ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ძალისმიერი დამხობა ცხადყოფს, რომ აშშ - ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის, საერთაშორისო სამართლისა და გლობალური ნორმების მიუხედავად, საზღვარგარეთ საკუთარი ინტერესების დასაცავად ერთპიროვნულ სამხედრო მოქმედებებს მიმართოს, - ამის შესახებ წერს france24.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კვირას ინტერვიუში, ვენესუელაში აშშ-ს მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციიდან ერთი დღის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიანიშნა, რომ შემდეგი შესაძლოა კუბა იყოს.

როდესაც რუბიოს პირდაპირ ჰკითხეს, იყო თუ არა კუბა ტრამპის ადმინისტრაციის “შემდეგი სამიზნე“, მან კუბის მთავრობა “დიდ პრობლემად“ მოიხსენია.
“ანუ ეს კის ნიშნავს?“ - დააზუსტა წამყვანმა.
“ვფიქრობ, მათ ძალიან დიდი პრობლემები აქვთ, დიახ", - უპასუხა რუბიომ.
იმავე დღეს ტრამპმა კვლავ გაახმაურა მოწოდება აშშ-ის მიერ ამჟამად დანიის კუთვნილი ტერიტორიის, გრენლანდიის მიერთების შესახებ და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მოტივით, კოლუმბიის მიმართ სამხედრო მოქმედებებითაც დაიმუქრა, კოკაინის ტრეფიკინგში მისი როლის გამო .
ტრამპისა და მისი გუნდის მიერ ასეთი, თითქმის დაუფარავი მუქარის ტონით საუბარი, ბუნებრივი აჩენს კითხვას, რომელი ქვეყანა შეიძლება გახდეს შემდეგი სამიზნე?!

გრენლანდიაში არქტიკული ყინულის დნობა ახალ, პოტენციურად მომგებიან საზღვაო მარშრუტებს ქმნის, თავად მისი ტერიტორია კი მინერალებით არის მდიდარი. კუნძულის სტრატეგიული მდებარეობა ასევე განიხილება, როგორც ნატოს შესაძლო “აქილევსის ქუსლი“. რუსეთმა, ჩინეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უკვე გადადგეს ნაბიჯები რეგიონში სამხედრო ძალის გასაძლიერებლად.
2019 წელს, პირველი ვადის დროს ტრამპი უკვე ეცადა დანიიდან ნახევრად ავტონომიური კუნძულის ეყიდა.
“ამჟამად გრენლანდია მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენს და ის რუსული და ჩინური გემებით არის სავსე, ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, დანია კი ამას ვერ უზრუნველყოფს", - განაცხადა ტრამპმა გასულ კვირას, ფლორიდიდან ვაშინგტონში დაბრუნებისას.
კარაკასში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ და ტრამპის განცხადებებმა კოპენჰაგენში შეშფოთება გააძლიერა. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ტრამპს “არანაირი უფლება არ აქვს ტერიტორია მიიერთოს“.
მან ასევე შეახსენა ტრამპს, რომ დანია უკვე აძლევს შეერთებულ შტატებს, როგორც ნატოს მოკავშირეს გრენლანდიაზე ფართო წვდომას მოქმედი უსაფრთხოების შეთანხმებების ფარგლებში.
“მტკიცედ მოვუწოდებ აშშ-ს, შეწყვიტოს იმ ისტორიულად ახლო მოკავშირის, სხვა ქვეყნისა და ხალხის მიმართ მუქარა, რომლებმაც მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ იყიდებიან", - დასძინა ფრედერიქსენმა.
საპასუხოდ ტრამპმა ირონიულად მოიხსენია დანიის მცდელობები, გაეძლიერებინა გრენლანდიის უსაფრთხოება და განაცხადა რომ “სავარაუდოდ, მათ კიდევ ერთი ძაღლის მარხილი დაამატეს საკუთარ არსენალს“.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის ცნობით კი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია "მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს“.
"პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და ამას არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი და მისი გუნდი განიხილავენ ამ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ვარიანტების ფართო სპექტრს და, რა თქმა უნდა, აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყენება ყოველთვის არის მთავარი მეთაურის განკარგულებაში არსებული ვარიანტი“, - განაცხადა ლივიტმა CNN-თან.

ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა, ერთ-ერთ მთავარ მიზნად დასახელებულია "დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკული უპირატესობის აღდგენა“ და ეს ვენესუელის მოვლენებმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა.
გასულ შაბათს, ტრამპმა ასევე მე-19 საუკუნის აშშ-ს ის საგარეო პოლიტიკური დოქტრინა ახსენა, რომელიც "მონროს დოქტრინის“ სახელით არის ცნობილი და მსოფლიო ძალებს - განსაკუთრებით ევროპელ კოლონიზატორებს, რეგიონში, ამერიკული ჰეგემონიის პატივისცემისკენ მოუწოდებს.
მან ასევე მაგალითად მოიხმო დოქტრინის რუზველტისეული დასკვნა, არგუმენტი, რომელიც აშშ-მ პანამის კოლუმბიიდან გამოყოფის მხარდასაჭერად და დასავლეთ ნახევარსფეროს მიმართ უფრო აგრესიული მიდგომის გამამართლებელ მიზეზად გამოიყენა.

