ავტორი:

"მზია ამ ასაკიდან მოყოლებული სულ სხვებს ეხმარებოდა... თავად არ ჩანდა, მაგრამ მისი საქმეები უამრავი ადამიანის გადარჩენას განაგრძობდნენ" - მარში მზიას მხარდასაჭერად

"მზია ამ ასაკიდან მოყოლებული სულ სხვებს ეხმარებოდა... თავად არ ჩანდა, მაგრამ მისი საქმეები უამრავი ადამიანის გადარჩენას განაგრძობდნენ" - მარში მზიას მხარდასაჭერად

დღეს, "ნეტგაზეთისა“ და "ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში დაიგეგმა. როგორც მარშის ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან, 20:00 საათზე დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება.

ამასთანავე , გუშინ, 22:00 საათზე, მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები სიმბოლური აქციით რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბნენ.

  • ცნობისთვის, 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან ერთი წელი ხდება.

სოციალურ ქსელში სალომე სიმონია მზიას ფოტოს შემდეგი წარწერით აქვეყნებს:

"მზია ამ ასაკიდან მოყოლებული შრომობდა, ფუსფუსებდა, სულ სხვებს ეხმარებოდა და უკეთესი ქვეყნისთვის იბრძოდა. არასდროს მიუტოვებია მისი კუთხე, სოფელი, ქვეყანა. თავად არ ჩანდა, მაგრამ მისი საქმეები უამრავი ადამიანის გადარჩენას, სწორ გზაზე დაყენებას განაგრძობდნენ.

მაღალმთიან აჭარაში ათასობით წიგნი ჩაუტანა სკოლის მოსწავლეებს. 29 ბიბლიოთეკა განაახლა და წიგნთან ერთად ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულ ბავშვებს ჩაუტანა სინათლე და ის რწმენა, რომ განათლებით, ცოდნით ბევრს შეძლებდნენ, უკეთეს მომავალს შექმნიდნენ.

მისი გამოცემები იკვლევდნენ და ააშკარავებდნენ კორუფციას, იმას, ახლა თავად ოცნება რომ აღიარებს. მზიას გუნდი ავრცელებდა მიუკერძოებელ, ეთიკურ, სანდო ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე - თან ბოლო 25 წლის მანძილზე, ყველა მთავრობის დროს და პირობებში.

მზია ამაღლობელმა ყველას ნაცვლად გააწნა სამართლიანი სილა უღირსობას, უსამართლობას, კორუფციას, ძალადობას. ამის გამო მკაცრად დასჯილი თვალისჩინდაკარგული ქართველი ქალის ტყვეობიდან ერთი წელი გადის ხვალ. ქართველების ღირსებაც დატყვევებულია მასთან ერთად.

ერთადერთი რაც დაგვრჩენია მისი გამხნევებაა. ბრძოლის გაგრძელებაა, როგორც გვთხოვა: "იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არისო.“

8 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე მარში გაიმართება. მივიდეთ - მზიას და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის".

იხილეთ ასევე: