ფრანგმა ფერმერებმა პარიზის ცენტრში გზები გადაკეტეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათ ტრაქტორები ეიფელის კოშკთან და ტრიუმფალურ თაღთან დააყენეს და ქალაქის ცენტრში მისასვლელი გზები გადაკეტეს.


ფერმერები ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკ Mercosur-ს შორის პოტენციურ შეთანხმებას აპროტესტებენ.
Mercosur არის სამხრეთ ამერიკის ეკონომიკური ბლოკი, რომელშიც შედიან: ბრაზილია, არგენტინა, ურუგვაი და პარაგვაი.
ევროკავშირს სურს ამ ბლოკთან გააფორმოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ნიშნავს: რომ შემცირდება ან გაუქმდება საბაჟო გადასახადები, შესაბამისად,სამხრეთ ამერიკიდან ევროკავშირში უფრო იაფად შევა:
ფრანგი ფერმერები ამბობენ, ისინი აღმოჩნდებიან არათანაბარ პირობებში, საქმე ისაა, რომ ევროკავშირში მოქმედებს მკაცრი რეგულაციები: ეკოლოგიური სტანდარტები; ქიმიკატებისა და ანტიბიოტიკების შეზღუდვა... ამგვარი მოთხოვნები Mercosur-ის ქვეყნებში ბევრად სუსტია, შესაბამისად, წარმოება იაფი ჯდება და პროდუქციაც იაფია.
ფრანგი ფერმერი კი უფრო ძვირად აწარმოებს, შესაბამისად, ბაზარზე კონკურენციას იაფი იმპორტს ვერ უწევს, რაც ქმნის ადგილობრივი ფერმერების გაკოტრების საფრთხეს.
"ჩვენ გვწირავენ დიდი ინდუსტრიების - თვითმფრინავების, მანქანების და ა.შ. ექსპორტის სანაცვლოდ, ანუ საფრანგეთი ხელს აწერს შეთანხმებას, რომლითაც ინდუსტრია სარგებლობს, მაგრამ სოფლის მეურნეობა ზარალდება", - ამბობენ ისინი.
გამოცემის ცნობით, შეთანხმების შესახებ კენჭისყრა პარასკევს არის დაგეგმილი. დეკემბერში, ევროპული საბჭოს სამიტზე, იტალიამ და საფრანგეთმა შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს.

სამშაბათს, მერკოსურთან შეთახმებაზე იტალიის თანხმობის მისაღებად ევროკომისიამ ფერმერებისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების დაჩქარებული წესით გამოყოფის წინადადება წარადგინა. ასევე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ზოგიერთი ტიპის სასუქზე იმპორტის გადასახადებს შეამცირებს.

Reuters-ი წერს, რომ იტალიის მხარდაჭერის შემთხვევაში სავაჭრო შეთანხმების დასამტკიცებლად საფრანგეთის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.

ფრანგი ფერმერები ასევე აპროტესტებენ მთავრობის მიდგომას პირუტყვის დაავადებასთან ბრძოლაში. ისინი ითხოვენ, შეწყდეს ძროხების იძულებითი დახოცვა, რაც დაკავშირებულია ძლიერ გადამდებ კანის დაავადებასთან (lumpy skin disease). მათი აზრით, არსებული ზომები გადაჭარბებულია. ისინი ვაქცინაციის გამოყენებას ემხრობიან.
ათეულობით ტრაქტორი განთავსებულია სენას ნაპირზე, ეიფელის კოშკისა და ტრიუმფალური თაღის სიახლოვეს, გადაკეტილია ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი რამდენიმე გზა, ასევე პერიფერიიდან დედაქალაქში მიმავალი გზებიც.