ავტორი:

აშშ აკავებს იმ ნავთობმზიდ ტანკერს, რომლის დასაცავად მანამდე რუსეთმა სამხედრო ხომალდები გაგზავნა - რა ხდება ცნობილი

აშშ აკავებს იმ ნავთობმზიდ ტანკერს, რომლის დასაცავად მანამდე რუსეთმა სამხედრო ხომალდები გაგზავნა - რა ხდება ცნობილი

ამერიკულმა საზღვაო დესანტმა ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობმზიდი ტანკერის დაკავების ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც გამოცემა აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, “დაკავების გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა რუსეთთან დაძაბულობა გაამწვავოს, მას შემდეგ მიიღეს, რაც ტანკერმა, რომელიც თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც Bella 1, აშშ-ის საზღვაო „ბლოკადა“ სანქცირებული ტანკერებით გადალახა და აშშ-ის სანაპირო დაცვის მცდელობებს მასზე ასვლის თაობაზე უარი უთხრა.“

  • მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ნავთობტანკერის დასაცავად, რომელსაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ძალები მიჰყვებიან, სამხედრო ხომალდები გაგზავნა.

მედიის ინფორმაციით, გემი, რომელსაც ვენესუელური ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, თუმცა, ამჟამად აღარ გადააქვს - ამ დროისთვის ისლანდიასა და ბრიტანეთის კუნძულებს შორის იმყოფება. Bella 1-ს აშშ-ის სანქციების დარღვევასა და ირანული ნავთობის გადაზიდვაში ადანაშაულებენ, რის შემდეგაც მან სახელი შეიცვალა, ამჟამად Marinera ჰქვია და გაიანას დროშის ნაცვლად რუსეთს დროშის ქვეშ დაცურავს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ვენესუელაში შემავალი და გამავალი სანქცირებული ნავთობტანკერების ბლოკადის ბრძანება გასცა, რასაც ვენესუელას მთავრობამ „ქურდობა“ უწოდა.

აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CBS-ს დაუდასტურა, რომ რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა.

აშშ-ის სანაპირო დაცვამ გასულ თვეში კარიბის ზღვის აუზში მასზე ასვლა სცადა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ის ვენესუელასკენ მიემართებოდა. მათ გემის დაკავების ორდერი ჰქონდათ სანქციების დარღვევის გამო.

მას შემდეგ გემმა მკვეთრად შეიცვალა კურსი და მისი ევროპასთან მიახლოება დაემთხვა დაახლოებით 10 ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის, ასევე ვერტმფრენების ჩამოსვლას.

სამშაბათს, ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს განუცხადა, რომ ამერიკული ძალები გემზე ასვლას გეგმავენ და ვაშინგტონი მის ჩაძირვას მის დაკავებას ამჯობინებს.

რუსეთი აცხადებს, რომ გემის გარშემო არსებულ სიტუაციას შეშფოთებით აკვირდება.