სამთავროში, რომლებიც თავადი ბერიძეების ყმები იყვნენ. მამია II გურიელის შეწირულობის წიგნით ჩეხედანას ტაძრის სამსახური მოუდიოდათ აზნაურ ბოლქვაძეებს. 1761 წლის მამია IV გურიელის წყალობის, წიგნის მიხედვით „გადასახადებისგან გათავისუფლდნენ ჩეხედანელნი აზნაური ბოლქვაძეები, ვითარცა საჯვარისამო კაცნი და ქრისტეს საფლავის ყმანი“.
ოსმალეთის იმპერიის მიერ აჭარისა და ქვემო გურიის დაპყრობის შემდეგ ბოლქვაძეები როგორც თავად-აზნაურთა წოდების წარმომადგენლები შესაბამისი წოდებრივი მდგომარეობით სარგებლობდნენ. იწოდებოდნენ აღებად, ბეგებად და ინიშნებოდნენ სხვადასხვა წოდებრივ თანამდებობებზე - ყადებად, მუდირებად. გააჩნდათ სამემკვიდრეო მამულები. მათ ოსმალური ტრადიციით შერქმეული ჰქონდათ გვარები დაბოლოებით ოღლი, ანუ შვილი. მაგ.: ხულოში აზნაური-აღა ბოლქვაძეთა შორის იყო ღრმად განსწავლული პიროვნება, რომელიც თურქებმა ხულოს ყადად ანუ მსაჯულად დანიშნეს. მის შთამომავლებს კი უწოდეს თურქულად ყადი-ოღლები ანუ ქართულად მსაჯული-შვილები.
1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებაში აზნაურმა იოთამ ბოლქვაძემ მოკლა დამსჯელი რაზმის მეთაური პოლკოვნიკი პუზირევსკი. 1841 წლის გურიის აჯანყებას ხელმძღვანელობდა აზნაური აბესა ბოლქვაძე, რომელმაც გოგორეთის ბრძოლაში რუსთა ჯარი პოლკოვნიკ ბრუსილოვის მეთაურობით დაამარცხა. 1850 წლის 6 დეკემბრის რუსეთის იმპერატორის მიერ დამტკიცებულ იმერეთისა და გურიის თავად აზნაურთა სიაში ბოლქვაძეთა გვარს თავისი ადგილი უჭირავს, როგორც გურიაში, ასევე იმერეთშიც. სამეგრელოსა და იმერეთის ბოლქვაძეები, აჭარიდან არიან მიგრირებულნი.
XIX საუკუნის 40-იანი წლების აღწერის მასალების მიხედვით, ბოლქვაძეები იმერელი ნეფარიშვილის შინამოსამსახურეები იყვნენ. საბატონო გლეხები იყვნენ საჯავახოში, სახელმწიფო გლეხები - ყუმურში, ღანირში კი სათავადო აზნაურები.
ბოლქვაძე მკვიდრობდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში. ბოლქვაძეები, როგორც აზნაურები, შეტანილნი არიან 1850 წლის 6 დეკემბერს რუსეთში შედგენილ „ხავერდის წიგნში“.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მისი გაუაზრებელი პოლიტიკისა და მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ აჭარის მთის მკვიდრთა შეიარაღებულ აჯანყებას 1929 წელს ალისულთან ბოლქვაძე მეთაურობდა. აჯანყების ჩასახშობად შინაგანი ჯარის თანხლებით, ხულოში ჩამოვიდა ლავრენტი ბერია. აჯანყებულებმა სოფელ სხალთაში გადაინაცვლეს. მათთან მოსალაპარაკებლად ბერიამ დიდი ავტორიტეტის მქონე ძმები იუნუს-აღა ბოლქვაძე და აღალი-აღა ბოლქვაძე-ყადიოღლი გაგზავნა, თუმცა უშედეგოდ. აჯანყებულებმა თან გაიყოლეს იუნუს-აღა და აღალი ბოლქვაძეები და დროებით თურქეთს შეაფარეს თავი, მთავრობამ სისხლში ჩაახშო ამბოხი. აჯანყებულები სიტუაციის დამშვიდების შემდეგ უკან დაბრუნდნენ. თავად ალისულთან ბოლქვაძე კი 1979 წელს გარდაიცვალა სტამბოლში და იქვეა დაკრძალული. მთავრობამ აჯანყებულების მხარდაჭერა არ აპატია და მოგვიანებით სამივე ძმა აღალი-აღა ბოლქვაძე, იუნუს-აღა ბოლქვაძე და დურსუნ-აღა ბოლქვაძე დაპატიმრა და გადაასახლა.
2006 წლის 8 იანვარს ბათუმში დაარსდა ბოლქვაძეთა საგვარეულო კავშირი, რომელიც აერთიანებს გვარის წარმომადგენლებს მოქალაქეობისა და აღმსარებლობის განურჩევლად.
წყარო: სულიკო ლომჯარია, „სოფელო ჩემო“ გვ.316-317 - თბილისი, „მერიდიანი“, 2012 წ.
ენვერ ბოლქვაძე, „ბოლქვაძეების (ყადიოღლების) გვარის გენეალოგია“, ბათუმი, 1998 წ.
ნიაზ ბოლქვაძე „ბოლქვაძენი,“ ბათუმი 2006 წ.
ცნობილია XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან. თავდაპირველად თავადები იყვნენ, თუმცა XVII საუკუნეში დამცრობილან და სახასო აზნაურებად ჩანან. XV საუკუნემდე ფლობდნენ სოფელ თხინვალს, რომელიც 1466 წელს მეფე კონსტანიტნემ ჯავახიშვილებს უწყალობა. XVIII საუკუნეში დაახლოებული იყვნენ სამეფო კართან, მემკვიდრეობით ფლობდნენ ბაზიერთუხუცესის სახელოს, მამულს თბილისში, ვერეზე (გაბაანთხევი), ასევე ლურჯ მონასტერს.
XVIII საუკუნეში ამ საგვარეულოდან იყო ქართული კულტურის რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელი, მათ შორის, პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე ბესიკი.
წყარო: გიორგი ლეონიძე „გაბაშვილები“. ლიტერატურის მატიანე, წიგნი 3-4. თბილისი, 1942 (რეპროდუქციული გამოცემა, 2009)
ია გაჩეჩილაძე, „გაბაშვილები“, პროექტი „ქართული ხელნაწერი“ (ელექტრონული ენციკლოპედია).
იხილეთ ასევე: