აშშ-ში, პენსილვანიის შტატის ბაქსის ოლქის პოლიცია ეძებს მძღოლს, რომელმაც, მათი თქმით, ახალი წლის დღეს “Feasterville“- ის კლუბისა და ლაუნჯის ავტოსადგომზე მყოფ ქვეითთა ჯგუფს მანქანა განზრახ დააჯახა, რის შედეგად 29 წლის მამაკაცი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
სამართალდამცავების განცხადებით, ძებნა გამოცხადებულია ფილადელფიაში მცხოვრებ 22 წლის რობა გასიტაშვილზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს cbsnews-ი
დანაშაულის ადგილის გავრცელებულ კადრებში ჩანს შენობა წარწერით "ქართული ღვინის სახლი",
პოლიციის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების პირველი იანვრის ჩანაწერებში ჩანს, დაახლოებით ღამის ორი საათზე, როგორ მართავს გასიტაშვილი თეთრ Volkswagen Jetta Hive Lounge-ის ავტოსადგომზე. “შემდეგ ის ავტოსადგომზე მყოფი ხუთი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის მიმართულებით განზრახ აჩქარებს ავტომობილს, ეჯახება სამ ადამიანს და ორ ავტომობილს აზიანებს, ამის შემდეგ მძღოლი აგრძელებს შენობის გარშემო წრის დარტყმას ქვეითად მოსიარულეების მიმართულებით, რომლებმაც ძლივს ახერხებენ შეჯახების თავიდან აცილებას".
პოლიციის დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ფილადელფიის მკვიდრ 22 წლის რობა გასიტაშვილს ბრალი ედება მკვლელობის მცდელობაში, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმასა და გაუფრთხილებლად სხვა პირის საფრთხეში ჩაგდებაში.
"ცხადია, ადგილი ჰქონდა გარკვეულ კონფლიქტს. ასევე, როგორც ირკვევა, არსებობდა ენობრივი ბარიერები - ჯერ კიდევ ვცდილობთ გავარკვიოთ, რასთან იყო დაკავშირებული ეს დავა", - თქვა კრიმელმა.
გამომძიებლების თქმით, გასიტაშვილის ავტომობილი მოგვიანებით ახლომდებარე სავაჭრო ცენტრის პარკინგზე უპატრონოდ იპოვეს. ავტომობილს ჰქონდა მნიშვნელოვანი დაზიანებები, მათ შორის ჩატეხილი საქარე მინა, კაპოტზე კი იყო სისხლის კვალი. მანქანა რეგისტრირებულია თავად გასიტაშვილის სახელზე.
პოლიციის ვარაუდით, რობა გასიტაშვილმა შესაძლოა ქვეყანა დატოვა.
პოლიციელები მისი ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ. ნებისმიერს, ვისაც ინფორმაცია აქვს, შეუძლია დაუკავშირდეს ნომერზე 215-357-1234 ან ელექტრონული ფოსტით tipline@lstwp.org.