თუ ამიშები ამერიკის სოფლებში მე-18 საუკუნეს ინარჩუნებენ, არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც თანამედროვე მეგაპოლისების შუაგულში ცხოვრობს, თუმცა ცივილიზაციასთან მხოლოდ მინიმალური შეხება აქვს. შავი პალტოები, გრძელი პეისები (კულულები), ბეწვის ქუდები და რადიკალური იზოლაცია - ეს ჰასიდები არიან, იუდაიზმის ყველაზე მისტიკური და ჩაკეტილი მიმდინარეობის წარმომადგენლები.

ყველაფერი უკრაინიდან დაიწყო: მისტიკა და სასწაულები
ბევრისთვის გასაკვირია, მაგრამ ეს გლობალური მოძრაობა მე-18 საუკუნეში, თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე (პოდოლსკის ოლქი) დაიბადა. მისი დამაარსებელი, ისრაელ ბენ ელიეზერი, იგივე ბაალ-შემ-ტოვი, უბრალო ხალხს ასწავლიდა, რომ ღმერთთან კავშირი არა მხოლოდ წიგნების კითხვით, არამედ ცეკვით, სიმღერითა და ემოციური სიხარულით მყარდება.
ჰასიდებისთვის მთავარი ფიგურა არის რებე-ცადიკი - სულიერი ლიდერი, რომელიც ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლად ითვლება. მათ სჯერათ, რომ მათ რებეს სასწაულების მოხდენა შეუძლია. ჰასიდები თავიანთ წინამძღოლს ყველაფერში ბაძავენ: როცა რებე იღიმის - ყველა იღიმის, როცა რებე ცეკვავს - მთელი თემიც ცეკვავს.
"ფორმა, რომელიც დროს არ ემორჩილება": რატომ აცვიათ ასე?
ჰასიდის დანახვაზე პირველი, რაც თვალში გხვდებათ, მათი ჩაცმულობაა, რომელიც მე-18 საუკუნის პოლონურ-უკრაინულ მოდას იმეორებს.
შტრაიმლი (ბეწვის ქუდი): ეს არის მელიის კუდისგან დამზადებული უზარმაზარი ქუდები, რომლებსაც მხოლოდ შაბათსა და დღესასწაულებზე ატარებენ. ასეთი ქუდის ღირებულება ხშირად რამდენიმე ათასი დოლარია.

თეთრი ზედა, შავი ქვედა: ეს სიმკაცრისა და სულიერი სისუფთავის სიმბოლოა.
ჰალსტუხის აკრძალვა: ბევრი ჰასიდი უარს ამბობს ჰალსტუხზე, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ფორმით ჯვარს წააგავს.
პეისები: თმის ეს კულულები ბიბლიური მცნების გამოხატულებაა, რომელიც კრძალავს საფეთქლებთან თმის მოჭრას.
ქალები პარიკებით და ბავშვები ინტერნეტის გარეშე: ცხოვრება ჰასიდურ ოჯახში
ჰასიდური თემი წარმოუდგენელია მრავალშვილიანი ოჯახების გარეშე. აქ 7-10 შვილი ჩვეულებრივი მოვლენაა და ბავშვების აღზრდა თემის გადარჩენის მთავარ პირობად ითვლება. თუმცა, ამ ბავშვების ბავშვობა რადიკალურად განსხვავდება მათი თანატოლებისგან.

განათლება და „ტექნოლოგიური შიმშილი“
ჰასიდი ბავშვები დაბადებიდანვე იზოლირებულნი არიან თანამედროვე გასართობებისგან. მათ არ იციან, რა არის ვიდეოთამაშები, YouTube ან სოციალური ქსელები. სკოლებში (ხედერებში) ბიჭები ძირითადად რელიგიურ ტექსტებს სწავლობენ, გოგონები კი უფრო ზოგად განათლებასაც იღებენ, თუმცა მათი მთავარი ორიენტირი მომავალი დედობა და ოჯახის მართვაა. საინტერესოა, რომ ჰასიდურ ოჯახებში იშვიათად ნახავთ სათამაშოებსაც კი, რომლებიც რელიგიურ ჩარჩოებს სცილდება.
ქალების საიდუმლო „მორჩილება“
ჰასიდურ სამყაროში ქალი ოჯახის ბურჯია, თუმცა მისი გარეგნობა და ქცევა მკაცრად რეგულირდება „ცნიუტის“ (მოკრძალების) კანონებით:

ქორწინების შემდეგ ქალი ვალდებულია თმა დაიფაროს. ბევრ რადიკალურ თემში ქალები თმას იპარსავენ და მას შემდეგ მთელ ცხოვრებას პარიკს ან თავსაბურავს ატარებენ. ითვლება, რომ ქალის სილამაზე მხოლოდ მისი ქმრისთვისაა განკუთვნილი.
დაშვებულია მხოლოდ გრძელი ქვედაბოლოები, მაღალი საყელოები და იდაყვამდე დაფარული მკლავები. შავი კოლგოტები კი სავალდებულო ატრიბუტია წელიწადის ნებისმიერ დროს.
ხშირად ხდება ისე, რომ სანამ ქმარი მთელ დღეებს ლოცვასა და თორის შესწავლას უთმობს, ოჯახის ეკონომიკური ტვირთი ქალზე გადადის. ისინი მუშაობენ მასწავლებლებად, ფლობენ მცირე მაღაზიებს ან მუშაობენ დისტანციურად, თუმცა ამავდროულად ახერხებენ მრავალრიცხოვანი ოჯახის მოვლასაც.

