თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირების საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო.
ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევისას, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრალდების მხარეს მიმართა.
"ჩამოართვით მიკროფონი, აქეთ მესაუბრეთ, თუ შეიძლება, მეცით პატივი",- მიმართა ადვოკატს მოსამართლემ.
აღნიშნულის შემდეგ, პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა პოზიცია დააფიქსირა და მხარეს პატივისცემისკენ მოუწოდა.
„როგორც ჩანს არასწორად გაიგეთ, პიროვნული შეურაცხყოფა არ მომიყენებია. თუმცა, თქვენი ინსტიტუციის ავტორიტეტი დამოკიდებულია იმაზე, რომ აგენტი, დამნაშავე გენერალური პროკურორი გყავდათ და ემორჩილებოდით. ინსტიტუციური ავტორიტეტი ჩემს თვალში დაბალია, არ მგონია, რომ ეს უნდა გიკვირდეთ. თუმცა, აქვე პიროვნულ პატივისცემას გიდასტურებთ და წარმატებებს გისურვებთ, ინსტიტუციურ პატივისცემას კი დამსახურება სჭირდება",- განაცხადა თუთბერიძემ.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.