ავტორი:

შიდა აშლილობა, განადგურებული მოკავშირეები და ტრამპის მუქარა - ოფიციალური თეირანის პოზიციები სულ უფრო სუსტდება: რა ელის ირანის ისლამურ რეჟიმს?

შიდა აშლილობა, განადგურებული მოკავშირეები და ტრამპის მუქარა - ოფიციალური თეირანის პოზიციები სულ უფრო სუსტდება: რა ელის ირანის ისლამურ რეჟიმს?

ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება, რომელთა მიმდინარეობისას, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“ და მის მედია ქსელ HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, დაღუპულ 35 ადამიანს შორის 29 მომიტინგე, ოთხი ბავშვი და ორი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელია.

HRANA-ს ცნობით, ირანში დეკემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციები უკვე, სულ მცირე, 88 ქალაქში, ქვეყნის 31 პროვინციიდან 27-ში გაიმართა. ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, გარკვეულ მომენტში ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყეს, განსაკუთრებით მცირე დასახლებულ პუნქტებში გამართული აქციების დროს. ამ ქმედებებმა პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია დიდ ქალაქებში, მათ შორის მაშჰედსა და დედაქალაქ თეირანში. დემონსტრაციებს ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 17 უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. უსაფრთხოების ძალებმა კამპუსების დარბევა დაიწყეს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლომ 5 იანვარს განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების მიმართ არანაირ შეწყნარებას არ გამოავლენენ.

ქუჩის მასშტაბური პროტესტი ირანისთვის ახალი მოვლენა ნამდვილად არ არის, თუმცა მიმდინარე არეულობებს რამდენიმე ახალი ფაქტორი ახლავს თან, რაც ვითარებას განსაკუთრებულად სერიოზულს ხდის.

6 იანვარს პროტესტის დაწყებიდან 10 დღე გავიდა, მეოთხე-მეხუთე დღეს დონალდ ტრამპი ირანის ხელისუფლებას აშშ-ს ჩარევით დაემუქრა, თუ ისინი მომიტინგეებს მოკლავდნენ.

"ჩვენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ამის შემდეგ აშშ-მ ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავა, ხოლო მეორე დღეს ტრამპი ირანის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაემუქრა.

ის ფაქტი, რომ მოქმედი აშშ-ის პრეზიდენტი ასეთ მკაფიო მუქარებს გამოთქვამს იმ დროს, როცა პროტესტები ჯერ კიდევ გრძელდება, საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა, რამაც შესაძლოა დემონსტრანტებს გამბედაობა შემატოს და ქვეყნის მასშტაბით პროტესტის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

  • მედია წერს, რომ აიათოლა ალი ხამენეის მოსკოვში გაქცევის გეგმა აქვს შემუშავებული...

ირანის პოლიცია და სხვა ძალოვანი სტრუქტურები ტრადიციულად მკაცრად მოქმედებენ, შედეგად დაიღუპნენ ადამიანები. ამჟამად ყველა ელოდება, რა ნაბიჯს გადადგამს ტრამპი.

პროტესტები კვირას, 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად ისინი მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. მიზეზი ფასების მკვეთრი ზრდა და ირანული რიალის კურსის მკვეთრი ვარდნა გახდა - ერთი წლის განმავლობაში დოლარი დაახლოებით 80%-ით გაძვირდა.

ირანის ეკონომიკა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ზრდის იმედი არც წელს და არც მომავალ წელს თითქმის არ არსებობს. ოფიციალური მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 42%-ს მიაღწია, მაშინ როცა საკვები პროდუქტები 70%-ზე მეტად გაძვირდა, ხოლო ზოგიერთი ყველაზე აუცილებელი საქონელი - 110%-ზე მეტით.

  • "სანქციებით სპეკულანტები“

მთავარი როლი ამ ყველაფერში სანქციებმა ითამაშა, რომლებიც ირანის წინააღმდეგ უცხო ქვეყნებმა, აშშ-ის ხელმძღვანელობით, შემოიღეს, თუმცა საქმე მხოლოდ მათში არ არის.

ირანის სასამართლოებში გახმაურებულმა კორუფციულმა საქმეებმა, რომლებშიც მაღალჩინოსნები და მათი ნათესავები ფიგურირებენ, ბევრ რიგით ირანელს დაანახა, რომ მმართველი ელიტის ნაწილი სანქციების წყალობით მდიდრდება: ამ ადამიანებმა, განსაკუთრებული უფლებების უზრუნველყოფითა და იმპორტ-ექსპორტის კონტროლით, ნავთობის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები საზღვარგარეთ გაიტანეს და ფულის გათეთრებით უამრავი ფული იშოვეს... .

პროტესტი პირველებმა თეირანის დიდი ბაზრის მოვაჭრეებმა გამოთქვეს. რიალის კურსის ყოველდღიური მერყეობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ნიშნად ისინი თავიანთ მაღაზიებს ხურავდნენ, ქუჩაში გამოდიოდნენ და ხელისუფლებისგან ბაზრების სტაბილიზაციას მოითხოვდნენ.

მალე საპროტესტო აქციებს საზოგადოების სხვა ფენების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ეკონომიკური ლოზუნგები სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკურ მოთხოვნებში, მათ შორის ისლამური რესპუბლიკის გაუქმების მოთხოვნებიც გაჩნდა.

ქუჩებში სტუდენტები, მცირე მეწარმეები და მოსახლეობის სხვა ფენების წარმომადგენლები გამოვიდნენ. ძალიან მალე დემონსტრაციებზე კვლავ გაისმა ირანის უზენაესი ლიდერის წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგები.

მიმდინარე პროტესტები მყისიერად გავრცელდა თეირანიდან სხვა ქალაქებზეც და უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, თუმცა 2022 წლის დემონსტრაციების მასშტაბსა და სიმწვავეს ჯერ ვერ მიაღწია.

ირანში პრესა ხელისუფლების მხრიდან მკაცრად კონტროლდება, ხოლო უცხოურ სააგენტოებსა და გამოცემებს იქ მუშაობა თითქმის სრულად ეკრძალებათ, ამიტომ ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის დიდი ნაწილი სოციალურ ქსელებსა და თვითმხილველთა მონათხრობს ეყრდნობა.

მიუხედავად ამისა, ბევრი მიმომხილველი მაინც მიიჩნევს, რომ მიმდინარე კრიზისს შესაძლოა უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვეს, ვიდრე 2022 წლის არეულობებს. ირანის ხელისუფლება ერთდროულად შიდა პროტესტებსაც უპირისპირდება და რეგიონში ვითარების მკვეთრ ცვლილებებსაც. ამიტომ, საერთო აზრით, ისინი ახლა ისე სუსტად გრძნობენ თავს, როგორც არასდროს.

  • მარცხების ჯაჭვი

გარდამტეხ მომენტად 2025 წლის ზაფხულში ისრაელთან 12-დღიანი ომი იქცა. ამ კონფლიქტში პირდაპირ ჩაერთო აშშ - ც , რომელმაც ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.

ისრაელმა და აშშ-მ სერიოზული ზიანი მიაყენეს ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურას და სხვა სამრეწველო ობიექტებს, ასევე მნიშვნელოვნად შეასუსტეს თეირანის სამხედრო პოტენციალი.

ბოლო პერიოდში ირანის, როგორც რეგიონული ძალის, პოზიციებიც შეირყა. სირიაში ბაშარ ასადის დამხობამ თეირანს მნიშვნელოვანი მოკავშირე წაართვა. კიდევ ერთი პარტნიორი და მოკავშირე ლიბანური "ჰეზბოლა“, ისრაელის დარტყმების შედეგა, უმაღლესი ხელმძღვანელობის დიდი ნაწილის გარეშე დარჩა.

ბოლოს კი აშშ - ს მიერ ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაკავებამ და ვენესუელის წინააღმდეგ მიმართულმა ქმედებებმა, ირანს მანევრირების სივრცე კიდევ უფრო მეტად შეუზღუდა.

როგორც ამბობენ, აშშ-ის სამხედრო მოქმედებამ ვენესუელაში შეძრა თეირანი. ექსპერტების შეფასებით, მადუროს დამხობა მიანიშნებს, რომ შეიძლება მსგავსი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს ირანის უზენაესი ლიდერი ხამენეი. ამით დაირღვევა "ხელშეუხებლობის“ ტაბუ და ელიტისთვის ლოიალობა უფრო ფასეული გახდება სისხლიანი პროტესტების ფონზე.

ამ მოვლენების შედეგად ირანის საერთო მდგომარეობა რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეიცვალა: მას ნაკლები მოკავშირე დარჩა რეგიონულ კონფლიქტებში და ნაკლები არხი - ნავთობით არასანქცირებული ვაჭრობისა და მისგან მიღებული შემოსავლების საზღვარგარეთ გასატანად.

შედეგად, ირანის ხანდაზმული უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც მალე 87 წლის გახდება, შესაძლოა თავისი მმართველობის განმავლობაში ყველაზე მყიფე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

აიათოლა ხამენეი და მისი უახლოესი გარემოცვა მრავალი წლის განმავლობაში უხსნიდნენ ირანელებს, რომ რეგიონში მოკავშირეებზე და ბირთვულ პროგრამაზე დიდი ხარჯები ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური განვითარების უზრუნველსაყოფად იყო აუცილებელი.

ახლა ეს არგუმენტი სულ უფრო ნაკლებად დამაჯერებელი ხდება. ირანის ხელისუფლებაზე შიდა და გარე ზეწოლა იზრდება - ქვეყანა მშვიდობისა და სტაბილურობისგან, როგორც ჩანს, უკვე ძალიან შორს არის...

წყარო