5 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში მკვლელობა მოხდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქორწილში ნასვამი მამაკაცები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ambebi.ge-ს წყარო უყვება, რომ ქორწილიდან მოქეიფეებმა ჩაიხანაში გადაინაცვლეს (წესისამებრ) და მათ შორის ჩხუბი იქაც გაგრძელდა.
"ამის შემდეგ ერთ-ერთი დაჯდა საჭესთან და მოჩხუბარი მამაკაცების ჯგუფში ავტომანქანით შევარდა, რის შედეგადაც ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო, დაახლოებით, 7-მა ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო, ისინი მოტეხილობებით რუსთავის კლინიკაში არიან გადაყვანილები. უგონოდ მთვრალი მამაკაცები მაშინაც აგრძელებდნენ ჩხუბს, როცა ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. პოლიციამ დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავა", - გვიყვება ადგილობრივი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე 2 პირს.
ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა კუთვნილი ავტომანქანა 2 მათგანს განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული 4 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს და 3 პირი ამხილეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 160-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: