მოსყიდვა, "თაფლაკვერები" და უხვი დაპირება აფხაზ ხალხს, ხოლო მკაცრი დასჯა ყველას, ვინც რუსეთს გააკრიტიკებს - 2025 წელს კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიის აგრესიული ფორმა შეცვალა და დამორჩილების უფრო ცბიერ მოდელზე გადავიდა: ვინც ჩუმადაა, პრივილეგიებს იღებს, ვინც შეკითხვებს სვამს - ისჯება.
შეცვლილი პოლიტიკა გასული წლის იანვრიდან ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის კურატორად სერგეი კირიენკო დანიშნეს. მის წინამორბედს, დმიტრი კოზაკს კი უკავშირდება 2024 წელი, რომელიც აფხაზებისთვის უკიდურესად მძიმე აღმოჩნდა. რუსეთმა მაშინ "ურჩები" სამაგალითოდ დასაჯა: რუსული კანონების მიღებაზე უარის გამო ზამთარში აფხაზეთი უშუქოდ დატოვა, დააწესა ემბარგო ციტრუსზე, რუს ტურისტებს აფხაზეთში ჩასვლა აუკრძალა და შეაჩერა ფინანსური ტრანშები, რის გამოც შეჩერდა სოციალური დახმარებები და საბიუჯეტო ხელფასების გაცემა. 2025 წელს სურათი შეიცვალა, მაგრამ არა მიზანი. მოსკოვი აქტიურად ჩაერია დე ფაქტო არჩევნებში და პარალელურად დაიწყო აფხაზების გულის მოგებაც: აღდგა სოხუმის აეროპორტი და დაიწყო ფრენები; ამუშავდა სოჭსა და სოხუმს შორის მატარებელი; თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა სოხუმის კლინიკა; დაანონსდა საბავშვო კლინიკის მშენებლობა; ჩამოიყვანეს რუსი ექიმები და ჩატარდა უფასო სკრინინგები; დაიწყო სკვერების მშენებლობა და სოხუმის სანაპიროს რეაბილიტაცია; მოსწავლეები ჩართეს რუსულ კონკურსებში; დაიწყო რუსული პასპორტების გამარტივებული წესით დარიგება; აფხაზური მართვის მოწმობები რუსეთის ტერიტორიაზეც აღიარეს.
"თაფლაკვერების" პარალელურად მოქმედებაში დარჩა "მათრახიც" იმ პირებისთვის, რომლებმაც რუსული "სიკეთეები" ვერ დაინახეს... წლის დამდეგს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს ოპოზიციის ორ აქტიურ ლიდერს - "დეპუტატ" კან კვარჩიას და ოპოზიციონერ ლევან მიქაას. კრემლის ფავორიტის, ბადრა გუნბას გამარჯვების შემდეგ არ დაივიწყეს კრიტიკული მედიაც და "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადეს სამი აქტიური ჟურნალისტი: ინალ ხაშიგი, იზიდა ჭანია და ნიზფა არშბა. ყველა მათგანს ანტირუსულ საქმიანობაში სდებდნენ ბრალს. წლის მიწურულს კი კან კვარჩიასა და კიდევ ორი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სს საქმე აღიძრა და ისინი ძებნილებად გამოაცხადეს. ოპოზიცია ამჯერად ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერი სამი რუსი პიარტექნოლოგის ცემისა და 2 მილიონი რუბლის ღირებულების ტექნიკის დაზიანების გამო დაისაჯა.
"უფრო და უფრო მეტი აფხაზი ფიქრობს რუსეთთან შეერთებაზე" - განაგრძეთ კითხვა