ნიუ-იორკში ნიკოლას მადუროს სასამართლო პროცესი დაიწყო. Reuters-ი სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დეტალებზე წერს.
ვენესუელის ყოფილმა პირველმა პირმა დუმილი დაარღვია. როგორც მან სასამართლოზე განაცხადა, თავს უდანაშაულოდ ცნობს.
თავი უდანაშაულოდ ცნო მადუროს მეუღლე სილია ფლორესმაც.
„სრულიად უდანაშაულო ვარ“, - აღნიშნა სილია ფლორესმა.
მადურო მთელი მოსმენის განმავლობაში ჩანაწერებს აკეთებდა და მოსამართლე ალვინ ჰელერსტეინს სთხოვა, რომ მათი შენახვის უფლება მიეცა. ჰელერსტეინმა განაცხადა, რომ მას ამის უფლება ჰქონდა და პროკურორმა დაადასტურა, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენდა.
ჰელერსტეინმა მადუროს და მის მეუღლეს აცნობა მათი უფლების შესახებ, რომ შეუძლიათ ვენესუელის საკონსულოს დაკავების შესახებ აცნობონ. მადურომ და ფლორესმა დაადასტურეს, რომ მათ საკონსულოში ვიზიტი სურდათ.
ნიკოლას მადუროს ბრალად ნარკოტერორიზმი, ნარკოტრეფიკინგი, ასევე, იარაღის ფლობა ედება.
პროცესზე მადუროს Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ადვოკატი, ბარი პოლაკი წარმოადგენს.
სასამართლოს წინ მადუროს როგორც მხარდამჭერები, ასევე, მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი.
პირველი მოსმენა დასრულდა. სასამართლო სხდომა დაახლოებით ნახევარი საათით გაგრძელდა.
შემდეგი მოსმენა 17 მარტს ჩაინიშნა.
ნიკოლას მადუროს ადვოკატმა ვენესუელის პირველი პირის დაპატიმრებას „სამხედრო გატაცებად“ შეაფასა. ადვოკატ ბარი პოლაკის განცხადებით “მადუროს „სამხედრო გატაცებასთან“ დაკავშირებით მოცულობით და რთულ სასამართლო პროცესს ელოდება“.
მან თქვა, რომ მისი კლიენტი ამჟამად გათავისუფლებას არ ითხოვს, მაგრამ იტოვებს უფლებას, ეს მოგვიანებით გააკეთოს. ხოლო მადუროს მეუღლის ადვოკატმა მარკ დონელიმ განაცხადა, რომ სილია ფლორესმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო, მათ შორის აღენიშნება ნეკნებზე ძლიერი სისხლჩაქცევები და მოითხოვა მისთვის რენტგენის გადაღება.