"ჩემი დიდი ბებიის - მარიამ მხეიძის ძმა - გიორგი მხეიძე ბეთანიაში წმინდანად არის შერაცხული, რომელიც მამა გაბრიელის სულიერი მოძღვარი იყო. წმინდა მამა გიორგი მხეიძის ბეღელი მაქვს მისი ეზოდან წამოღებული (რა თქმა უნდა ნებადართულად), აღვადგინე და "აზნაურის სახლის" ეზოში მიდგას, რაც ჩემთვის ძალიან ღირებულია" - ამბობს მიშა ელბაქიძე, რომელიც რაჭიდან, სოფელ წესიდან გვესაუბრა... მიშამ რაჭაში წინაპრების 130 წლის სახლი აღადგინა.
- დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში... რაჭასთან ბავშვობიდანვე მქონდა კავშირი, რადგან ჩემი წინაპრები, ჩემი გვარი რაჭიდან მოდის. ჩემი ბაბუა, ვის სახელსაც და გვარსაც ვატარებ - მიშა ელბაქიძე რაჭიდან გახლდათ, სოხუმში საქმიანობდა, იქ დაოჯახდა. მამაჩემიც იქ დაიბადა და შექმნა ოჯახი. მე 1986 წელს დავიბადე სოხუმში, 6 წლამდე იქ ვიზრდებოდი, შემდეგ სამწუხაროდ ყველაფერი აირია, ომი დაიწყო და სოხუმში მხოლოდ საბავშვო ბაღში სიარული მოვასწარი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის დატოვება ადრე მომიხდა, როგორც ვრაჭველობ, ასევე ვსოხუმელობ. რაჭა და სოხუმია ჩემთვის ორი ყველაზე განსაკუთრებული ადგილი... სადაც დავიბადე, ვიზრდებოდი და საიდანაც ჩემი ფესვები მოდის.
1992 წელს, სოხუმში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ - მე, დედა და ჩემი და ქუთაისში ნათესავებთან გადმოვედით. როგორც მაშინ გვეგონა -დროებით. მამა სოხუმში დარჩა, იბრძოდა, იყო სოხუმის ერთ-ერთი ბრიგადის ოპერატიული სამსახურის უფროსი. მახსოვს, ერთხელ ჩავაკითხეთ კიდეც... ომის დასრულების შემდეგ, როცა მამაც ჩვენთან ქუთაისში ჩამოვიდა დაახლოებით რვა წელიწადი დედის და მამის მხრიდან ნათესავებთან ვცხოვრობდით. დავამთავრე ქუთაისის პირველი კლასიკური გიმნაზია, სწავლა განვაგრძე საზღვარგარეთ ათი წელი იქ ვსწავლობდი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, ასპირანტურა). შემდეგ ისევ სამშობლოში დავბრუნდი. დავოჯახდი და ბოლო 6 წელია საცხოვრებლად მამაპაპისეულ ფუძეზე გადავედი, რაჭაში, სოფელ წესში, 130 წლის სახლში.

