Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის, "სახალხო ინტერვიუს“ ერთ-ერთი სტუმარი რეჟისორი ლევან წულაძე იყო. მან საზოგადოების მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა და შემოგთავაზეთ კიდეც ამ ინტერვიუდან გარკვეული ეპიზოდები. თუმცა ლევან წულაძის აღნიშნული ინტერვიუდან კვლავ გვინდა გაგიზიაროთ დარჩენილი საინტერესო მომენტები და მკითხველის იმ კითხვებზე პასუხები, რომელსაც რეჟისორმა უპასუხა.
თემური:
- ვამაყობ, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანია ჩვენი კუთხიდან (მეც გურული ვარ). მაინტერესებს, ვინ არის თქვენთვის ყველაზე საამაყო გურული?
- მოგესალმებით ძვირფასო ადამიანო, თანამოაზრევ და ჩემო გურულო. რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ ყველა გურული ამ პლანეტაზე ყველას ჯობია. საერთოდ ყველაზე კარგი ხალხი ვართ ქართველები და ქართველებს შორის განსაკუთრებით გურულები.

გურულები ძალიან ჩქარა ფიქრობენ. ერთადერთი მინუსი გვაქვს, - გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებთ. გურული მოვლენებს წინ ახტება და ლაპარაკობს. ამიტომაც ლაპარაკობენ სწრაფად და გადაწყვეტილებასაც ჩქარა ამიტომ იღებენ, რომ სადღაც ეჩქარებათ. მერე ნანობენ, მაგრამ სინანულიც მალე გადაუვლით და ისევ ახალ გადაწყვეტილებას იღებენ. ამის გამო გურულებთან ცხოვრება მოსაწყენი არასდროს არ არის. გოგოებს ვუსურვებ, რომ გურულებს გაჰყვნენ ცოლად. გურულები ყველაზე კარგი ქმრები არიან. ამას ჩემს საკუთარ მაგალითზე მოგახსენებთ.
ყველაზე საამაყო გურული ბევრი იყო, მაგრამ მწერლებში ჭოლა ლომთათიძეს დავასახელებ. შესანიშნავი მწერალი იყო, გარდა იმისა, რომ ჩემი სეხნია გახლდათ (ჭოლა საერთოდ მამაჩემის სახელია), ახალგაზრდა ბოლშევიკებმა შეიწირეს. მისი ორი ნოველა, რომელიც ახალგაზრდობაში წავიკითხე, ვთვლი, რომ ქართული პროზის ყველაზე კარგი მაგალითებია. ასევე იყო შესანიშნავი მხატვარი შალვა ქიქოძე, რომლითაც ვამაყობ. საერთოდ, ბევრი გურულია, ვისითაც ვამაყობ.
დავითი:
- ხომ ვერ გაიხსენებთ რომელიმე ახლა წელს, რომელსაც უჩვეულოდ შეხვდით?
- ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მოყოლებული, ხშირად თეატრში ვხდებოდით, რაც ძალიან მიყვარდა. სარეჟისორო ჯერ არ მქონდა დამთავრებული, რომ ახალ წელს რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში შევხვდი. სადიპლომო სპექტაკლს არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად ვდგამდი. იყვნენ მსახიობები და ნიკა ჯანდიერი - შესანიშნავი სამხატვრო ხელმძღვანელი. სცენის წრეზე მაგიდა დავდგით, წრე ჩავრთეთ, რომელიც ტრიალებდა და რამდენიმე ადამიანი ცოტა სევდიანად, ასე ტრიალით შევხვდით ახალ წელს. ვსვამდით კარგ კონიაკს (სცენის მუშა კონიაკის ქარხანაში მუშაობდა და იქიდან მაღალი ხარისხის კონიაკი გამოჰქონდა), არასდროს დამავიწყდება.

მეკვლე:
- მეკვლეობას მნიშვნელობას ანიჭებთ?
- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ თვითონ ამ რიტუალის შესრულება ძალიან სასიამოვნოა. ერთხელ მეკვლე და თოვლის ბაბუა ერთად ვიყავი. გავედი, ფორმა ჩავიცვი და სახლში უნდა შემოვსულიყავი. ჩემი ქალიშვილი - თინათინი და გივიკო ბარათაშვილი პატარები იყვნენ, მათთვის ახალი წელი უნდა მიმელოცა. ფული არ მქონდა, რომ თოვლის ბაბუა მომეწვია, ამიტომ ეს როლი მე უნდა შემესრულებინა. ცუდი ტანსაცმელი მქონდა, წვერიც მიჭერდა (ცოცხის წვერი იყო, საშინელი)... მოკლედ, მეკვლე-პაპა და ახალ წელი ერთად ვიყავი და აბა, ბავშვებო, გამარჯობა-თქო, რომ ვთქვი, ბავშვები ტირილით გასკდნენ და გაიქცნენ. იმის მერე თინათინს ვაშინებდით - საჭმელს თუ არ შეჭამ, თოვლის ბაბუა მოვა-თქო. ასე გადავაქციეთ თოვლის ბაბუა მონსტრად. ჩემი ბრალია, ბავშვებო, მაპატიეთ, ახალი წელი მოგპარეთ.
ბესო:
- კარგი თამადა ხართ? თქვენი შეფასებით ვინ არის კარგი თამადა?
- ახალგაზრდობაში არამიშავდა, კარგი დებიუტები მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გამხდარი ვიყავი და თამადის შთაბეჭდილებას არ ვტოვებდი, როდესაც თამადად მნიშნავდნენ, სუფრის დანარჩენი წევრები არასერიოზულად მიყურებდნენ. ახალგაზრდობაში კარგად ვსვამდი, ბევრს ვიტანდი და გურული ჯინიანობაც მშველოდა, რომ არ შემემჩნია ნასვამობა.
მიუხედავად ამისა, თამადობა არ მიყვარდა. მე მიყვარს დისიდენტი თამადა რომაა და შენ რომ ეკამათები... საუკეთესო თამადად "ჩირგოს“ (თემიკო ჩირგაძეს) ვთვლი, ყველამ იცით ეს შესანიშნავი ადამიანი. თემიკო ჩირგაძე, დედაჩემის კლასელი იყო. მახსოვს, ჩვენთან რომ მოდიოდნენ სტუმრად, ის იყო ჩემთვის არაჩვეულებრივი საღამოები. ზოგჯერ ღამეს ათენებდნენ და ეს პატარებისთვის დღესასწაულივით იყო. მათგან ბევრს რამეს ვიმახსოვრებდით, მათ ხუმრობებს ვიპარავდით. ძალიან განათლებული ხალხი იყო, გამორჩეულად კი "ჩირგო“. ზოგჯერ მათ გამონათქვამებს ვიწერდით, ვკითხულობდით იმ წიგნებს, რომლებსაც ისინი ახსენებდნენ. არაჩვეულებრივი სუფრა იმართებოდა.
საერთოდ ქართული სუფრა დალევის არ არის, ის თამადის, მისი ნიჭიერებისაა და ხალხთან ურთიერთობის.

ლილი:
- თბილისი იყო ურთიერთობა?
- რა თქმა უნდა, თბილისი სხვა არაფერი იყო გარდა ურთიერთობისა. იყო მუზეუმი, ხახულის ხატი, "ვეფხისტყაოსანი“, საცივი, "სუხიშვილები“ და ქართველების ერთმანეთთან ურთიერთობის უნარი, ნიჭი. იყო არაჩვეულებრივად ირონიულიც, არადამამძიმებელი. შესანიშნავი თვითირონიის უნარის მოქონე ხალხის ერთმანეთთან ურთიერთობის ცოდნა. სუფრაზე დათრობა საერთოდ სირცხვილად ითვლებოდა. ახლა ხშირად მესმის, რომ ადამიანები დათრობისთვის სვამენ. ადრე იმისთვის სვამდნენ, რომ ერთმანეთისთვის ამბები მოეყოლათ, ეხუმრათ, რაღაც სხვადასხვა უნარები ეჩვენებინათ, საინტერესოები ყოფილიყვნენ. სუფრიდან ადამიანი გამდიდრებული მოდიოდა. გაცვეთილი ფრაზა - "სუფრა აკადემიაა,“ - არასწორია, სუფრა არ არის აკადემია. აკადემია არის ცხოვრება და ბიბლიოთეკა. სუფრა იყო მეგობრების შეძენის, ან საკუთარი განათლების გაზრდის საშუალება. ჩემთვის ასე იყო და ეს იყო თბილისური ურთიერთობა. პირველად აინშტაინის თეორია სუფრაზე ამიხსნეს, სადღაც მეექვსე კლასში ვიყავი. მერე რომ წავიკითხე - დავეთანხმე იმას.
დავითი:
- გული რაზე გწყდებათ?
- ჯერ ისე არ არის, რომ ბევრ რამეზე მწყდებოდეს გული, რომ რაღაცები ვეღარ მოვასწარი. მთლად ცხოვრების დაღმართში არ ვარ. კიდევ ყველაფერს მოვასწრებ, უბრალოდ ვეღარ გავხდები კარგი მუსიკოსი, იმიტომ, რომ თავის დროზე დიდი დრო არ დავუთმე ფორტეპიანოსთან მეცადინეობას. ამიტომ მშურს მუსიკოსების, განსაკუთრებით - ჯაზის მუსიკოსების. გული მწყდება, რომ არ ვარ ოპერის ხმა, გენიალური მომღერალი. გული მწყდება, რომ არ ვარ სპორტსმენი, რამდენიმე გიზის ოლიმპიური ჩემპიონი. ამასაც ვეღარ მოვახერხებ, მაგრამ არის რაღაცები, რაც შემიძლია შევცვალო. გავხდე კარგი დურგალი, ან კაფელის კარგი დამგები, რემონტის კარგი ხელოსანი - მაქვს ამის მონაცემები. ბევრი რამ წინ მაქვს. ადამიანმა ხელი არასდროს არ უნდა ჩამოუშვას, გული არ უნდა დაიწყვიტოს.
გული მწყდება, რომ ჩემი მეგობრები აღარ არიან ცოცხლები. ბავშვობის ბევრი მეგობარი დავკარგე.

ნიკა:
- იუმორი თქვენი ერთ-ერთი სახასიათო შტრიხია... ყოველთვის სხვებს აცინებთ და თავად რაზე გეცინებათ?
- არ მიყვარს სიტყვა იუმორი, მიყვარს - ირონია. ირონია ჩემი პროფესიის ნაწილია. იუმორი კი ჩემს პროფესიაში არ შედის, ის უბრალოდ გონებამხიარული ადამიანებს ახასიათებთ, ირონია - გონებამახვილებს. მინდა, რომ გონებამახვილი ადამიანების კონტექსტში განვიხილებოდე, რადგან ეს ჩემი პროფესიაა. გონებამახვილი ადამიანი იყო ვოლტერი, რაბლე, დანტე და ბევრი. სხვათა შორის, რუსთაველიც, გონებამახვილი გახლდათ, ამ კუთხით საოცარი გამონათვქამები აქვს... ირონიის და იუმორის გარეშე აღქმული სამყარო ძალიან ბრტყელია, ერთგვაროვანი, მოსაწყენი და უპერსპექტივო.
ირონია გულისხმობს მოვლენის ყველა მხრიდან დანახვას. "ყველაფერი წარმავალიაო,“ - ეწერა სოლომონს ბეჭედზე. წარმავლობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება ირონიაა და პირველ რიგში, თვითირონია.
მეცინება გონებამახვილ აღმოჩენებზე, მაგრამ მეზიზღება, როდესაც ადამიანს დასცინიან რაღაც თვისების გამო, ასაკის გამო, სქესის გამო. ეს საშინელებაა. თვითირონიას ვაფასებ და ხშირად საკუთარ თავზეც მეცინება.

უცნობი:
- ბევრ ადამიანს უყვარხართ - რა არის ამის მიზეზი?
- როდესაც ამას მეუბნებიან, უხერხულობას ვგრძნობ, მაგრამ დიდი მადლობა ყველას, ვინც თბილ სიტყვებს იმეტებს... პატარაობაში როცა შემაქებდნენ, რა კარგი ბავშვია, - ბებიაჩემი ამბობდა, - კარგია, როცა სძინავსო.
დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ამდენ ქებად არ ვღირვარ. თავმდაბლობა ადამიანის გადასარევი თვისებაა. ვიყოთ თავმდაბლები. თავმდაბლობაც თვითირონიიდან მოდის და ასე ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაბმული.
უცნობი:
- ოჯახის წევრები რაზე კამათობთ, საოჯახო საქმეებს როგორ ინაწილებთ და როგორი მამა ხართ?
- ძალიან წვრილმან თემებზე ვკამათობთ ისე, რომ ახლა ვერც გავიხსენებ... საქმე თავიდანვე განაწილებული გვქონდა. ბუღალტერიაში არ ვერეოდი. ადრეულ წლებში, როცა მაგალითად, სინათლის კაცი მოდიოდა, გადასახდელი რომ იყო და ქრთამი უნდა მიგვეცა, რომ რაღაც "რიცხვები“ ჩამოეყარა. მანანასკენ გავრბოდი - მანანა, მიშველე-თქო. მანანას დიდი მადლობა უნდა გადავუხადო, რომ ეს ყველაფერი იტვირთა. გააკეთა ის, რაც მამაკაცს უნდა გაკეთებინა და ღირსეულად გადაეტანა. ახლა ამისგან მოსახლეობა გავთავისუფლდით, ყველაფერი მარტივად ხდება. ასე რომ, სხვა ფუნქცია, ოჯახში, როგორც მივხვდი, არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით, ძაღლების მოვლას და შვილიშვილის 2 საათით გართობას. ჩემს ქალიშვილს ამ მცირე ხნით გამოვათავისუფლებ ხოლმე, მეტს ვერ "ვქაჩავ“ და მაგ დროს ბავშვი ჩემთან თამაშობს.
როგორც მამას არა მიშავს, რა. როცა უკვე შვილიშვილი გამიჩნდა, მივხვდი, რომ კარგი მამა არ ვიყავი, თურმე ბავშვს რამდენი რამე სჭირდება... არადა, ბავშვი კარგი გაიზარდა, შეიძლება არც იყო საჭირო ჩემი გადამეტებული ყურადღება, ვერ გეტყვით. ყველა ისე ცხოვრობს, როგორც შეუძლია. ყველა ისეთი მამაა, როგორც შეუძლია. ცუდი მამა ძალიან იშვიათად მინახავს. საერთოდ ნებისმიერ მამას ყოველთვის ჰგონია, რომ კარგი მამაა. მადლობა ყველას იმისთვის, რომ დაინტერესდით და კითხვები გამოგზავნეთ.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/I--W-FyQlV8?si=MbZ2kp_x_NduLues" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>