აღმოსავლეთ კონგოში საკმაოდ იშვიათი მოვლენა მოხდა - მთის გორილამ ტყუპი გააჩინა. ინფორმაცია “სიურპრიზის“ შესახებ ეროვნულმა ნაკრძალმა გაავრცელა.
როგორც ნაკრძალის ადმინისტრაცია აღნიშნავს, ორი მამრი გორილა 3 იანვარს დაიბადა. ვიდეოთვალით გადაღებული მასალის დათვალიერებისას, შაბათს აღმოაჩინეს 22 წლის გორილა, სახელად მაფუკო, რომელიც თავის ახალშობილებს ეხუტებოდა.
“ტყუპზე ზრუნვა შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით ადრეულ თვეებში, როდესაც ჩვილები მთლიანად დედაზე არიან დამოკიდებულნი მოვლისა და ტრანსპორტირებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. ახალშობილებს ინტენსიური მეთვალყურეობა უტარდებათ.
ვირუნგა, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონფლიქტურ ნაწილში მდებარეობს, აფრიკის უძველესი და უდიდესი ეროვნული ნაკრძალია და 100 წლის წინ მთის გორილების დასაცავად შეიქმნა.
ვირუნგას ეროვნულ პარკში მთის გორილას ტყუპის ბოლო დაბადება 2020 წლის სექტემბერში დაფიქსირდა.