- რაჭაზე ალბათ ბავშვობიდან ძალიან ბევრი სანუკვარი მოგონებები გაქვთ..
- დიახ, ბავშვობაში, მიუხედავად დევნილობის რთული წლებისა, ყოველ ზაფხულს მე და ჩემი და მშობლებს რაჭაში დავყავდით. და ეს გახდა ჩვენთვის ერთადერთი ისეთი სახლი, რომელიც ბავშვობიდან მოგვყვება. იქ ბაბუას ძმები, დები გვხვდებოდნენ, მათაც ბაბუას და ბებიას ვეძახდით. ყოველი დღე სულ თბილად და ტკბილად მახსენდება, მათი გამომცხვარი ლობიანი, ხაჭაპური, გაკეცილს რომ მიირთმევ, ფქვილიან ხელს რომ „ფართუკზე“ გაისვამს ბებო და ისე შეგეგებება.
- როდის და როგორ მიიღეთ რაჭაში გადასვლის გადაწყვეტილება?
- ბოლო დროს რაჭაში უფრო ხშირად დავიწყე ჩასვლა, იქ მისასვლელი გზაც ჩვენი ძალებით გავაუმჯობესეთ. თუმცა გზის საკითხი დღემდე არ არის მოგვარებული. წესი კი არის გზისპირა სოფელი, მაგრამ ჩვენი სახლი მთის წვერზე მდებარეობს. მოსახლეობიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, სადაც ჩვენი სახლის გარდა სახლი არ იდგა. მინდოდა ჩვენი დიდი ტრადიცია, კულტურა, ადათ-წესი შემენარჩუნებინა, გამეზიარებინა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის. რამდენჯერაც სახლიდან მოვდიოდით და ბოქლომს დავადებდით, უკან რომ მივიხედავდი, ჩემთვის დიდი სევდა იყო. მსურდა, იქ რომ შუქი სულ ყოფილიყო, საკვამურიდან კვამლი ამოსულიყო და როცა დავოჯახდი, ამ საქმეში მეუღლემაც, ბავშვმაც მხარი ამიბეს. ერთ წელიწადს რაჭაში დაახლოებით რვა თვე ვიყავით და მაშინ გადავწყვიტეთ, ყველაფერი აღგვედგინა, დამატებით რამდენიმე სახლი აგვეშენებინა. სოფლებში მოვიძიე მიტოვებული, ნახევრად დანგრეული სახლები, შევიძინე, დავშალეთ და ჩვენს ეზოში კიდევ ორი სახლი ავაშენეთ. იდეა იყო, ამ სახლებისთვისაც სიცოცხლის შენარჩუნება. კიდევ 100 წელი მაინც „გავუხანგძლივეთ“ სიცოცხლე.

რაჭაში შემოსავლის წყაროსთვის საოჯახო სასტუმროს გაკეთება გადავწყვიტეთ. როცა სასტუმროს სახელზე მიდგა საქმე, ბევრი ვიფიქრეთ. გვსურდა რაჭული ყოფილიყო, თან ოჯახის ტრადიციებიდან გამომდინარე. – „აზნაურის სახლი“ დავარქვით. ელბაქიძეები აზნაურები იყვნენ, დიდი ბებო კი თავადის ქალი მხეიძე გახლდათ. სახლი, სადაც მე დავბრუნდი, 130 წლის არის და დიდი ბაბუის- ანთიმოზ ელბაქიძის აშენებულია, რომელსაც 9 შვილი ჰყავდა. ამ სახლს 28 მეტრი სიგრძის აივანი აქვს, ძველებური, მოჩუქურთმებული. ბორჯღალებით აქვს გაკეთებული მთელი სახლი. ძალიან განსაკუთრებული, გამორჩეული სახლია მთელს რაჭაში. ამ სახლში არაფერი არ შეგვიცვლია, როგორიც იყო, დღესაც ისეთივე დგას. ოთახებში თუ რამე შევმატეთ, ვცდილობდით აუცილებლად ავთენტური ყოფილიყო. როგორც მეზობლებმა მითხრეს ადრე თურმე ეზოში თონე ყოფილა. თონეც აღვადგინე, სადაც თონის პურის ცხობის მასტერკლასებსაც დღემდე პირადად ვუძღვები. ჩემი დიდი ბებიის - მარიამ მხეიძის ძმა - გიორგი მხეიძე ბეთანიაში წმინდანად არის შერაცხული, რომელიც მამა გაბრიელის სულიერი მოძღვარი იყო. წმინდა მამა გიორგი მხეიძის ბეღელი მაქვს მისი ეზოდან წამოღებული (რა თქმა უნდა ნებადართულად), აღვადგინე და „აზნაურის სახლის“ ეზოში მიდგას, რაც ჩემთვის ძალიან ღირებულია.


- რა იყო ყველაზე რთული და დამაბრკოლებელი თქვენთვის?
- ჩემს სახლამდე მოსასვლელი გზა დღემდე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანისთვის არის. ყველაფერი დიდი წვალებით ამოვიტანეთ, ძალიან ბევრი რამ გზაში ზიანდებოდა... შემდეგ ეკონომიკური მხარე, რადგან ტურიზმის ფერხულში ჩავებით და სახლები უნდა მოგვეწყო. ძალიან დიდ მადლიერებას გამოვთქვამ დონორი ორგანიზაციების მიმართ, ერთ-ერთი საერთაშორისო პროექტით გრანტი მივიღეთ. ეს გრანტი ძალიან დაგვეხმარა, ჩემთვის დიდი სტიმული და მოტივაცია იყო. მანამდე ზამთარში ხშირად სამი დღეც არ იყო შუქი და იზოლაციაში ვიყავით. დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ახლა უკვე მზის ენერგიებიც გვაქვს. ასევე შევიძინეთ ცხენები, სამი მე, ოთხი ჩემმა მეგობარმა. საცხენოსნო ტურებსაც ვაწყობთ, რომელსაც ჩვენი ადგილობრივი მეგობარი უძღვება. საკმაოდ სოლიდური შემოსავალიც აქვს, დღეში ზოგჯერ 600-700 ლარიც კი...
როდესაც სტუმრები გვყავს, დღესასწაულზე კულტურულ-ტრადიციულ საღამოებს ვთავაზობთ: ჩვენი მეგობარი მომღერლები, ქართულ ინსტრუმენტებზე ასრულებენ სიმღერებს, ქართულ ჩოხა-ახალუხში ჩაცმულები. ასევე გვყავს ადგილობრივი ტაქსის მძღოლები, მაღალი გამავლობის ავტომობილებით ამოჰყავთ სტუმრები. დასაქმებული მყავს ადგილობრივი მზარეული ქალბატონი, რომელიც 20-30 კაცზე ადგილობრივ, ტრადიციულ კერძებს უმზადებს სტუმრებს. მეზობლებისგან ვიძენთ ყველს, ფქვილს, ნატურალურ პროდუქტებს... ასე რომ, ჩემს სოფელში ჩემთან ერთად ათამდე ადამიანია ჩართული ამ ბიზნესში. არ შემიძლია ჩემი თანასოფლელების თანადგომა არ აღვნიშნო. ისინი რომ არა, მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი და ოცნებებს ვერ ავისრულებდი. ძალიან დიდი იყო თითოეული ჩემი თანასოფლელის თანადგომა როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად და ეს დღემდე გრძელდება.

- აღმშენებლობა გადამდებია, სხვებსაც ხომ არ გაუჩნდათ სურვილი, მამაპაპისეულ ფუძეს დაუბრუნდნენ?
- დიახ, უკვე ვიცი რამდენიმე ოჯახი, რომლებიც გადმოსვლას აპირებენ. ჩემს სახლთან ახლოს უკვე რამდენიმემ ჩადგა სახლი. მათაც ძველი სახლები იყიდეს, დაშალეს და გადმოიტანეს თავიანთი წინაპრების ფუძეზე. იმდენად ბევრს გაუჩნდა მოტივაცია, დღეში უამრავი შეტყობინება შემომდის. განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან აქტიურობენ. კონსულტაციას სიამოვნებით ვუწევ, ამ საქმეში ძალიან გავთვითცნობიერდი. ხელოსნის საქმეებიდან ბევრი რამ თავად შევისწავლე და ვაკეთებ. როგორც აღვნიშნე, მე და ჩემი წესელი მეგობრები ბევრ რამეს ვაკეთებთ გუნდურად და ამავდროულად მთელი სოფლისთვის სასარგებლოდ - მეგობრებმა მთაში ავაშენეთ პატარა შენობა, ასე ვთქვათ თავშესაფარი, ერთობლივი ძალებით ავაშენეთ ფანჩატური უბანში, ჩემს გვერდით მდგომ ადგილობრივ მეგობარს, რომელიც ბევრ რამეში მეხმარება, მას სოფელ ნიკორწმინდაში სახლი შევუძინე, დავშალე, გადმოვუტანე და ჩემთან ახლოს დავუდგი. იქაც მთლიანად სამეგობრომ ავიღეთ ჩვენს თავზე, დაშლაც და აწყობაც. ახლა უკვე შიდა ინტერიერს ვუწყობთ.

- სოფელი წესიც რაჭის სხვა სოფლების მსგავსად მოსახლეობისგან დაცარიელებულია?
- არა, პირიქით ძალიან მრავალრიცხოვანია მოსახლეობა ამ სოფელში. დღეს რაჭაში ყველაზე მეტი ახალგაზრდა ამ სოფელში ცხოვრობს. მათ შორის, სამი მსოფლიო ჩემპიონი, ერთი ძალოსნობაში და ორი თავისუფალ ჭიდაობაში. სადაც მე ვცხოვრობ, ის ადგილი არის მოსახლეობისგან დაშორებული, მაღლა ტყეში. ამიტომაც ჩემი მეუღლე და შვილი აქ მხოლოდ სასკოლო არდადეგებზე არიან.