ავტორი:

საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის მიერ დაკავებულ ნავთობტანკერზე - როგორ ეხმაურებიან რუსული მედიის ინფორმაციას საზღვაო სააგენტო და საგარეო უწყება

საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის მიერ დაკავებულ ნავთობტანკერზე - როგორ ეხმაურებიან რუსული მედიის ინფორმაციას საზღვაო სააგენტო და საგარეო უწყება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი, საქართველოს მოქალაქეა.

  • როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ახორციელებენ.

"ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს, აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის, საქართველოს 6 მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში არიან უკრაინის 20 და რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ, უწყებაში არ შესულა.

მათივე ცნობით, უწყება 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის Marinera ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს.

"2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ატლანტის ოკეანეში გუშინ დააკავა. დაკავების ოპერაცია აშშ-ის სანაპირო დაცვამ და ამერიკელმა სამხედროებმა ბრიტანელი ჯარისკაცების მხარდაჭერით განახორციელეს.თავდაპირველად ნავთობტანკერი Bella 1-ის სახელწოდებით იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით ხომალდმა სახელი შეიცვალა და რუსეთის გემების ოფიციალურ რეესტრში ახალი სახელით - Marinera-თი გამოჩნდა. აშშ-ის სანაპირო დაცვამ აღნიშნული ტანკერის დაკავება წინა თვეში ვენესუელასთან სცადა, თუმცა ვერ მოახერხა. რამდენიმე დღის წინ ხომალდის ეკიპაჟმა ტანკერზე რუსეთის დროშა დახატა და რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა.

წაიკითხეთ ასევე: