“ატლანტის ოკეანეში აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ დაკავებული ნავთობტანკერი Marinera (ყოფილი Bella 1) რუსულ კომპანია “ბურევესტმარინს“ ეკუთვნის, რომელიც ნახევარი წლის წინ არის დარეგისტრირებული რიაზანში“, - წერს “ნოვაია გაზეტა".
იგი ასევე ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებს.

The New York Times-ის ცნობით, ეკიპაჟის შემადგენლობაში რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები არიან.
რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გემზე რუსეთის მხოლოდ ორი მოქალაქე იმყოფება, ხოლო კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. ტანკერის დაკავების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს მოუწოდა, “არ შეუშალოს ხელი ეკიპაჟის რუსი წევრების სამშობლოში დაბრუნებას და უზრუნველყოს მათთან ჰუმანური მოპყრობა“.


ტანკერი Marinera (ყოფილი Bella 1) ირანული ნავთობის გადაზიდვის გამო 2024 წლიდან ამერიკული სანქციების ქვეშაა. აშშ-ის ხელისუფლების მონაცემებით, გემი 2025 წლის აგვისტოში ირანიდან გავიდა და ვენესუელისკენ გაემართა. დეკემბრის შუა რიცხვებში ვენესუელის სანაპიროსთან მიახლოების დროს, გემი ეროვნული დროშის გარეშე მოძრაობდა. 21 დეკემბერს აშშ-ის სამხედროებმა მისი დაკავება კარიბის ზღვაში სცადეს, თუმცა ეკიპაჟმა GPS გამორთო და გემი კვლავ ატლანტის ოკეანისკენ შეატრიალა. ტრანსპონდერი ტანკერმა მხოლოდ 1 იანვარს ჩართო.
ვენესუელის სანაპიროსთან გემის დაკავების მცდელობის შემდეგ, დეკემბრის ბოლოს, მეზღვაურებმა გემის ბორტზე რუსეთის დროშა დახატეს და განაცხადეს, რომ ის რუსეთის იურისდიქციაში გადავიდა. ამის შემდეგ ტანკერს სახელი შეეცვალა და Marinera დაარქვეს. რეგისტრაციის პორტად სოჭი მიუთითეს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ეს ცვლილებები 2025 წლის 24 დეკემბერს განხორციელდა.
ტანკერისთვის სახელის გადარქმევის შემდეგ კრემლმა აშშ-ს მოუწოდა გემის დევნა შეეწყვიტა და ამ საკითხზე ვაშინგტონს დიპლომატიური ნოტაც გაუგზავნა. მიუხედავად ამისა, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტანკერის დევნა კვლავ გააგრძელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საპასუხოდ, რუსეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ტანკერის დასახმარებლად წყალქვეშა ნავი და სხვა სამხედრო ხომალდები გაგზავნა, თუმცა მათ აშშ-ის მიერ დაგეგმილი ოპერაცია ვერ შეაჩერეს და 7 იანვარს ტანკერი Marinera ატლანტის ოკეანეში, აშშ-ის სამხედროებისა და მათი ბრიტანელი კოლეგების მხარდაჭერით იქნა დაკავებული.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დაადასტურა აშშ-ის ხელისუფლების მიერ Marinera-ს დაკავება და დაგმო ეს ქმედება.