ავტორი:

ციხის ნაცვლად ფრანგული ენის კურსები - ბელგიელმა მოსამართლემ საქართველოს მოქალაქეს სუპერმარკეტების 8-ჯერ გაქურდვისთვის უცნაური განაჩენი გამოუტანა

ციხის ნაცვლად ფრანგული ენის კურსები - ბელგიელმა მოსამართლემ საქართველოს მოქალაქეს სუპერმარკეტების 8-ჯერ გაქურდვისთვის უცნაური განაჩენი გამოუტანა

ბელგიურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა სასამართლო პროცესს, რომლის მთავარი ფიგურანტი საქართველოს მოქალაქე იყო. ქალაქ ვერვიეს სასამართლომ ქართველ თავშესაფრის მაძიებელს, საკმაოდ უჩვეულო სასჯელი გამოუტანა: იმისთვის, რომ მან ციხე აიცილოს, ფრანგული ენა უნდა ისწავლოს.

  • 8 ქურდობა და დანა

საქმის მასალების მიხედვით, კაცი ბელგიაში ოჯახთან ერთად 5 წლის წინ ჩავიდა. ის სარტ-ლე-სპას ლტოლვილთა ცენტრში ცხოვრობს. მას ბრალად ედებოდა სუპერმარკეტებში ჩადენილი 8 ქურდობა. ერთ-ერთი ინციდენტის დროს მას თან ჰქონდა დასაკეცი დანა, რაც ბელგიაში აკრძალულია.

ბრალდებულმა სასამართლოზე თარჯიმნის მეშვეობით განაცხადა, რომ კანონდარღვევის შესახებ არ იცოდა:

"არ ვიცოდი, თუ ბელგიაში დანის ტარება აკრძალული იყო, საქართველოში ეს ჩვეულებრივი ამბავია“, - აღნიშნა მან.

  • გაოცებული მოსამართლე:

პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლე დეფეშერე ყველაზე მეტად ბრალდებულის ენობრივმა ბარიერმა გააოცა.

"5 წელი ისე იცხოვრეთ აქ, რომ ერთი სიტყვაც არ გესმით?.. გამოდის, რომ ბელგიურ საზოგადოებაში ინტეგრაციის სურვილი საერთოდ არ გაქვთ“, - მიმართა მან მამაკაცს.

ბრალდებულმა თავის მართლება სცადა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე მძიმედ არის ავად, რის გამოც მას მარტო ვერ ტოვებდა და ენის კურსებზეც ამიტომ ვერ დადიოდა."როცა ქურდობთ, მაშინ ხომ ტოვებთ მეუღლეს მარტოს? ეს დრო ფრანგულის სწავლას მოახმარეთ, რაც ინტეგრაციისთვის საუკეთესო იარაღია“.

  • განაჩენი: ენა, როგორც თავისუფლების გარანტი

პროკურატურა დაკავებული ქართველისთვის 17-თვიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ სასამართლომ უფრო ჰუმანური, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლომ ქართველს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პირობითი მსჯავრით. ეს ნიშნავს, რომ ის თავისუფლებაზე დარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეასრულებს მთავარ პირობას - დაიწყებს ფრანგული ენის შესწავლას და წარმოადგენს შესაბამის სერტიფიკატს.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა აღნიშნა, მისი კლიენტი ახლა კარგად აცნობიერებს თავის შეცდომას და მზად არის, შეასრულოს სასამართლოს მოთხოვნა, რათა ბელგიურ საზოგადოებაში სრულფასოვანი ადგილი დაიმკვიდროს.