მკვლელობა მოხდა გუშინ კახეთში. სოფელ შილდაში 51 წლის კაცმა საკუთარ სახლში მყოფ მეგობარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მიღებული დაზიანებებით 48 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოკლული და სავარაუდო ბრალდებული მეგობრები იყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
"ყველაფერი 31 დეკემბრის ღამეს დაიწყო, ასაბაშვილი მეკვლედ იმყოფებოდა მეგობართან. იქ დაიწყო კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე, ბევრ რამეს ჰყვებიან, ეს ახლა სალაპარაკოც არაა. ნოდარი ანუ მოკლული ნაცემიც ყოფილა, ხელი აქვს მოტეხილი. ანუ იმ ღამეს ჩიტაშვილსა და ასაბაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება ყოფილა.. ამის მერე რამდენიმე დღე გავიდა და გუშინ ჩიტაშვილმა მიაკითხა ასაბაშვილს სახლში და სასტიკად მოკლა, ყელი გამოჭრა" - გვიყვებიან ადგილობრივები.
"კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.