სტუდენტი, ბოდიბილდერი და 3 შვილის მამა - ირანში, დაღუპულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა: რას წერს მედია აქციის მონაწილეებზე, რომლებიც ოჯახის წევრებმა ცხედრებს შორის ამოიცნეს

სტუდენტი, ბოდიბილდერი და 3 შვილის მამა - ირანში, დაღუპულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა: რას წერს მედია აქციის მონაწილეებზე, რომლებიც ოჯახის წევრებმა ცხედრებს შორის ამოიცნეს

უკვე მესამე კვირაა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. მასშტაბური საპროტესტო აქციები ქვეყნის 31-ზე მეტ პროვინციაში ამ დრომდე იმართება. საგანგაშოა მსხვერპლთა და დაშავებულთა მაჩვენებელი - ქვეყნის სამი საავადმყოფოს თანამშრომლები BBC-სთან ამბობენ, რომ მათი კლინიკები გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანებითაა გადატვირთული.

თეირანის ერთ-ერთი საავადმყოფო ექიმმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებს პირდაპირ ესროდნენ თავში და გულის არეში. კიდევ ერთი ექიმის თქმით, დედაქალაქში თვალის კლინიკა კრიზისულ რეჟიმშია გადასული. ექიმების ინფორმაციით, ადამიანებს ჭრილობები აქვთ მიყენებული როგორც ტყვიების ასევე სხვა საბრძოლო მასალების გამოყენებით.

  • აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა ჯგუფის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ მცირე 420-მდე მომიტინგე დაიღუპა და 3200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ არეულობის ფონზე ინტერნეტთან წვდომა და ტელეფონის ხაზები გათიშა, უკვე 60 საათზე მეტია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე წვდომა შეზღუდულია.

სხვა მონაცემები აქვს ადამიანის უფლებათა დამცველ საინფორმაციო სააგენტო HRANA -ს. ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის, სკაილარ ტომპსონის მიერ CNN-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში სულ მცირე 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 დაცვის თანამშრომელი. დაღუპულ მომიტინგეებს შორის სულ მცირე 8 არასრულწლოვანი იყო. ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ დააკავეს სულ მცირე 3,285 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანში პროტესტის მონაწილეებმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პოლკოვნიკი მაჰდი რაჰიმი მოკლეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ რაჰიმი 3 იანვარს მალიქშაჰიში IRGC-ის ჯარისკაცების მიერ დაახლოებით 10 მომიტინგის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი.

თვითმხილველები ირანის ქუჩებში არსებული ძალადობის შესახებ ჰყვებიან. ირანის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებები „დაუნდობელი“ იქნება.

  • ამასთან, პარასკევს აშშ-მ გაიმეორა, რომ მომიტინგეების მკვლელობას სამხედრო პასუხი მოჰყვებოდა. ირანმა აშშ დაადანაშაულა მშვიდობიანი პროტესტების „ძალადობრივ დივერსიულ აქტებად და ფართოდ გავრცელებულ ვანდალიზმად“ გადაქცევაში.

ირანის საპროტესტო აქციებში დაღუპულთა შორის არიან სტუდენტი, ბოდიბილდერი და სამი შვილის მამა...

ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Hengaw-ს ცნობით, ხუთშაბათს თეირანში სროლის შედეგად დაიღუპა 23 წლის მოდის სტუდენტი, რობინა ამინიანი.

რობინა ამინიანი

ამინიანი წარმოშობით ირანის ცენტრალური პროვინციის, კერმანშაჰიდან იყო და მოდას თეირანის შარიათის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. მისი სოციალური მედიის პოსტებში ჩანს, რომ ის ტრადიციულ ქურთულ სამოსს ატარებდა და აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში.

“ის იყო ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, მოდითა და ტანსაცმლის დიზაინით გატაცებული გოგო, რომლის ოცნებებიც ისლამური რესპუბლიკის ძალადობრივმა რეპრესიებმა დამარხა“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალგაზრდა სტუდენტთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

  • 39 წლის ბოდიბილდერი, ორგზის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ბოდიბილდინგში - მეჰდი ზათ-ფარვარი

ყოფილი ჩემპიონი ბოდიბილდერი და მწვრთნელი, მეჰდი ზათ-ფარვარი, პარასკევს, ირანის ჩრდილო-დასავლეთით, გილანის პროვინციის ქალაქ რეშტში გამართული საპროტესტო აქციების დროს მოკლეს.

საერთაშორისო ფიტნესისა და ბოდიბილდინგის ფედერაციის მონაცემებით, 39 წლის სპორტსმენი ორგზის მსოფლიო კლასიკური ბოდიბილდინგის ჩემპიონი იყო. ზათ-ფარვარს სპორტული ფიზიოლოგიის მაგისტრის ხარისხი ჰქონდა და გილანში გამოცდილ მწვრთნელად ითვლებოდა.

„ჩვენ მხოლოდ ჩვენს უფლებას ვითხოვთ. ხმა, რომელიც 40 წელია ჩაგვიხშეს, უნდა ისმოდეს. ამ დღემდე რაც გვჭირს, თქვენი დამსახურებაა. თქვენ წაგვართვით ახალგაზრდობა, იმედი, ოცნებები და ყველაზე მინიმალური უფლებებიც. დღეს მე ვარ აქ. ვარ აქ, რომ ხვალ სარკეში საკუთარ თავს შევხედო და არ ვთქვა - მხდალი ვიყავი, უღირსი ვიყავი. დავდექი და რადაც არ უნდა დამიჯდეს, ფასს გადავიხდი. მე, მასუდ ზათ-ფარვარი, დღეს ქუჩაში ვარ, არც შიში მაქვს, არც ვყოყმანობ ჩემს უფლებას ვითხოვ", - წერდა ირანელი ბოდიბილდერი თავის ბოლო პოსტში Instagram-ზე. ამ დროისთვის მისი Instagram ანგარიში აღარ იძებნება.

აქციის დროს დაღუპულთა ფოტო

სამი შვილის მამა - 42 წლის ებრაჰიმ იუსეფი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, კერმანშაჰის ქალაქში გამართული საპროტესტო აქციის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად მოკლეს.

ოჯახის წევრმა იუსეფის გარდაცვალება უფლებადამცველ ორგანიზაციას დაუდასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ცხედარი ჯერ კიდევ არ გადაეცა ოჯახს.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

იხილეთ ასევე: