ავტორი:

რამზან კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა - რას უკავშირდება შვილების დაჩქარებული დაწინაურება?

რამზან კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა - რას უკავშირდება შვილების დაჩქარებული დაწინაურება?

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა თავისი უფროსი ვაჟი, 20 წლის ახმატ კადიროვი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ამის შესახებ კადიროვმა საკუთარ "ტელეგრამ-არხზე" განაცხადა.

ახალი თანამდებობის პარალელურად, ახმატ კადიროვი შეინარჩუნებს ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს, რომელიც მან 2024 წლის მაისში დაიკავა. მანამდე ის ოთხი თვის განმავლობაში ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიც იყო.

კადიროვის კლანის გავლენები

ხელისუფლებაში კადიროვის სხვა შვილებიც მაღალ პოზიციებს იკავებენ:

ზელიმხან კადიროვი (მეორე ვაჟი): 2024 წელს სათავეში ჩაუდგა ჩეჩნურ საბრძოლო კლუბ "ახმატსა" და კრივის ფედერაციას.

ადამ კადიროვი (მესამე ვაჟი): 2025 წელს რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა.

გამოცემა "პროექტის" მონაცემებით, ჩეჩნეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში რამზან კადიროვის სულ მცირე 96 ნათესავია დასაქმებული, მათ შორის მისი 14 შვილიდან შვიდი.

ხმები ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ

ბოლო წლებში მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია კადიროვის მძიმე ავადმყოფობის შესახებ. "ნოვაია გაზეტა ევროპა" წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს ჩეჩნეთის ლიდერს პანკრეასის ნეკროზის დიაგნოზი დაუსვეს. თავად კადიროვი ჯანმრთელობის პრობლემებს კატეგორიულად უარყოფს.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შვილების დაჩქარებული დაწინაურება სახელმწიფო სტრუქტურებში შესაძლოა სწორედ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ძალაუფლების გადაბარების მომზადებას უკავშირდებოდეს.

წაიკითხეთ ასევე: