შესაძლებელია თუ არა სტიქიური უბედურების წინასწარ პროგნოზირება და პრევენცია, ასევე ემუქრებათ თუ არა თბილისისა და დიდი ქალაქების მცხოვრებლებს სერიოზული საფრთხე - გაზეთი "კვირის პალიტრა" ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს ესაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:
- როგორი ზამთარი ელის საქართველოს?
- ჯერჯერობით ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. არც შარშან ველოდით ასეთ დიდთოვლობას და არც ახლა ვიცით, როდის რომელი ციკლონი შემოაღწევს საქართველოში. სამწუხაროდ, ბუნებრივ კატასტროფას მარტივად ვერ ავიცილებთ თავიდან. მეტეოროლოგიის სამსახურს აქვს წინასწარი შეტყობინების სისტემა და მოსახლეობას აფრთხილებს კიდეც, უბრალოდ, ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია... მეორე მხრივ, ცნობილია, სად არის გააქტიურებული მეწყერი, რაც ასევე პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ასეთი ტიპის ბიულეტენები ყოველთვის ეგზავნება ადგილობრივ თვითმმართველობებს, რის შემდეგაც ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ.
- საქართველოში თუ არსებობს კერები, სადაც შესაძლოა შოვის ტრაგედიის მსგავსი სტიქიური უბედურება განვითარდეს?
- რა თქმა უნდა, და ეს არის ცენტრალური კავკასიონი, აჭარა და თრიალეთის ქედი. რამდენადაც ვიცი, გამოიკვეთა საფრთხის ზონები და შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად მომზადდა სპეციალური რუკებიც, რომელსაც, ვიმედოვნებ, მალე გამოაქვეყნებენ. საფრთხის ზონა ისაზღვრება იმის მიხედვით, არის თუ არა სიახლოვეს დასახლებული პუნქტი - ანუ ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, სად არის ყველაზე დიდი რისკი... შემდეგ მოდის დაუსახლებელი პუნქტები. გაფრთხილების ისეთი სისტემა, როგორიც დევდორაკზე გაკეთდა, ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ამ სისტემამ კარგად იმუშავა და დევდორაკის მეწყრის გააქტიურებამდე ერთი დღით ადრე მოსახლეობა გაიყვანეს. ამიტომ ამ ტიპის სისტემების არსებობა კრიტიკული მნიშვნელობის ადგილებზე აუცილებელია.
- სად მდებარეობს მეწყერსაშიში ზონები თბილისში?
- დედაქალაქს ბევრი მეწყრული კერა აქვს, მათ შორის აქტიურია 10 მეწყერი, რომლებზეც მუდმივად ხორციელდება დაკვირვება, განსაზღვრულია მათგან მომდინარე საფრთხეებიც. ეს არის ვაკე, ვაშლიჯვარი, ცირკის მიმდებარე ტერიტორია, ძალიან დიდი მეწყერია კონიაკის დასახლებაში, საკმაოდ მოძრავი ქანებია მუხათგვერდში და ა.შ. არსებობს ამ კერების რუკაც და ხელმისაწვდომია ყველასთვის. დეველოპერებმა, რომლებიც ამ ზონებში მშენებლობებს აწარმოებენ, უნდა დაიცვან შესაბამისი სტანდარტები, ხოლო კონტროლს უნდა ახორციელებდეს მერია.
- ქვეყნის მასშტაბით თუ არის საკმარისი ის 2 რადარი, რომელიც ქუთაისთან და თბილისთან ახლოსაა დამონტაჟებული, დიდი ნალექის პროგნოზირებისთვის?
- რადარები იძლევა ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის ნალექი მოვიდა, ასევე იძლევა სურათს ქარების მიმართულების შესახებ, თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩვენი მეტეოროლოგები დამატებით ხელსაწყოებს ითხოვდნენ მაღალ მთაში საჭირო სამუშაოებისთვის. გააგრძელეთ კითხვა