აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, ნავთობტანკერის ეკიპაჟი 28 ადამიანისგან შედგება.
ნავთობტანკერის დაკავების საკითხზე უკვე ისაუბრეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ინფორმაციას Sky News-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მათ განიხილეს Bella 1-ის დაკავების ერთობლივი ოპერაცია, როგორც სანქციების დარღვევასთან ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ სწორედ დიდი ბრიტანეთი დაეხმარა ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავებაში.
ჰილიმ აღნიშნა, რომ მათ გაერთიანებული სამეფოს ბაზების გამოყენებისა და სამეფო საზღვაო ძალებისა და საჰაერო ძალების აქტივების განლაგების ნება დართეს აშშ-ის ოპერაციის მხარდასაჭერად, თუმცა გემზე ბრიტანული პერსონალი არ ასულა.
„დიდი ბრიტანეთი არ დარჩება უმოქმედოდ, როდესაც ღია ზღვაში მავნე აქტივობები იზრდება და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ ჩრდილოვანი გემების წინააღმდეგ რეაგირებას და ამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ჰილიმ.
ასევე, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გემი „ჩრდილოვანი საზღვაო ფლოტის მზარდი ქსელის“ ნაწილია.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასაფინანსებლად ჩრდილოვან ფლოტს მართავს და მიუთითა ევროპაში „აშკარა საზღვაო აქტივობაზე", რომელსაც რუსეთი უწევს კოორდინაციას.
თავდაპირველად ნავთობტანკერი Bella 1-ის სახელწოდებით იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით ხომალდმა სახელი შეიცვალა და რუსეთის გემების ოფიციალურ რეესტრში ახალი სახელით - Marinera-თი გამოჩნდა. აშშ-ის სანაპირო დაცვამ აღნიშნული ტანკერის დაკავება წინა თვეში ვენესუელასთან სცადა, თუმცა ვერ მოახერხა. რამდენიმე დღის წინ ხომალდის ეკიპაჟმა ტანკერზე რუსეთის დროშა დახატა და რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა.
იხილეთ ასევე: