მისთვის ცეკვა ცხოვრებაც არის და გატაცებაც. უზომოდ უყვარს და როგორც ამბობს, ცეკვის სულ უფრო უკეთ შესასწავლად ძალას არ იშურებს... 7 წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს, სკოლა იქ დაამთავრა და უნივერსიტეტშიც იქ სწავლობს. არდადეგებზე მშობლებთან, საქართველოში ყოველთვის ჩამოდის. ნიტა ლომიძეს აქ ბავშვობიდან იცნობენ. ნიჭიერებით პატარაობიდანვე მიიქცია ყურადღება. რამდენიმე ფილში გადაიღეს, მაგრამ 13 წლის ასაკში ყველაზე დიდი წარმატება პროექტში "შენ შეგიძლია ცეკვა" გამარჯვება იყო.
მშობლები ვახსენე და ალბათ უკვე მიხვდით კიდეც, ცნობილი ადამიანები არიან - ნიკა ლომიძეს და თეა გობეჯიშვილს ჩვენში დიდი წარდგენა აღარ უნდა. როგორც თავისი საქმის პროფესიონალებს ბევრი წელია იცნობენ.
ნიტა სანამ ამერიკაში დაბრუნდება AMBEBI.GE-სთვის ინტერვიუ მოგვცა.
"ცეკვის გარდა, ბევრი რამ მაინტერესებს. საერთოდ ხელოვნება ძალიან მიყვარს... თუ დრო მაქვს, ან ვიკითხო, ან წავიდე მუზეუმში, მიყვარს იქ სიარული, მეგობრებთან ერთად ყოფნაც" - ასე დაიწყო ჩვენი ინტერვიუ.
- ე.ი. არდადეგებზე საქართველოში, სახლში, მშობლებთან ჩამოხვედი...
- კი, არდადეგები მაქვს და 15 დეკემბერს ჩამოვედი. საერთოდ როცა ამის დრო მაქვს, ყოველ წელს ჩამოვდივარ, ზაფხულშიც და ზამთარშიც. ამ პერიოდს მოუთმენლად ველოდები ხოლმე. როგორც ყოველთვის, დროს სასწაულად ვატარებ, რადგან ძალიან მიყვარს აქაურობა, ჩემი მეგობრები, ოჯახი. ასე კარგად რომ ვგრძნობ ხოლმე აქ თავს, წასვლაც აღარ მინდა, მაგრამ იქ ვსწავლობ და აუცილებლად უნდა წავიდე... უკვე 7 წელია, ამერიკაში ვარ.

- როგორც ვიცი, სკოლაც იქ დაამთავრე...
- მეათე კლასიდან წავედი და სკოლა იქ დავამთავრე. მერე ერთ-ერთ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაზე ჩავაბარე, სადაც ერთი წელი ვისწავლე, მაგრამ ისევ ცეკვას დავუბრუნდი და ახლა მესამე კურსზე ვარ. უნივერსიტეტში ცეკვას ვსწავლობ.
- ისე გიყვარს ცეკვა, რომ თავს ვერ ანებებ, ხომ?
- დიახ, თუმცა ძალიან მიყვარს ფსიქოლოგიაც და მეგონა, რომ ეს იქნებოდა ჩემი მომავალი პროფესია. ამიტომ ვეცადე, ამ კუთხით მესწავლა, მაგრამ პირველი სემესტრის, პირველი თვის შემდეგ მივხვდი, რომ ცეკვის გარეშე ძალიან მიჭირდა. არ ვიცი, მთელი წელი როგორ გავუძელი. სულ ცეკვა მინდოდა და დრო არ მქონდა, რის გამოც ძალიან ცუდად ვიყავი. მოკლედ მის გარეშე ვერ გავძელი.

- ცეკვა საქართველოში ისწავლე - როგორც მახსოვს, ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიც სწავლობდი. ამის გარდა დედა ცნობილი მოცეკვავე გყავს. კონკრეტულად როდის და როგორ გაგიჩნდა პირველად ცეკვის მიმართ ინტერესი?
- 12 წლის ვხდებოდი, რომ მხატვრული ტანვარჯიშიდან საბალეტო სკოლაში გადავედი და იმის შემდეგ ბალეტის სწავლა დავიწყე და ასე თუ ისე, სხვა ცეკვებისაც (თანამედროვე ცეკვებს ვგულისხმობ). მაშინ საქართველოში ამის მასწავლებლები არ გვყავდა, სწავლას ჩემით ვცდილობდი, მეხმარებოდა ვიდეოები და რა თქმა უნდა, მეხმარებოდა დედაჩემიც. მერე გავიმარჯვე პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“ და საზღვარგარეთ (აშშ) საზაფხულო სკოლაში წავედი, სადაც სხვადასხვა ცეკვას ასევე მასწავლიდნენ... იმ უნივერსიტეტში, რომელშიც ახლა ვსწავლობ, მისი საზაფხულო სკოლა იყო.
- საყვარელ საქმეს კი აკეთებ, მაგრამ ამერიკაში რაღაც ეტაპზე იმედები ხომ არ გაგიცრუვდა?
- არა, ძალიან კმაყოფილი ვარ. საზაფხულო სკოლაში რომ წავედი, მერე უნივერსიტეტიდან მოწვევა მომივიდა, მაგრამ პატარა ვიყავი და ვერ წავიდოდი. ერთი წელი დაველოდე. მოკლედ, მერე სკოლაში და იქვე დავამთავრე.
- რა არის შენთვის ცეკვა, რა ემოცია ახლავს ამ ყველაფერს და ცეკვით რას გადმოსცემ?
- ჩემი ცხოვრებაა, ამით ვსუნთქავ და ამით გამოვხატავ ყველა ემოციას. როცა ვცეკვავ, თითქოს სხვა განზომილებაში გავდივარ და აქ არ ვარ. ჩემს სხეულს, გონებას მაქსიმალურად ვგრძნობ და ეს არის სრული ნეტარება.

- დედა მოცეკვავე რომ არ ყოფილიყო, ცეკვით ასე დაინტერესდებოდი?
- არ ვიცი, დედამ და ბებომ იმდენი რამ გააკეთეს ჩემს პატარაობაში, ჩემი ცხოვრება სხვანაირად არც წარმომიდგენია. ისინი ჩემი დიდი გულშემატკივრები არიან. ბებოს ცდილობს, რომ ყველაფერში ახლაც დამეხმაროს.
- რა სხვაობაა აქაურსა და ამერიკაში ნასწავლ ცეკვას შორის?
- ჩემთვის ყველაზე დიდი განსხვავება სწავლებაში იყო, - სწავლების სხვადასხვანაირი სტილი აქვთ. მასწავლებლები ხმას არ აუწევენ, დაძალებით არაფერს აკეთებენ. ამით ხვდები, რომ შენი თავი თვითონ უნდა „გაქაჩო“. თუ საკუთარ თავზე არ იმუშავებ, არავინ დაგეხმარება. სხვათა შორის, ეს ძალიან მომეწონა. აქ თითქოს ბალეტზე გული აცრუებული მქონდა. დიდად აღარც მსიამოვნებდა ცეკვა და ცეკვის სიყვარული ამერიკაში თავიდან ვისწავლე. ახლა ყველანაირ ცეკვას ვსწავლობ - ბალეტსაც, თანამედროვესაც, მოდერნსაც, ჰიპ-ჰოპსაც, თეატრალურ ცეკვასაც - ბროდვეის სტილს...

- უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შენს თავს სად წარმოიდგენ?
- მინდა, რომ ისევ საზღვარგარეთ გავაგრძელო, რადგან საქართველოში იმის შესაძლებლობა არ არის, რომ ჩემი პროფესიით რამე გავაკეთო. ძალიან მინდა, სცენაზე ვიდგე, ბროდვეიზეც ვიყო, სხვადასხვა დასში. ყველანაირი სტილი და მიმართულება მინდა, ვცადო და ამის შემდეგ აუცილებლად ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს მოვახმარო.
- გარდა იმისა, რომ ცეკვავ, ძალიან არტისტული ხარ. ეს ჯერ კიდევ შენს ბავშვობაში გამოვლინდა, არაერთ ფილმში ხარ გადაღებული. თეატრში, დრამის მსახიობობა არ გინდა?
- ჩემი ეს უნარი სცენაზე ძალიან მეხმარება. უნივერსიტეტში უკვე დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ძალიან მიხარია. ერთი სული მაქვს, მაინტერესებს, ვნახო, როგორი იქნება. დიდი ხანია, ამ განხრით არ მიმიღია არსად მონაწილეობა. მინდა, ამ კუთხითაც გავაგრძელო.

- მოკლედ, ამერიკაში კარგად ადაპტირდი, ხომ?
- კი. დიდი თავისუფლებაა. მომწონს, რომ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან და ამდენი ქვეყნის წარმომადგენელთან მაქვს ურთიერთობა. ვეცნობი მათ კულტურას, მაგრამ ზოგადად რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ჩემი ოჯახი აქ არის და მე იქ ვარ. სასწაულად მენატრება მშობლები. რომ მივდივარ, აქედან, პირველივე დღიდან ვიწყებ ათვლას, როდის ჩამოვალ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ყოფნა არ მომწონს.
- რა თვისებები გამოგიმუშავა ამერიკამ?
- ალბათ უფრო სხვანაირი თვალით ვუყურებ ყველაფერს და ალბათ უფრო ეს მასწავლა. ვისწავლე რაღაცებს სხვადასხვანაირი კუთხით შევხედო და გადაწყვეტილება მალევე არ მივიღო. არ შევიქმნა ადამიანის ან სიტუაციის მიმართ რაღაც განწყობა. ამიტომ, სანამ რამეს შევაფასებ, ვცდილობ, იმის შესახებ მეტი რესურსი მოვიძიო.

- როგორც მითხარი, ბევრი ქვეყნის წარმომადგენელთან მიწევს ურთიერთობაო. რა იციან მათ საქართველოს შესახებ?
- ზოგმა იცის საქართველოს შესახებ, ზოგმა - არა - ორივე მოსაზრება მსმენია. როცა ვახსენებ, საქართველოდან ვარ-თქო, - აუ, შტატებიდან ხარ? არა, საქართველოდან, - ამას რომ ვიტყვი, მერე იწყებენ, რომ თქვენი სპორტსმენები როგორ ასახელებენ ხოლმე ქვეყანასო...
- სასიამოვნოა ამის მოსმენა... შენი მშობლები ცნობილი ადამიანები არიან. როგორია შენი თვალით დანახული ნიკა ლომიძე და თეა გობეჯიშვილი?
- ჩემი მშობლები ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაციაა. აქამდეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ისინი როგორც მუშაობენ, როგორი შრომის მოყვარე ადამიანებიც არიან, რასაც სულ ვუყურებდი, ალბათ ამის გამო ვარ მეც ასეთი. რაც მიყვარს, მისი გაკეთება არასდროს მეზარება. დედა ყველაფრის უფლებას მაძლევს და ამბობს, რომ ყველაფერში მართალი ვარ, მამაც ბევრი რაღაცის უფლებას მაძლევს, მაგრამ არის მომენტები, ალბათ როცა საჭიროა, შენიშვნას მეუბნება. როცა ეს ხდება, ე.ი. მართლა შემეშალა. საერთოდ შენიშვნას ორივე მშობლისგან ვითვალისწინებ, მაგრამ მამამ დარიგება ცოტა სხვანაირად იცის - გულზე სხვანაირად გხვდება. საერთოდ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. დედაჩემი ყოველთვის ჩემი მასწავლებელი იყო, მაგრამ ახლა რაც წლები გავიდა და რაც ამერიკაში წავედი, ჩვენი ურთიერთობაც შეიცვალა, მეტად მეგობრული გახდა.

- როგორი იყო საქართველოში წელს შენი საახალწლო თავგადასავალი... ვიცი, რომ მამას წელს ახალი ნაძვის ხე შეაძენინე...
- ძალიან მიყვარს აქაური ახალი წელი. მიყვარს ოჯახთან შეხვედრა და ყოფნა. ეს დღესასწაული რაღაცნაირად მეტად ოჯახურ შეგრძნებებს აღვივებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სახლი ამ დროს ლამაზად იყოს, საახალწლო განწყობა რომ შეიქმნას. ვლაპარაკობდით, რომ ძველი ნაძვის ხე არ გვინდა. ბებო ამბობდა, რომ მე არ დავდგამო, მამაც ამბობდა, მეზარებაო. შევთავაზე, ახალი ვიყიდოთ-მეთქი და ყველას გაუხარდა. ჩემი იდეა იყო და მერე მამამ იყიდა. როგორც ყოველთვის, ახალ წელს ახლაც სახლში შევხვდი. მერე მეგობრებთან ერთად წავედი და მთელი საღამო მათთან ერთად გავატარე. ახლა ბორჯომში ვარ (ინტერვიუ ჩაწერილი 6 იანვარს. - ავტ.) აქაურობა ძალიან მიყვარს, რადგან პატარა რომ ვიყავი, ზაფხულს ყოველთვის აქ ვატარებდი და ამიტომ, ვცდილობ, რომ წლების მერეც ჩამოვიდე ხოლმე.
- როგორია შენი სამომავლო გეგმები?
- მომავალ წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ და კასტინგებზე სიარულს დავიწყებ, შევეცდები, სხვადასხვა კასტინგზე გავიდე. ვნახოთ, რა იქნება. რასაც ცხოვრება და დრო მოიტანს, იმას გავაკეთებ. ყველაფრისთვის მზად ვარ. მენატრება კამერასთან მუშაობა და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მივიღებ ამაში მონაწილეობას. უახლოეს მომავალში ყველაფერი კასტინგებზე იქნება დამოკიდებული.
წაიკითხეთ ასევე: