ავტორი:

გაითიშა ინტერნეტი, არიან გარდაცვლილები - ირანში მასშტაბური დემონსტრაციები გრძელდება, ტრამპი კი ირანის ხელისუფლებას დარტყმით ემუქრება: ბოლო ცნობები (ფოტოები)

გაითიშა ინტერნეტი, არიან გარდაცვლილები -  ირანში მასშტაბური დემონსტრაციები გრძელდება, ტრამპი კი ირანის ხელისუფლებას დარტყმით ემუქრება: ბოლო ცნობები (ფოტოები)

ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გრძელდება. დასავლური მედია წერს, პროტესტმა ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მოიკიდა ფეხი.

  • ნორვეგიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, "Iran Human Rights"-ის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს დაწყებული არეულობის შემდეგ ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ 45 დემონსტრანტია მოკლული.

ხუთშაბათსაც თეირანში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მიერ გადამოწმებული სოციალური ქსელების ფოტოებზე ჩანს, რომ დემონსტრანტები შეიკრიბნენ ბულვარზე - ირანის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ მთავარ გამზირზე.

დემონსტრაციები გაიმართა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის დასავლეთ ირანში მდებარე ქურთულ რაიონებში, ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში.

პროტესტის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით გაითიშა ინტერნეტი.

გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიმართ მორიგი მუქარა გააჟღერა. ტრამპის თქმით, თუ ირანის ხელისუფლება შეეცდება ძალადობრივად ჩაახშოს დემონსტრაციები, აშშ იმოქმედებს.

"ჩვენ მათ გარკვევით ვუთხარით, რომ თუ ადამიანების მოკვლას დაიწყებენ ჩვენ მათ მძიმედ დავარტყამთ, " - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, ირანში დემონსტრაციები გასულ თვეს დედაქალაქ თეირანში დაიწყო, სადაც მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებსა და ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას აპროტესტებდა. მოგვიანებით გამოსვლები გადაიქცა მოძრაობად, რომელიც უკვე ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.