ავტორი:

მევიოლინე უილ სმიტს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის - სკანდალური საქმის დეტალები

მევიოლინე უილ სმიტს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის - სკანდალური საქმის დეტალები

მევიოლინემ, რომელიც უილ სმიტთან ერთად ტურნეში მონაწილეობდა, მსახიობისა და ერთ-ერთი მენეჯმენტ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის მათ შურისძიებაში, სექსუალურ შევიწროებასა და უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლოში სამშაბათს შეტანილი სარჩელის მიხედვით, მევიოლინე ბრაიან კინგ ჯოზეფი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან პოლიციას სასტუმროს ნომერში შესაძლო უკანონო შეღწევის შესახებ შეატყობინა. ბრაიანის თქმით მისი არყოფნის დროს ნომერში სხვადასხვა ნივთი, მათ შორის მისთვის მიწერილი ბარათი იყო დატოვებული.

  • სარჩელში ნათქვამია, რომ ტურნემდე და ტურნის მიმდინარეობისას ჯოზეფსა და სმიტს შორის ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. “შენთან განსაკუთრებული კავშირი მაქვს, ისეთი, როგორიც სხვასთან არავისთან,“ - განუცხადა ერთხელ სმიტმა ჯოზეფს.

საქმე ძირითადად 2025 წლის მარტში ლას-ვეგასში მომხდარ ინციდენტს ეხება. სარჩელის თანახმად, ვიღაც “უკანონოდ“ შევიდა ჯოზეფის სასტუმროს ნომერში და იქ სველი ხელსახოცები, ლუდის ბოთლი, ზურგჩანთა, აივ-ის სამკურნალო მედიკამენტის ბოთლი, საავადმყოფოდან გაწერის დოკუმენტები სხვა, მისთვის უცნობი ადამიანის სახელით შედგენილი ბარათი დატოვა შემდეგი ტექსტით: “ბრაიან, დავბრუნდები არაუგვიანეს 5:30-ისა, მხოლოდ ჩვენ ორნი (დახატული გული), სტოუნ ფ.“

მევიოლინე ბრაიან კინგ ჯოზეფი სცენაზე გამოსვლისას - 2025 წელი

უცნობი პირის დაბრუნებისა და “სექსუალურ ქმედებებში ჩართვის“ შიშით, კინგ ჯოზეფმა სასტუმროს დაცვას და სმიტის წარმომადგენლებს აცნობა, გადაიღო ნივთების ფოტოები და ნომრის შეცვლა მოითხოვა. მოგვიანებით კი პოლიციას დაუკავშირდა და ინციდენტის შესახებ შეატყობინა. მომჩივნის განცხადებით ნომერზე წვდომა მხოლოდ იმ მენეჯმენტ გუნდს ჰქონდა, რომელმაც მისი ოთახი დაჯავშნა.

  • სარჩელში აღნიშნულია, რომ ინციდენტის გამოძიების ნაცვლად, ტურნის მენეჯმენტმა ჯოზეფს აქეთ დასდო ბრალი და სამსახურიდან გაათავისუფლა. მას უთხრეს, რომ ტური “სხვა მიმართულებით მიდიოდა“, თუმცა მალევე მის ნაცვლად სხვა მევიოლინე დაიქირავეს.

ჯოზეფი თვლის, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაში სმიტიც იყო ჩართული და ამტკიცებს, რომ მას „განზრახ, შემდგომი სექსუალური ექსპლუატაციისთვის“ ამზადებდნენ.

უილ სმიტის ადვოკატი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს რომ ”ყველა ხელმისაწვდომი სამართლებრივი საშუალება იქნება გამოყენებული რათა ამ პრეტენზიებს პასუხი გაეცეს და სიმართლე გამოაშკარავდეს.“

წყარო