ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ჩამოაგდებენ.
„ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“, - განაცხადა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში.
მისი თქმით, ისლამური რესპუბლიკა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე უკან არ დაიხევს.
მისი თქმით, დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტის საამებლად მოქმედებენ.
„უნდათ, მას ასიამოვნონ. მან რომ ქვეყნის მართვა იცოდეს, საკუთარ ქვეყანას მართავდა“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებში ბევრი პრობლემაა.
„აშშ-ის პრეზიდენტის ხელები 1000-ზე მეტი ირანელის სისხლით არის შეღებილი“, - აღნიშნა ხამენეიმ.
მან მხარდამჭერებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, შეინარჩუნეთ მზადყოფნა და ერთიანობა. გაერთიანებული ერი ნებისმიერ მტერს დაამარცხებს“, - აღნიშნა ხამენეიმ.
შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციები, დაახლოებით, ორი კვირის წინ ირანული ვალუტის გაუფასურების გამო გამოწვეული უკმაყოფილებით დაიწყო და ქვეყნის 31-ვე პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი საინფორმაციო სააგენტო (HRANA) აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 34 მომიტინგე და უსაფრთხოების სამსახურის რვა დაცვის თანამშრომელი დაიღუპა, 2 270 მომიტინგე კი დააკავეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ისმის მომიტინგეების ხმა, რომლებიც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადაყენებას და გარდაცვლილი ყოფილი შაჰის გადასახლებული შვილის, რეზა ფეჰლევის დაბრუნებას მოითხოვენ.