"ხუთი დღეა, რაც ჩემი ოჯახისგან არანაირი ამბავი არ მაქვს...“ - ასე იწყებს თხრობას მარიამ მაშაიეხი, ქალი, რომელმაც 9 წლის წინ საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა. მარიამი, რომელსაც საქართველოში ყველა მარის ეძახის, ერთ-ერთია იმ ათასობით ირანელ ქალს შორის, რომლებმაც თავისუფლება სამშობლოზე მაღლა დააყენეს.
დღეს მარი საქართველოში ცხოვრობს, კერამიკოსია და ქრისტიანული ეკლესიის წევრია. თუმცა, მისი სიმშვიდის მიღმა დიდი ტკივილი და მუდმივი შიში იმალება - შიში იმ ოჯახის წევრების გამო, რომლებიც ირანში დარჩნენ და შიში მომავლისა, რომელიც ემიგრანტისთვის ყოველთვის ბუნდოვანია.
მარიამი გვიყვება არჩევანზე, რწმენაზე და იმ სასტიკ რეალობაზე, რომელსაც ირანელი ხალხი ყოველდღიურად უმკლავდება
- მარიამ, მოგვიყევით თქვენს შესახებ. სად დაიბადეთ და რამ გადაგაწყვეტინათ ემიგრაციაში წასვლა?
- მე დავიბადე ირანში, ქალაქ არაქში და 27 წლამდე იქ ვცხოვრობდი. ამის შემდეგ, ირანში არსებული სოციალური პირობებისა და შეზღუდვების გამო - განსაკუთრებით ქალებისთვის, რაც მოიცავს ჩაცმულობისა და ცხოვრების წესის არჩევის თავისუფლების ნაკლებობას - გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლა. თავდაპირველად სომხეთში გადავედი, სადაც დაახლოებით სამი თვე დავყავი. ამ პერიოდში ტურისტულ კომპანიაში ვმუშაობდი, სადაც გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც საქართველოში ტურისტული კომპანიის მენეჯერი იყო. დაქორწინების შემდეგ საცხოვრებლად საქართველოში გადმოვედი და აქ ახალი ცხოვრება დავიწყეთ.

საქართველოში დასახლების შემდეგ, პირველად მომეცა შესაძლებლობა თავისუფლად შევსულიყავი ეკლესიაში, რაც ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. ამას მოჰყვა ქრისტიანობის შესახებ ხანგრძლივი სწავლა და კვლევა. საქართველოში ჩამოსვლიდან წლინახევრის შემდეგ, 29 წლის ასაკში, ქრისტიანობა მივიღე.
- თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რელიგიამ. როგორ მიხვედით ქრისტიანობამდე?
- რელიგიის შეცვლის შემდეგ, დავიწყე რელიგიური და საგანმანათლებლო საქმიანობა. ბოლო წლების განმავლობაში ვსწავლობდი თეოლოგიას და აქტიურად ვმონაწილეობდი საეკლესიო ცხოვრებაში. მას შემდეგ, რაც ჩემი რელიგიის შეცვლის შესახებ გახდა ცნობილი, ირანში დაბრუნების შესაძლებლობა პრაქტიკულად გაქრა. უკვე შვიდნახევარი წელია, რაც ირანში არ ვყოფილვარ. ახლა 36 წლის ვარ და თითქმის 9 წელია, რაც საქართველოში ვცხოვრობ.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ გადაწყვეტილების შემდეგ? რამდენად რეალურია დღეს თქვენთვის სამშობლოში დაბრუნება?
- თუ ვინმე ირანში ცხოვრობს, არის მუსლიმი და შემდეგ რელიგიას შეიცვლის, ნებისმიერი რელიგიური კანონის მიხედვით, მას სიკვდილით დასჯა მიესჯება. სწორედ ამიტომ, ირანში დაბრუნების შემთხვევაში, სიკვდილით დასჯა მემუქრება...
- ირანში არსებულ სოციალურ პირობებზე ბევრს ლაპარაკობენ. თქვენი გამოცდილებით, რა არის ყველაზე დიდი სირთულე იქ მცხოვრები ქალებისთვის?
- როდესაც ირანში ვცხოვრობდი, სიმღერა ძალიან მიყვარდა და საკრავზეც ვუკრავდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ქალებს პროფესიონალურ დონეზე სიმღერის უფლება არ ჰქონდათ და ეს შესაძლებლობა წამართვეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ახალი ცხოვრება ირანის ფარგლებს გარეთ დამეწყო.
