ავტორი:

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერმა მინეაპოლისში, 37 წლის ქალი მოკლა - ქალაქში პროტესტი განახლდა: რას აცხადებს ICE-ის ადმინისტრაცია მომხდარზე (ვიდეო)

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერმა მინეაპოლისში, 37 წლის ქალი მოკლა - ქალაქში პროტესტი განახლდა: რას აცხადებს ICE-ის ადმინისტრაცია მომხდარზე (ვიდეო)

მინეაპოლისში აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურმა (ICE) ქალი მოკლა. მსხვერპლი 37 წლის პოეტი რენე გუდია. ის იყო აშშ-ის მოქალაქე და ადგილობრივი მკვიდრი.

აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მსხვერპლმა ICE პატრულისთვის მანქანით შეჯახება სცადა. მედიაში ვრცელდება ვიდეოები, რომელშიც ჩანს, რომ ქალი გზის გაგრძელებას ცდილობს, რა დროსაც მას წინ ეღობება ICE-ის ოფიცერი და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრის, რამაც ქალის სიკვდილი გამოიწვია.

  • უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ქალი - რენე ნიკოლ გუდი, "ძალადობრივი მეამბოხე“ იყო, მსხვერპლის საქციელს "შიდა ტერორიზმის“ აქტი უწოდა, პატრულის რეაგირებას კი - თავდაცვა.

"ICE-ის ოფიცერმა, საკუთარი სიცოცხლის, მისი კოლეგების სიცოცხლისა და საზოგადოების უსაფრთხოების თავდაცვის მიზნით გაისროლა“, - განაცხადეს ICE-ის ადმინისტრაციაში.

მინეაპოლისის პოლიციის უფროსის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, ქალი მანქანაში იმყოფებოდა და გზას ბლოკავდა. გარკვეულ მომენტში მას ICE-ს ოფიცერი მიუახლოვდა, რის შემდეგაც მანქანამ გაქცევა დაიწყო და შემდეგ სულ მცირე ორი გასროლა მოხდა.

მომხდარის შემდეგ ქალაქში პროტესტი განახლდა. რენე გუდის ხსოვნის პატივსაცემად შეკრებილებმა ქუჩაში სანთლები დაანთეს და საიმიგრაციო სამსახურის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს.

როგორც მედია წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას FBI ჩაატარებს, ხოლო ICE-ის ოპერაციები კვლავ გაგრძელდება.

თეთრი სახლის არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კამპანიის ფარგლებში, ქალაქში ICE-ს (აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახური) ასობით აგენტი განლაგდა.

წყარო