ბოლო წლების ყველაზე პოპულარული სამედიცინო ტრენდი — გასახდომი ინიექციები (Mounjaro, Wegovy), შესაძლოა, სერიოზული იმედგაცრუების მიზეზი გახდეს. ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც წონაში კლებისთვის ამ პრეპარატებს იყენებენ, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დაკარგულ კილოგრამებს 4-ჯერ უფრო სწრაფად იბრუნებენ, ვიდრე ისინი, ვინც დიეტითა და ვარჯიშით გახდა.
რას აჩვენებს ციფრები?
British Medical Journal-ში გამოქვეყნებული მონაცემებით, ინიექციების საშუალებით პაციენტები სხეულის მასის დაახლოებით 20%-ს კარგავენ. თუმცა, წამლის შეწყვეტისთანავე იწყება წონის სწრაფი მატება - საშუალოდ 0,8 კგ თვეში.
ეს იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც წელიწად ნახევარში პაციენტები იმავე წონას უბრუნდებიან, რომლითაც მკურნალობა დაიწყეს. შედარებისთვის: ვინც დიეტით იკლებს, წამლის გარეშე თვეში მხოლოდ 0,1 კგ-ს იმატებს.
რატომ ხდება ეს? – შიმშილის მწვავე შეგრძნების დაბრუნება
სურეის უნივერსიტეტის კვების სპეციალისტი, დოქტორი ადამ კოლინზი განმარტავს, რომ ეს პრეპარატები ჰორმონ GLP-1-ის იმიტაციას ახდენენ, რომელიც შიმშილის გრძნობას არეგულირებს.
"როდესაც ორგანიზმში ამ ჰორმონის დონეს ხელოვნურად, ნორმაზე რამდენჯერმე მაღლა ვინარჩუნებთ, სხეული წყვეტს საკუთარი ბუნებრივი ჰორმონის გამომუშავებას. როგორც კი ინიექციას წყვეტთ, მადა კონტროლს ექვემდებარება და გადაჭარბებული კვების რისკი კატასტროფულად იზრდება,“ - ამბობს კოლინზი.
პაციენტები ამ მდგომარეობას აღწერენ, როგორც მადის მყისიერ და უკონტროლო მოზღვავებას — თითქოს გონებაში მანამდე არსებული ბარიერი მოიხსნა, რასაც შიმშილის გაძლიერებული, თითქმის დაუძლეველი შეგრძნება მოჰყვება.
სპეციალისტების გაფრთხილება
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი სიუზან ჯები აღნიშნავს, რომ მომხმარებლებმა წინასწარ უნდა იცოდნენ წონის სწრაფი მატების რისკის შესახებ. მისი თქმით, ბევრი ექიმი უკვე მიიჩნევს, რომ ეს მკურნალობა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გაგრძელდეს, რადგან სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა.
მნიშვნელოვანი რეკომენდაციები:
ინექციები მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით (და არა მხოლოდ ესთეტიკური მიზნით) უნდა დაინიშნოს.
მკურნალობის პარალელურად აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა - ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა.
მხოლოდ პრეპარატის იმედად ყოფნა გრძელვადიან შედეგს არ იძლევა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისისთვის ყოველი მეათე ზრდასრული ადამიანი ან უკვე იყენებდა „გასახდომ ნემსებს“, ან აპირებდა მათ დაწყებას. აღსანიშნავია, რომ ქალები ამ მეთოდს ორჯერ უფრო ხშირად მიმართავენ, ვიდრე მამაკაცები.