ტრამპის განცხადებებისა და მადუროს კრახის ფონზე, ბუნებრივია, შეშფოთება იზრდება კუბაშიც. ჰავანა ვენესუელას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოკავშირესა და სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, რუბიოს განცხადებები კი იმაზე მიანიშნებს, რომ კუბის მთავრობა შეიძლება ვაშინგტონის შემდეგი სამიზნე გახდეს.
კვირას გამოსვლისას რუბიომ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის კავშირს და განაცხადა, რომ მადუროს დაპატიმრებამდე კუბელი ოფიციალური პირები მის გვერდით იყვნენ.
“მადუროს კუბელები იცავდნენ, მას ვენესუელელი მცველები არ ჰყავდა. “ თქვა რუბიობ და დაამატა რომ მთავრობის “შიდა დაზვერვაზეც“ პასუხისმგებლობა, რომელიც, ფაქტობრივად, მოღალატეების გამოვლენისკენ იყო მიმართული, ასევე კუბის წარმომადგენლები ახორციელებდნენ.
თავად კუბის მთავრობამ კვირა საღამოს სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა , რომ აშშ-ის იმ სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელმაც მადურო დაამხო, 32 კუბელი ოფიცერი დაიღუპა.

კვირა საღამოს ვაშინგტონში დაბრუნებისას ტრამპმა ვენესუელის მეზობელი კოლუმბია და მისი მემარცხენე პრეზიდენტი, გუსტავო პეტროც გააფრთხილა
“კოლუმბიას ავადმყოფი ადამიანი მართავს, რომელსაც კოკაინის დამზადება და აშშ-ში გაყიდვა უყვარს, მას კოკაინის წისქვილები და ქარხნები აქვს. ამას დიდხანს ვერ გააგრძელებს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როდესაც ჰკითხეს, შესაძლებლად მიიჩნევს თუ არა აშშ-მა კოლუმბიის წინააღმდეგ მორიგი ოპერაცია ჩაატაროს, ტრამპმა პასუხა, რომ “ ეს კარგ იდეად ჟღერდა“.

ირანი დიდი ხანია ვენესუელის მოკავშირეა, ის წლებია კარაკასს აშშ-ის სანქციების გვერდის ავლაში იყენებს და ნავთობს ოქროზე ცვლის, ვენესუელის სანაპიროსთან მოქმედ "ჩრდილოვან ფლოტს“ კი, სავარაუდოდ, სანქცირებული რუსულ და ირანულ ნავთობი გლობალურ ბაზრებზე გააქვს.
ლიბანში, ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლას“ მებრძოლებს ეკონომიკური კავშირები გააჩნიათ ვენესუელასთან და ნარკოტიკებით ფულის შოვნის სქემაში მონაწილეობენ. ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკური ცენტრის დასკვნის მიხედვით, მადუროს რეჟიმმა და “ჰეზბოლამ“ არსებული ვითარება გამოიყენეს და "ვენესუელა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და საერთაშორისო ტერორიზმის ერთ-ერთ ცენტრალურ ჰაბად“ გადააქციეს.
მადუროს დაცემას თეირანის ლიდერები, სავარაუდოდ, აღიქვამენ როგორც იმის ნიშანს, რომ ტრამპი ირანში რეჟიმის შეცვლასაც არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუკი ეს თავად აშშ- ინტერესებში იქნება. უფრო მეტიც, ვენესუელის მოვლენებმა შეიძლება აჩვენოს, რომ ტრამპი არ დაუპირისპირდება ისრაელის მცდელობებს, რომელიც თეირანში რეჟიმის შეცვლისკენ იქნება მიმართული, მიუხედავად იმ წინააღმდეგობრივი განცხადებებისა, რომელსაც ტრამპი ისრაელ-ირანის 12-დღიანი ომის განმავლობაში აკეთებდა.
გასულ კვირას თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მასპინძლობისას ტრამპმა ეს იდეა უარყო და ჟურნალისტებს განუცხადა რომ “რეჟიმის დამხობაზე საუბარს არ აპირებდა“.

თუმცა, ირანში ფართომასშტაბიანი პროტესტების შესახებ ცნობების გავრცელებიდან სულ რამდენიმე დღეში, აშშ-ს პრეზიდენტი საბრძოლო რიტორიკას კვლავ დაუბრუნდა და განაცხადა რომ "თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს კვლავ დახოცავდა, აშშ მათ დასახმარებლად მივიდოდა...“ წყარო
იხილეთ ასევე: