აშშ-ის წარმომადგენლებმა და "ნებაყოფლობითი კოალიციის“ წევრებმა პარიზში სამიტი გამართეს, სადაც ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას გულისხმობს.
ხუთპუნქტიან "პარიზის დეკლარაციაში“ აშშ-მ დაადასტურა განზრახვა, რომ მომავალში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას ზედამხედველობა გაუწიოს. ხელმომწერი ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალები განლაგდება. ისინი უკრაინის არმიას აღდგენაში დაეხმარებიან.
სამშვიდობო კონტინგენტის განლაგების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სამიტის მონაწილეებმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ასევე მოაწერეს ხელი "პარიზის დეკლარაციას“, რომელშიც დაადასტურეს განზრახვა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ.
მოლაპარაკებებში დაახლოებით 30 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და სხვები.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციები უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის დასრულების ძირითად ჩარჩოზე მუშაობას დღესაც გააგრძელებენ.
"აშშ-ის პრეზიდენტის გუნდთან - სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან ერთად გავაგრძელეთ ომის დასრულების დიპლომატიური გზის განხილვა. მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს მზადყოფნისთვის, უზრუნველყოს დამატებითი დახმარება ყველა სფეროში: უსაფრთხოების გარანტიები, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი და რეკონსტრუქცია. 7 იანვარს პარიზში ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის დასრულების ძირითად ჩარჩოზე...
მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს და შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის. არცერთი დღე არ იკარგება“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

"პარიზში ევროპამ, აშშ-მა, კანადამ და სხვებმა ერთი ხმით ისაუბრეს უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინის მომავალზე. თუმცა, მე მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი რუსეთის განზრახვების მიმართ. ჩვენ გვჭირდება მათზე ძლიერი ზეწოლა, ყველა არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ზომით“, - განაცხადა ტუსკმა.

"ძალიან, ძალიან ახლოს ვართ კეთილდღეობის შეთანხმების დასრულებასთან, რომელიც იქნება ყველაზე ძლიერი, რაც კი ოდესმე მოლაპარაკებულა მსგავსი კონფლიქტებიდან გამოსული ქვეყნების მიერ და რომელიც, ვიმედოვნებთ, უზარმაზარ შესაძლებლობებს გახსნის უკრაინელი ხალხისთვის“, - აღნიშნა უიტკოფმა.
მისი განმარტებთ ეს პროტოკოლები მოიცავს უკრაინაში შემდგომი თავდასხმების შეჩერებას და ქვეყნის დაცვას, თავდასხმების შემთხვევაში. უიტკოფის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, რომ მკვლელობები შეწყდეს.
"ჩვენ აქ ვართ სამშვიდობო პროცესში შუამავლობისა და დახმარებისთვის და მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ და მხურვალედ მიიჩნევს, რომ ეს მკვლელობები უნდა შეწყდეს, რომ ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა უიტკოფმა.
ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ "მიწის საკითხი ყველაზე კრიტიკულ საკითხად რჩება“ და რომ ამ საკითხზე დისკუსიას გააგრძელებენ.
"იმედია, შევძლებთ შეხვედრას ან გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა უიტკოფმა.
რაც შეეხება ბრიტანეთის პრემიერს, მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით "სამხედრო ჰაბებს" შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის.
"მსურველთა კოალიციის" მიზანი არის ხანგრძლივი მშვიდობის მიახლოებაში დახმარება და აშშ-თან მუშაობა გრძელვადიანად უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის. ეს მუშაობა ახლა უფრო წინ არის წაწეული, ვიდრე ოდესმე. დღევანდელმა ერთობლივმა დეკლარაციამ ეს ნათელი ტერმინებით გამოაცხადა. ამასთან ერთად, პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ მაკრონთან ერთად დღეს უფრო შორს წავედით. "განზრახვაზე დეკლარაციას" მოვაწერეთ ხელი, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში ძალების განლაგების თაობაზე...
ეს გზას კაფავს სამართლებრივი ჩარჩოსთვის, რომლის ფარგლებშიც ბრიტანული, ფრანგული და პარტნიორი ძალები შეძლებენ უკრაინულ მიწაზე ოპერირებას, უკრაინული ცისა და ზღვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგენერირებას სამომავლოდ...
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით "სამხედრო ჰაბებს" შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის", - განაცხადა სტარმერმა.