5 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში მკვლელობა მოხდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქორწილში ნასვამი მამაკაცები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ambebi.ge-ს წყარო უყვება, რომ ქორწილიდან მოქეიფეებმა ჩაიხანაში გადაინაცვლეს (წესისამებრ) და მათ შორის ჩხუბი იქაც გაგრძელდა.
"ამის შემდეგ ერთ-ერთი დაჯდა საჭესთან და მოჩხუბარი მამაკაცების ჯგუფში ავტომანქანით შევარდა, რის შედეგადაც ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო, დაახლოებით, 7-მა ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო, ისინი მოტეხილობებით რუსთავის კლინიკაში არიან გადაყვანილები. უგონოდ მთვრალი მამაკაცები მაშინაც აგრძელებდნენ ჩხუბს, როცა ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. პოლიციამ დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავა", - გვიყვება ადგილობრივი.
შეგახსენებთ, "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.