"რა მინდა გითხრათ, საქართველოში არის ამ კარიმ ფეჰლევების შთამომავალი გვარი, ქართული გვარი... აქედან გამომდინარე, ისინი ირანის შაჰის ნათესავები არიან - ერთ-ერთი ვერსიით, ეს ფავლენიშვილების გვარია. აი, ირაკლი ფავლენიშვილი რომ დადის თქვენთან, ძალიან კარგი ბიჭია... წესიერი, პერსპექტიული... ფავლენიშვილები და ფეჰლევები გარკვეულ ნათესაობას ავლენენ ერთმანეთთან“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ირანში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, ტელეკომპანია "ფორმულას“ ეთერში. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილმა კი ამ ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა წარწერით:"ირანს ვალაგებ“...
ambebi.ge ირაკლი ფავლენიშვილს მისი გვარის წარმომავლობის შესახებ ესაუბრა:
- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც გუბაზ სანიკიძის მოსაზრება მოისმინეთ კონკრეტულად თქვენ გვარზე და იმაზე, რომ პირადადაც მოგიხსენიათ. საინტერესოა, რა იცით თქვენი გვარის შესახებ?
- ეს ბატონი გუბაზისგან პირველად არ მოვისმინე. ის ისტორიკოსია და იცნობს ერთ-ერთ ვერსიას, რომელიც გავრცელებულია ფავლენიშვილების გვართან დაკავშირებით. არიან მკვლევრები, რომლებიც მხოლოდ ფალავანდიშვილების გვარს უკავშირებენ და არსებობს მკვლევრების მოსაზრება, რომლებიც ამბობენ, რომ ორივე გვარს ერთი ფუძე აქვს და ერთმანეთს უკავშირდება. ეს თეორიებია და აქსიომურად არ უკავშირდება ერთმანეთს. უბრალოდ, ამ თეორიას მეცნიერთა ერთი ჯგუფი იზიარებს.
საერთოდ სხვადასხვა გვართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ყოველთვის არსებობს...
- მოკლედ ეს თეორია იცოდით...
- ვიცოდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გადაცემაში თუ იტყოდა ამას ბატონი გუბაზი, დიდად არ ველოდი. სხვა მხრივ ორიგინალური ამ თემაში ჩემთვის არაფერი ყოფილა. ბატონ გუბაზს კარგად ვიცნობ და ამ საკითხზე სხვადასხვა დროსაც ბევრჯერ გვისაუბრია.
- სამეცნიერო წყაროები, ისტორიკოსების მოსაზრება გასაგებია, მაგრამ თქვენს ოჯახს რა ინფორმაცია ჰქონდა და რამ მოაღწია თქვენამდე?
- ჩემს ოჯახში ისტორიკოსები არიან და, რომ არ მოგატყუოთ, როგორც ისტორიკოსები ყოველთვის განიხილავდნენ და სწავლობდნენ ამ თემას. მამაჩემი ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი იყო, პოლიტიკოსია, ბაბუა - მამაჩემი მამა - ირაკლი ფავლენიშვილი პოეტი იყო. სულ სამეცნიერო თემატიკაზე ლაპარაკობდნენ, მათ შორის, ამ თემასთან დაკავშირებითაც. მუდმივად ისტორიულ ლიტერატურასთან ჰქონდათ შეხება.
მთავარი, რაც გვაინტერესებდა, ის იყო, რომ ჩვენი გვარი IX-X საუკუნიდან ფიქსირდება. ერედვში დიდი სათავადო იყო, რომელსაც ფავლენიშვილები მართავდნენ. მათ შორის იყო წმინდა გიორგი ეკლესია, სადაც ფავლენიშვილების ძვალშესალაგი გახლდათ. ძირითადად აქტიურად საუბრობდნენ იმ ეკლესიის ისტორიაზე და ჩვენს გამოჩენილ წინაპრებზე, რომლებსაც ბრძოლაში თავი გამოუჩენიაT. მე-20 საუკუნეშიც იყო ორი ფავლენიშვილი - პეტრე და შალვა, მათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოლეს. ერთი ქაქუცასთან ერთად იყო აჯანყებული...
- არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ პირადად თქვენ რას ეყრდნობით?
- ვერ გეტყვით. არაფერს გამოვრიცხავ. ისეთი მაღალი რანგის ფეოდალები, ვინც იყვნენ, მათ ჰქონდათ ნათესაური ბმა მეზობელი ქვეყნების სხვა მაღალი გვარის წარმომადგენლებთან, თუნდაც ქორწინებების შედეგად. შეიძლება რეალისტურიც არის ეს ვერსია.
მე თვითონ ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და მიყვარს ისტორია. მოსწავლეობისას ისტორიაში ოლიმპიადა მაქვს მოგებული. დღემდე უამრავ ისტორიულ მასალას ვკითხულობ, მაგრამ გვართან დაკავშირებით უფრო მეტი არ მიფიქრია, უბრალოდ ,თეორია დასაშვებად მივიჩნიე და ესაა.
პროფესიით სამართალმცოდნე ვარ, ისტორია ჰობია. ბოლოს პოლიტიკოსად ჩამოვყალიბდი, თუმცა ჩემი დღევანდელი საქმიანობა ისტორიას და სამართალმცოდნეობას აერთიანებს - ანუ ჰობისაც და პროფესიასაც...