შობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული და ძველი ხალხური რიტუალებით, სიმბოლოებითა და ოჯახური წეს-ჩვეულებებით გაჯერებული დღეა. მათ შორის ერთ-ერთ რიტუალი გურული ღვეზელის - იგივე საშობაო ღვეზელის გამოცხობის ტრადიციაა. როგორც სახელიდან ჩანს, ეს ტრადიცია გურიიდან იღებს სათავეს, თუმცა დღეს უკვე საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც აცხობენ შობის დღესასწაულისთვის.
საშობაო ღვეზელი ოჯახის თითოეული წევრისთვის პერსონალურად ცხვებოდა, ყველაზე დიდი ფორმის კი ოჯახის უფროსისთვის იყო განკუთვნილი. ბავშვებისათვის პატარა ზომისას ამზადებდნენ. ასევე ცხვებოდა ერთი განსხვავებული, მოზრდილი ფორმის ღვეზელი, რომელშიც ყველაზე ბევრი კვერცხი იდო. ის, ტრადიციულად, სუფრის შუაგულში იდებოდა, მასზე სანთელს ანთებდნენ და სწამდათ, რომ ეს ოჯახის ბარაქისა და კეთილდღეობისათვის კეთდებოდა. ქალი, რომელიც ცომს ზელდა, თან ლოცვას ამბობდა და ბოლოს გამოსაცხობად დალაგებულ ღვეზელებზე ცომით პატარა ჯვრებს ასვამდა. საშობაო ღვეზელი უსათუოდ ნახევარმთვარის ფორმის უნდა ყოფილიყო. გადმოცემის თანახმად, ეს - ციური სხეულების, ხოლო კვერცხი ნაყოფიერების, ხვავისა და ბარაქის სიმბოლოა.
ეთნოგრაფების აზრით, ღვეზელი წარმართული ტრადიციების ნაშთსაც ატარებს, რომელიც მოგვიანებით ქრისტიანულ შობას შეერწყა.

საშობაო ღვეზელს გურიაში "მუცლის სალოცავსაც" ეძახიან. თურმე ღვეზელს დედა შვილებს მუცელზე შემოატარებდა და ლოცავდა: "შენი მუცლის სატკივარი აღმა ქარს, დაბლა წყალსო".
ეს ღვეზელი ოჯახის ჯანმრთელობისა და სიმტკიცის სიმბოლოც იყო, მისი გადაგდება არ შეიძლებოდა.
მისი მომზადებისას ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი კი უკვე მოხარშული კვერცხის შებოლვა იყო.
გთავაზობთ ამონარიდს გრიგოლ იმნაშვილის "გურული დიალექტიდან"( ჩაწერის ადგილი - გონებისკარი, საქართველო/გურია, ჩაწერის წელი - 1962):
"საშობოთ დავკლიდით ორ-სამ ქათამს, გამუაცხობდით მუცლის სალოცავს და ღვიძელს. მუცლის სალოცავის კვერცხს და საღვიძილე კვერცხს სამი-ოთხი დღით ადრე მოვხარჩავდით, გავარჩევდით და ჩავდობდით პაწა კალათაში. ამ კალათას ჩამოვკიდებდით ოჯანჯალაზე, ქვეშ ცეცხლი ენთო და ფუთში გახმებოდა სამ დღეში. რომ გახმებოდა, ჩამევიღებდით. მოვზელდით პურის ქფილს და პაწას წამუაღუებდით. მერე კეცს გადავადგამდით ცეცხლზე.
რომ გახურდებოდა კეცი, გადმოვდგამდით. წაგრილდებოდა პაწას და დავაკრავდით მუცლის სალოცავს. მუცლის სალოცავს უნდოდა თელი კვერცხი და ერიცახე ყველი. რეთიც ვიყავით ოჯახში, მუცლის სალოცავს იმდონს გამუაცხობდით. მუცლის სალოცავს რომ გამუაცხობდით, მერე დევიწყებდით ღვიძელის გამოცხობას. მუცლის სალოცავი გვალი იყო. ღვიძელს მოგძოთ გამუაცხობდით. უზამდით პაწა ყველს და დაჭრილ კვერცხს. შობის წინ ღამეს ალილო ჩამეიარდა, სახე ქონდენ ახოული. გვილოცავდენ სიმღერით შობა-კალანდას.
გათენდებოდა, მუცლის სალოცავს ბაღნეფს მუცელზე შამუარებდით, თითო ბაღანას სამჯერ და შუულოცავდით: შენი მუცლის სატკივარი აღმა-ქარს დაბლა - წყალსო". წყარო
იცოდით, რომ მისი ნახევარმთვარის ფორმა ციურ სხეულებს და ბარაქას უკავშირდებოდა?
ეს არის ცომი, რომელიც არ ხმება და ღრუბელივით ფაფუკია!
მთავარი საიდუმლო:
შებოლილი კვერცხის ეფექტი:
თუ ბუხარი არ გაქვთ, მოხარშული კვერცხი შეწვით კარაქში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ეს კვერცხს ზედმეტ სისველეს აცლის და პიკანტურ გემოს აძლევს!არაყი ცომში: არაყი ცომს საოცარ სტრუქტურას აძლევს და სიფაფუკეს უნარჩუნებს.
ცომის ინგრედიენტები:
(ეს პროპორცია გათვლილია დაახლოებით 6 მოზრდილ ღვეზელზე)