აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს კირილ დმიტრიევს პარიზში შეხვდნენ, რათა უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებული აშშ-ის გეგმა განეხილათ, - ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც უიტკოფმა და კუშნერმა ორდღიანი მოლაპარაკებები გამართეს უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა Axios-ს განუცხადეს, რომ ზელენსკი, შესაძლოა, მომავალ კვირას აშშ-ში გაემგზავროს და დონალდ ტრამპს შეხვდეს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების მისაღწევად. კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ისინი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს შეხვდნენ ერთმანეთს.