- საქართველოში რას საქმიანობთ?
- ახლა საქართველოში ვცხოვრობ და კერამიკოსად ვმუშაობ. ირანში პრობლემები, განსაკუთრებით ქალებისთვის, უკიდურესად მძიმეა. თუ ქალს განქორწინება სურს, ბავშვზე მეურვეობა, როგორც წესი, მამას გადაეცემა და ქალს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს. უმცირესი დარღვევაც კი, როგორიცაა ალკოჰოლის მოხმარება ან მანქანაში მუსიკის მოსმენა, შეიძლება გახდეს პატიმრობის, გამათრახებისა და ჯარიმის მიზეზი.
მათ, ვინც პროტესტს გამოთქვამს, სიკვდილით დასჯა ან დახვრეტა ემუქრებათ, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში - 10-დან 15 წლამდე პატიმრობა. ცხოვრება ირანში არა მხოლოდ რთული, არამედ სავსეა უსაფრთხოების ნაკლებობითა და ეკონომიკური არასტაბილურობით. სანქციებმა და მუდმივმა სიძვირემ ბევრი ადამიანი იქამდე მიიყვანა, რომ ელემენტარული საჭიროებების შეძენაც კი არ შეუძლიათ. როდესაც ვუყურებ ქართველ ხალხს, რომლებიც ხვალინდელი დღის შიშის გარეშე ცხოვრობენ, გული მტკივა ჩემი ქვეყნის გამო.
- ბოლო დღეებში განსაკუთრებით მძიმე ამბები ვრცელდება. რა ინფორმაციას ფლობთ თქვენს ოჯახზე?
- ადამიანები, რომლებიც არიან შრომისმოყვარეები, ამაყები და ღირსეულები, დღე და ღამე მუშაობენ, თუმცა საკუთარი ჭერიც კი არ გააჩნიათ. ფასები იმდენად მაღალია, რომ დაქორწინება ბევრი ირანელისთვის ოცნებად იქცა, ზოგი კი შვილის გაჩენაზეც უარს ამბობს, რადგან იციან, რომ ირანში მომავალი თაობისთვის ცხოვრება მხოლოდ ტანჯვა და სირთულე იქნება. გთხოვთ, ირანელი ხალხის ხმა მსოფლიოს მიაწვდინოთ. ამჟამად ბევრი რეგიონი უკვე ერთი კვირაა ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი, ხალხი კი სასტიკ წამებასა და რეპრესიებს განიცდის. მათ სჭირდებათ დახმარება და მსოფლიოს ყურადღება.

თითქმის ცხრა წელია, რაც ჩემს მეუღლესთან ერთად საქართველოში ვცხოვრობ და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს; აქ კეთილი ხალხია და ირანთან ახლოს მყოფი კულტურაა. მიუხედავად ამისა, უკვე შვიდნახევარი წელია, რაც ჩემი ოჯახი არ მინახავს და ძალიან მენატრებიან. ჩემი ერთადერთი იმედი ირანის რეჟიმის შეცვლაა.
უკვე ხუთი დღეა, რაც ჩემი ოჯახისგან არანაირი ამბავი არ მაქვს. ბოლოს ჩემი დისშვილი დააკავეს, თუმცა, საბედნიეროდ, მცირე ასაკის გამო გაათავისუფლეს. ამავდროულად შევიტყვე, რომ ჩვენი ერთ-ერთი ნათესავი, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ეს ამბები ძალიან მტკივნეულია; ხუთი დღეა, რაც არც მძინავს, არც მშია და მოსვენება დაკარგული მაქვს.
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობთ, მაინც არსებობს ბარიერები. რა არის თქვენი მთავარი საფიქრალი დღეს?
- ირანელებისთვის ცხოვრება ირანის გარეთაც არ არის მარტივი. საქართველოში ბინადრობის მოწმობის აღება და გაგრძელება ძალიან რთულია, ხოლო თავშესაფრის პირობები არ არის სახარბიელო. მე გავქრისტიანდი და ირანში დაბრუნება ჩემთვის შეუძლებელია, თუმცა მაინც მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ ვცხოვრობ. ცხოვრება არა მხოლოდ ირანში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ირანის ხელისუფლების მიერ დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების გამო, სავსეა სირთულეებით.