ავტორი:

"ეს დიდი ცოდვა იყო, რისთვისაც ბევრჯერ გადავიხადე" - აღიარება დარბაზში მყოფი ცოლ-შვილის წინაშე: სოსო პავლიაშვილი ღალატსა და სინანულზე

"ეს დიდი ცოდვა იყო, რისთვისაც ბევრჯერ გადავიხადე" - აღიარება დარბაზში მყოფი ცოლ-შვილის წინაშე: სოსო პავლიაშვილი ღალატსა და სინანულზე

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი, 61 წლის სოსო პავლიაშვილი რეპერი ბასტას "YouTube" შოუს, "Вопрос ребром"-ის სტუმარი იყო, სადაც მაყურებლის საკმაოდ პიკანტურ და თამამ შეკითხვებს უპასუხა. მომღერალმა წარსულზე, მრავალრიცხოვან რომანებსა და იმ სინანულზე ისაუბრა, რომელიც დღემდე არ ასვენებს.

"ათასზე მეტი საყვარელი" - რეკორდი თუ ცოდვა?

დარბაზიდან დასმულ კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა მომღერალმა "ათასზე მეტი საყვარლის ყოლა" და რა რჩევას მისცემდა ახალგაზრდებს ამ "რეკორდის" მოსახსნელად, პავლიაშვილმა გულწრფელად უპასუხა:

"ეს ყველაფერი ირასთან შეხვედრამდე ხდებოდა. მაშინ არც ფული მქონდა და არც არაფერი, მაგრამ ქალები ჩემს მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილები იყვნენ. თუმცა, გეტყვით, რომ ეს დიდი ცოდვა იყო. ამისთვის ბევრჯერ გადავიხადე, რადგან მრუშობა ცოდვაა. არ გისურვებთ ამ გზით სიარულს," - აღნიშნა მომღერალმა.

პავლიაშვილმა იქვე დასძინა, რომ მადლიერია ყველა იმ ქალბატონის, რომლებმაც თავის დროზე ყურადღება აჩუქეს, რადგან სწორედ მათ "მოამზადეს" ის მომავალ მეუღლესთან შესახვედრად.

აღიარება დარბაზში მყოფი ცოლისა და შვილის წინაშე

აღსანიშნავია, რომ სოსო პავლიაშვილი ამ თემებზე საუბრისას განსაკუთრებით ფრთხილი იყო, რადგან მაყურებელთა შორის მისი ამჟამინდელი მეუღლე, ირინა პატლახი და მათი უმცროსი ქალიშვილი, სანდრა იმყოფებოდნენ. წამყვანმა აღფრთოვანება ვერ დამალა მომღერლის დიპლომატიური პასუხებით და ხუმრობით "ვირტუოზი მევიოლინეც" კი უწოდა.

დანგრეული პირველი ოჯახი და დაუშვებელი შეცდომები

მომღერალმა კიდევ ერთხელ გაიხსენა პირველი ქორწინება ნინო უჩანეიშვილთან, რომელიც მისი ღალატის გამო დაინგრა. სანამ სოსო მოსკოვში კარიერას აწყობდა, ნინო საქართველოში შვილთან ერთად ცხოვრობდა. მომღერალი არ მალავს, რომ მაშინდელ ცდუნებებს ვერ გაუძლო:

"ეს სრულად ჩემი ბრალი იყო. ყოველდღე მადლიერი ვარ ნინოსი და ყოველდღე ვეუბნები - მაპატიე."

სოსომ ირინა პატლახი მაშინ გაიცნო, როცა ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა. ამბობენ, რომ პირველ ცოლთან ოფიციალური დაშორება მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა, როცა გაიგო, რომ ირინა ორსულად იყო.

25 წელი ერთად - ჯვრისწერა რეგისტრაციის გარეშე

მიუხედავად სკანდალური წარსულისა, ირინა და სოსო უკვე 25 წელზე მეტია ერთად არიან და ორ ქალიშვილს, ლიზასა და სანდრას ზრდიან. საინტერესოა, რომ წყვილს ოფიციალურად ხელი დღემდე არ მოუწერია, თუმცა 5 წლის წინ მათ ჯვარი დაიწერეს და კავშირი ღვთის წინაშე დაადასტურეს.

წაიკითხეთ ასევე: