ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია - "ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“ - და მის მედია ქსელ HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.


ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, გარკვეულ მომენტში ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყეს, განსაკუთრებით მცირე დასახლებულ პუნქტებში გამართული აქციების დროს.
ამ ქმედებებმა პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია დიდ ქალაქებში, მათ შორის მაშჰედსა და დედაქალაქ თეირანში. დემონსტრაციებს ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე, 17 უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. უსაფრთხოების ძალებმა კამპუსების დარბევა დაიწყეს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლომ 5 იანვარს განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების მიმართ არანაირ შეწყნარებას არ გამოავლენენ.