ჰოლოკოსტის გადარჩენილი მოზარდი, ანა ფრანკის ნახევარდა და უფლებადამცველი ევა შლოსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფომაცია მისმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გაავრცელა.
„ევა შესანიშნავი ქალი იყო: აუშვიცს გადარჩენილი, ჰოლოკოსტის შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი ერთგული და მშვიდობისთვის დაუღალავი მოღვაწე“, - ნათქვამია Anne Frank Trust UK-ის განცხადებაში, რომლის თანადამფუძნებელიც შლოსი იყო.
„მე და ჩემი მეუღლე ღრმად ვართ დამწუხრებულები ევა შლოსის გარდაცვალებით. წარმოუდგენელია ის საშინელებები, რაც მან სიყმაწვილეში გადაიტანა, თუმცა დარჩენილი ცხოვრება სიძულვილისა და ცრურწმენების დაძლევას და სიკეთის ხელშეწყობას მიუძღვნა“, - აღნიშნულია ბრიტანეტის მეფის სამძიმრის წერილში.
ევა შლოსი 1929 წელს ვენაში დაიბადა და, ფრანკის ოჯახის მსგავსად, მისი ოჯახიც ნიდერლანდებში გაექცა ნაცისტურ რეჟიმს.
ანა ფრანკისა და შლოსის ოჯახები ამსტერდამში ხვდებოდნენ ერთმანეთს. გოგონები ხანდახან ერთად თამაშობდნენ, თუმცა შლოსი იხსენებდა, რომ ისინი განსაკუთრებით ახლოს არ იყვნენ.
„მე ტომბოი ვიყავი, ის კი ბევრად უფრო დახვეწილი. ჩვენ უბრალოდ ერთნაირი ინტერესები არ გვქონდა“, - განუცხადა შლოსმა Guardian-ს 2013 წელს.
შლოსის მამა, ერიხ გეირინგერი და მისი უფროსი ძმა, ჰაინცი, იქ მოკლეს. ოჯახიდან მხოლოდ ევა და დედა გადარჩნენ.
ომის შემდეგ, ევას დედა ხელახლა დაუკავშირდა ანას მამას - ოტო ფრანკს, რომელმაც ჰოლოკოსტში ცოლი და ორი ქალიშვილი დაკარგა. ისინი დაქორწინდნენ, რის შედეგადაც შლოსი ანა ფრანკის სიკვდილის შემდეგ, მისი ნახევარდა გახდა.
შლოსი ლონდონში დასახლდა, სადაც ის შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს და სამი ქალიშვილი გააჩინა.
მხოლოდ 1988 წელს, ლონდონში, ანა ფრანკისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნის შემდეგ, დაიწყო მან საჯაროდ საუბარი აუშვიცში გავლილ წარმოუდგენელ საშინელებებზე.
იხილეთ ასევე: