ავტორი:

"როცა რომანი დაეცა, მისი ფეხები აღარ მემორჩილებოდა" - ჩუტყვავილას გართულებამ 4 წლის ბრიტანელი ბიჭუნას ცხოვრება შეცვალა: დედის გაფრთხილებამ ინტერნეტი შეძრა

"როცა რომანი დაეცა, მისი ფეხები აღარ მემორჩილებოდა" - ჩუტყვავილას გართულებამ 4 წლის ბრიტანელი ბიჭუნას ცხოვრება შეცვალა: დედის გაფრთხილებამ ინტერნეტი შეძრა

რომან უიდონი ჩვეულებრივი, მხიარული და ფეხბურთზე შეყვარებული ოთხი წლის ბრიტანელი ბიჭუნა იყო, რომელიც სკოლაში ახალი შესული გახლდათ. "ის ძალიან კომუნიკაბელური იყო, ადვილად იძენდა მეგობრებს და კარგად უმკლავდებოდა პირველ ნაბიჯებს კითხვასა და მათემატიკაში", - იხსენებს dailymail-თან საუბარში ბიჭის დედა, 30 წლის მოლი. თუმცა, 2022 წლის მარტში მომხდარმა შემთხვევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

"თავიდან არ შეგვშინებია" – როგორ იქცა უწყინარი დაავადება კოშმარად

როდესაც რომანს ჩუტყვავილა დაეწყო, ოჯახი მშვიდად იყო. რამდენიმე გამონაყარი სახესა და ზურგზე – ეს ხომ ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს? მშობლები მხოლოდ ტემპერატურის დამწევ საშუალებებს იყენებდნენ. თუმცა, რამდენიმე დღეში ბიჭუნას მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა: სიცხემ 40 გრადუსს მიაღწია.

ექიმთან პირველი ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა – მათ უთხრეს, რომ ეს ჩვეულებრივი ჩუტყვავილა იყო და სახლში მკურნალობა გაეგრძელებინათ. იმავე ღამეს მოლის შვილის ყვირილი და იატაკზე დაცემის ხმა შემოესმა. ბიჭუნა სააბაზანოს იატაკზე იწვა.

"მისი წამოყენება ვცადე, მაგრამ ფეხები უბრალოდ წაერთვა. ჩემმა ქმარმა, ბრედლიმ, ის ხელში აყვანილი დააბრუნა საწოლში, თუმცა მალევე დაეწყო გაუჩერებელი ღებინება, რომელიც მთელი ღამე გაგრძელდა. მსგავსი არაფერი მინახავს", - ამბობს მოლი.

იშვიათი და ვერაგი დიაგნოზი: ენცეფალიტი

საავადმყოფოში გადაყვანილ რომანს გონება ერეოდა, იყო აგრესიული და დეზორიენტირებული. თავდაპირველად ექიმები ბაქტერიულ მენინგიტს ეჭვობდნენ, თუმცა ანტიბიოტიკებმა შედეგი არ გამოიღო. მხოლოდ მეორე დღეს დაისვა სწორი დიაგნოზი: ენცეფალიტი – ტვინის ანთება და შეშუპება.

სტატისტიკის მიხედვით, ენცეფალიტის შემთხვევების 10-20% ფატალურად სრულდება, გადარჩენილთა უმეტესობას კი მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება სხვადასხვა სახის შეზღუდვა. რომანის შემთხვევაში ეს იყო ინფექციური ენცეფალიტი, რომელიც გამოწვეული იყო ჩუტყვავილას ვირუსით (VZV).

როგორ აზიანებს ჩუტყვავილა ტვინს?

ბევრმა არ იცის, რომ ჩუტყვავილას ვირუსი ორგანიზმში ცხვირიდან და ყელიდან აღწევს, ხვდება სისხლში და გარდა კანისა, შეუძლია ნერვული სისტემის დაზიანებაც. პროფესორი ბენედიქტ მაიკლი განმარტავს: "ვირუსს შეუძლია პირდაპირ დააზიანოს ტვინის უჯრედები ან იმოქმედოს სისხლძარღვებზე, რომლებიც კვებავენ ტვინს, გამოიწვიოს მათი დახშობა და უჯრედების სიკვდილი".

ენცეფალიტი ჩუტყვავილათი დაავადებული ყოველი 5,000 ბავშვიდან ერთს უვითარდება. გარდა ამისა, არსებობს სეფსისის რისკიც, თუ გამონაყარის ქავილის შედეგად ჭრილობაში ბაქტერია შეიჭრება.

გზა რეაბილიტაციისკენ და სამუდამო კვალი

რომანმა საავადმყოფოში სამი კვირა გაატარა. ის იმდენად დასუსტდა, რომ "საკუთარ ჩრდილს ჰგავდა". ტვინის დაზიანების გამო მან დაკარგა წონასწორობის უნარი, ვეღარ იჭერდა ფანქარს და დამოუკიდებლად ვეღარ იცვამდა. დასჭირდა სავარძელი და თვეების განმავლობაში ინტენსიური ფიზიოთერაპია, რათა ფეხზე ხელახლა დამდგარიყო.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს 8 წლის რომანი ისევ თამაშობს ფეხბურთს, გართულებებმა კვალი მაინც დატოვა:

ის ხშირად არის იმპულსური (მაგალითად, შეიძლება მოულოდნელად გზაზე გადაირბინოს);აქვს მეხსიერების პრობლემები; აწუხებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.დედის მთავარი სათქმელი: "ნუ იქნებით გულუბრყვილოები"

მოლისა და ბრედლის სურთ, რომ სხვა მშობლებმაც იცოდნენ საფრთხის შესახებ. ბევრ ქვეყანაში ჩუტყვავილას ვაქცინა უკვე სავალდებულო კალენდარშია და ის კომბინირებული MMRV აცრის (წითელა, წითურა, ყბაყურა, ჩუტყვავილა) ნაწილია.

"ადრე მეგონა, რომ ჩუტყვავილა მხოლოდ კანის დაავადება იყო. ახლა ვიცი, რომ აცრას შეუძლია სხვა ოჯახები ამ საშინელი ტკივილისგან დაიცვას. ნუ დაუშვებთ ჩემს შეცდომას", - დასძენს მოლი.

სიმპტომები, რომლებზეც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო:

  • ძლიერი თავის ტკივილი და კისრის დაჭიმულობა;
  • გონების არევა, ძილიანობა ან უჩვეულო აგრესია;
  • კრუნჩხვები;
  • სიარულის მანერის შეცვლა ან წონასწორობის დაკარგვა.