ქორწინება გარიგებით
ჰასიდებში „შემთხვევითი სიყვარული“ არ არსებობს. წყვილებს ერთმანეთს სპეციალური მაჭანკლები (შადხანები) აცნობენ. მომავალი ნეფე-პატარძალი ერთმანეთს მხოლოდ რამდენჯერმე ხვდება, რის შემდეგაც ოჯახები ქორწინებაზე თანხმდებიან. მიუხედავად ასეთი მკაცრი წესებისა, ჰასიდურ თემში განქორწინების პროცენტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
ჰასიდი ქალები ქუჩაში ნაკლებად შესამჩნევები არიან.
მკაცრად დაცულია მოკრძალების წესები:
ქალები და კაცები ერთად არ ერთობიან. აკრძალულია შერეული ცურვა, ქალებს არ შეუძლიათ სცენაზე გამოსვლა მამაკაცების წინამ განცალკევების გამო იქმნება ძლიერი „ქალების სამყარო“, საკუთარი წესებითა და კულტურით.
ყველა ჰასიდური ჯგუფი ერთნაირი არ არის. ყველაზე ღია და აქტიური მოძრაობაა ლუბავიჩი (ჩაბადი), რომელიც ნიუ-იორკის Crown Heights-შია დაფუძნებული.
აქ ქალებს უფრო ფართო შესაძლებლობები აქვთ:
სწავლობენ, წერენ, გამოდიან... ლექტორებად მუშაობენ უნივერსიტეტებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში. ლუბავიჩი ქალები აქტიურად ცდილობენ სხვა ებრაელების ჩართვას რელიგიურ ცხოვრებაში - სანთლების ანთების, ოჯახური წესებისა და ტრადიციების პოპულარიზაციით.

თანამედროვე ეპოქა და ინტერნეტი
ინტერნეტმა ჰასიდურ სამყაროშიც შეაღწია. მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, ბევრ ოჯახში იყენებენ მობილურებსა და სოციალურ ქსელებს. ლუბავიჩი საზოგადოება ტექნოლოგიას იყენებს საკუთარი იდეების გასავრცელებლად - პოდკასტებით, ბლოგებითა და რელიგიური გვერდებით. თუმცა ჰასიდური უბნები (მაგალითად, მეა-შეარიმი იერუსალიმში ან უილიამსბურგი ნიუ-იორკში) ნამდვილი „რეზერვაციებია“. იქ შესულ ტურისტს შეიძლება ძალიან ცუდად შეხვდნენ, თუ ის შაბათს მობილური ტელეფონით ხელში გამოჩნდება.
ინტერნეტი მათთვის „ბოროტების წყაროა“. ბევრ ოჯახში ტელევიზორი საერთოდ არ აქვთ, ხოლო თუ სმარტფონს იყენებენ, მასზე დაყენებულია სპეციალური „ებრაული ფილტრი“, რომელიც ბლოკავს ყველა გასართობ და არარელიგიურ საიტს.
იდიში - ენა, რომელიც ჰასიდებმა გადაარჩინეს
საინტერესოა, რომ ჰასიდები ყოველდღიურ ცხოვრებაში ივრითზე (ისრაელის სახელმწიფო ენა) არ საუბრობენ. მათთვის ივრითი წმინდა ენაა, რომელიც მხოლოდ ლოცვისთვისაა განკუთვნილი. ამის ნაცვლად, ისინი ინარჩუნებენ იდიშს - გერმანულ-ებრაულ დიალექტს, რომელიც ჰოლოკოსტის შემდეგ თითქმის გაქრა, თუმცა ჰასიდურ ოჯახებში ის დღემდე ცოცხლობს.
რატომ მიდიან ყოველ წელს უკრაინაში?
ყოველ შემოდგომაზე, უკრაინის პატარა ქალაქი უმანი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა. აქ ათიათასობით ჰასიდი ჩადის. მიზეზი რებე ნახმანის საფლავია.
რებე ნახმანმა, რომელიც ბრაცლაველი ჰასიდების ლიდერი იყო, სიკვდილის წინ დაიბარა: „ვინც ჩემს საფლავზე მოვა, ილოცებს და მოწყალებას გასცემს, მას ყველაზე მძიმე ცოდვებისგანაც კი დავიხსნიო“. ამიტომ, ჰასიდისთვის უმანში წასვლა ცხოვრების მთავარი მოვლენაა. იქ ისინი ისე იქცევიან, თითქოს საკუთარ სახლში იყვნენ - მღერიან, ცეკვავენ ქუჩებში და სრულ იგნორირებას უკეთებენ გარე სამყაროს.

სტერეოტიპი თუ რეალობა: მუშაობენ თუ არა ჰასიდები
ისრაელში ჰასიდების მიმართ ხშირად აგრესიული განწყობაა. მიზეზი ისაა, რომ მამაკაცების დიდი ნაწილი არ მსახურობს ჯარში და არ მუშაობს - ისინი მთელ დროს თორის შესწავლას უთმობენ და სახელმწიფო შემწეობით ცხოვრობენ. თუმცა, ამერიკაში (ნიუ-იორკში) ჰასიდები საკმაოდ აქტიურები არიან ბიზნესში, განსაკუთრებით ძვირფასი ქვების (ალმასების) ვაჭრობასა და უძრავი ქონების სფეროში.
ჰასიდები - ეს არის სამყარო, სადაც წარსული აწმყოზე ძლიერია. ისინი ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია 21-ე საუკუნეში ნიუ-იორკის ცენტრში ცხოვრობდე, მაგრამ ფიქრებითა და წესებით მე-18 საუკუნის უკრაინულ სოფელში რჩებოდე.