ავტორი:

"არავის სძინავს, ვენესუელა თავისუფალია!" - როგორ ეხმაურებიან  ვენესუელური ტელენოველების ვარსკვლავები მადუროს დაკავებას

"არავის სძინავს, ვენესუელა თავისუფალია!" - როგორ ეხმაურებიან  ვენესუელური ტელენოველების ვარსკვლავები მადუროს დაკავებას

ვენესუელაში განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა - აშშ-ის სპეცოპერაციამ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებამ - მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. გამონაკლისი არც ვენესუელელი ვარსკვლავები არიან, რომლებსაც ქართველი მაყურებელი წლებია იცნობს და გულშემატკივრობს.

საკუთარ სამშობლოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით გამოეხმაურნენ ლეგენდარული სერიალების, „კასანდრასა“ და „პრისიონერას“ ვარსკვლავები.

გაბრიელა სპანიკი: "თავისუფლება პოლიტიკური იარლიყი არ არის“

სერიალ "პრისიონერას" ვარსკვლავმა, გაბრიელა სპანიკმა, რომელიც საქართველოში კარგად იცნობენ, სოციალურ ქსელ X-ში ვრცელი და ემოციური მიმართვა გაავრცელა. მსახიობი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის თავისუფლების სურვილს პარტიული კუთვნილება არ სჭირდება.

"იმისთვის, რომ ვენესუელას თავისუფლება უსურვო, პოლიტიკური პარტიის წევრობა არ არის საჭირო. თავისუფლება ადამიანური ღირებულებაა და არა იდეოლოგიური იარლიყი. სურვილი იმისა, რომ ხალხი ღირსეულად ცხოვრობდეს, გამოხატავდეს აზრს შიშის გარეშე, ირჩევდეს მმართველებს, მუშაობდეს და ჰქონდეს ხვალინდელი დღის იმედი - ეს არც მემარჯვენეობაა და არც მემარცხენეობა, ეს უბრალოდ ადამიანობაა“, - წერს სპანიკი.

მსახიობმა აღნიშნა, რომ მილიონობით ვენესუელელი წლებია ცენზურის, რეპრესიებისა და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე ცხოვრობდა. მისი თქმით, დემოკრატია და ადამიანის უფლებები არა პრივილეგია, არამედ საყოველთაო უფლება უნდა იყოს.

კორაიმა ტორესი: „არავის სძინავს, ვენესუელა!“

არანაკლებ ემოციური იყო „კასანდრას“ ვარსკვლავი, კორაიმა ტორესი. მან ინსტაგრამზე სამშობლოს მხარდასაჭერად რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

"არავის სძინავს, ვენესუელა!“ - დაწერა ტორესმა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია კარაკასში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისა და ნიკოლას მადუროს ნიუ-იორკში გადაყვანის შესახებ. მოგვიანებით მსახიობმა გააზიარა ფოტო, სადაც ვენესუელის დროშის ფერებში გადაწყვეტილ მაისურზე მთავარი გზავნილი ეწერა: "VENEZUELA LIBRE" (თავისუფალი ვენესუელა).

რა ხდება ვენესუელაში?

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 3 იანვარს, აშშ-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით ვენესუელაში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია განახორციელა. სულ რაღაც 30 წუთში ამერიკელმა სამხედროებმა ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაკავება შეძლეს. ამჟამად მადურო ნიუ-იორკის შტატში, სტიუარტის საჰაერო ბაზაზე იმყოფება და მას სასამართლო პროცესი ელოდება.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ დროებით აიღებს ქვეყნის მართვის სადავეებს, სანამ „უსაფრთხო და გონივრული გარდამავალი პერიოდი“ არ დასრულდება, რათა თავიდან აიცილონ ძალაუფლების ხელში ჩაგდება სხვა დიქტატორული ძალების მიერ.

წაიკითხეთ ასევე: