მადრიდის სასამართლოში UFC-ის ორგზის ჩემპიონისა და ქართველი გულშემატკივრების ფავორიტის, ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ვენესუელელი ბიზნესვუმენის, ჯორჯინა უზკატეგის დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა. "მატადორმა" პირველი სამართლებრივი გამარჯვება უკვე მოიპოვა - მოსტოლესის სასამართლომ სრულად უარყო უზკატეგის მოთხოვნა, რომელიც მათი საერთო შვილის აშშ-ში წაყვანას ითხოვდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება: ბავშვი ესპანეთს ვერ დატოვებს
სასამართლო დავა, რომელიც 7 იანვარს გაიმართა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჯორჯინა უზკატეგი მოსამართლისგან ითხოვდა ნებართვას, რომ მათ წლინახევრის ქალიშვილთან ერთად მაიამიში (აშშ) გამგზავრებულიყო. თუმცა, მოსამართლემ დააკმაყოფილა თოფურიას მხარის მოთხოვნა და ბავშვს ესპანეთის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა. გადაწყვეტილების მიხედვით, მცირეწლოვანი გოგონა, რომელიც 2024 წლის ივლისში დაიბადა, ვერ გავა ქვეყნიდან მოსამართლის ექსკლუზიური ნებართვისა და მეურვეობის საბოლოო შეთანხმების გარეშე.
საეჭვო ვადები და წინასწარ ნაყიდი ბილეთები – ილიას ადვოკატების მთავარი არგუმენტი
საქმეში გამოიკვეთა ერთი სკანდალური დეტალი, რომელმაც შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია:
როგორც გამოცემა ABC იუწყება, თოფურიას დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება, რომ ბილეთები მაიამის მიმართულებით ჯორჯინას მიერ შეძენილი იყო მანამ, სანამ ის სამართალდამცავებს მიმართავდა. სწორედ ამიტომ, სპორტსმენის გარემოცვა მიიჩნევს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია ბავშვის აშშ-ში საცხოვრებლად გადასაყვანად.
რატომ უწევს თოფურიას "ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოში" სიარული?
საზოგადოებაში კითხვები გააჩინა იმ ფაქტმა, რომ ილია თოფურია "ქალთა მიმართ ძალადობის" სპეციალიზებულ სასამართლოში გამოცხადდა. ილიამ ამ თემაზე განმარტება ჟურნალისტებთან გააკეთა:

"ეს ესპანური სასამართლო სისტემის თავისებურებაა. მას შემდეგ, რაც ჩემს წინააღმდეგ ძალადობის შესახებ საჩივარი შევიდა, ყველა სხვა ადმინისტრაციული და ოჯახური საკითხი, მათ შორის ბავშვის გამგზავრების თემაც, ავტომატურად ამ სასამართლოს დაექვემდებარა. მე აქ ოჯახურ და ადმინისტრაციულ საკითხზე ვარ და არა ძალადობის გამო ჩვენების მისაცემად. როცა საჭირო იქნება, მაგ საკითხზეც სიამოვნებით წარვდგები სასამართლოს წინაშე," - განაცხადა სპორტსმენმა.
"4 თვეა შვილი არ მინახავს" – კონფლიქტის სხვა დეტალები
თოფურიამ საჯაროდ აღიარა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაპირისპირების გამო უკვე 4 თვეა საკუთარი შვილი არ უნახავს. მისი თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან განქორწინება მოითხოვა და უარი თქვა ჯორჯინას "არალოგიკურ ფინანსურ მოთხოვნებზე".
მხარეთა პოზიციები:
ილია თოფურია აცხადებს, რომ "შანტაჟისა და გამოძალვის" მსხვერპლია. მისი თქმით, ჯორჯინა მას ჯერ კიდევ დაშორებამდე ემუქრებოდა, რომ თუ ფულს არ გადაუხდიდა, მას ძალადობაში დაადანაშაულებდა.
ჯორჯინა უზკატეგი სასამართლოში დაცვისა და 3 თანმხლები პირის გარემოცვაში მივიდა. მისი ადვოკატები მხოლოდ მოკლე განცხადებით შემოიფარგლნენ და აღნიშნეს, რომ პროცესი "კონფიდენციალურია" და მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას.

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?
ილია თოფურია აცხადებს, რომ ძალიან კმაყოფილია პირველი გამარჯვებით. "მე ჩემი სიმართლის მჯერა. ჩემი პრიორიტეტი ჩემი შვილები არიან - ჩემი უფროსი ვაჟი ჰუგო და პატარა ჯორჯინა," - აღნიშნა მან.
თუმცა პროცესი გრძელდება, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი რეალურ ძალადობას და როგორ გადანაწილდება მეურვეობა. თუმცა, ფაქტია - ბავშვი ესპანეთში რჩება, რაც ილიას აძლევს შანსს, უახლოეს პერიოდში შვილის ნახვის უფლება სასამართლო წესით მოიპოვოს.