ომი ბექჰემების ოჯახში: რატომ გაუგზავნა ბრუკლინმა მშობლებს იურიდიული წერილი და რატომ წაშალა ნიკოლა პელტცმა ვიქტორიას კვალი საკუთარი ცხოვრებიდან
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის, ბექჰემების გარშემო სკანდალი ახალ ფაზაში შედის. დევიდ და ვიქტორია ბექჰემები იმედოვნებდნენ, რომ უფროს შვილთან, ბრუკლინთან ურთიერთობას დაალაგებდნენ, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო მწარე აღმოჩნდა.
ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს ოფიციალური იურიდიული წერილი გაუგზავნა, რომლითაც მათთან ყოველგვარი პირდაპირი კომუნიკაცია აკრძალა.
ბოლო ინფორმაციით, 26 წლის ბრუკლინმა, რომელიც ამჟამად კულინარიული კარიერის აწყობას ცდილობს, მშობლებს მკაცრი პირობა წაუყენა: მშობლებს მასთან დაკავშირება მხოლოდ იურიდიული ფირმა "Schillings“-ის მეშვეობით შეუძლიათ. წერილში ნათქვამია, რომ ბრუკლინს აღარ სურს მშობლებისგან პირადი შეტყობინებების მიღება და არც სოციალურ ქსელებში მის შესახებ საჯარო პოსტების გამოქვეყნებას მიესალმება.
ინსაიდერების თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბრუკლინის მენტალური ჯანმრთელობაა. როგორც ირკვევა, ვიქტორიასა და დევიდის მხრიდან სოციალურ ქსელებში მისი მუდმივი მონიშვნა და საჯარო დემონსტრირება იმისა, თითქოს ოჯახში ყველაფერი რიგზეა, მასზე უარყოფითად მოქმედებდა.
"ბრუკლინი თვლის, რომ მშობლები მას კვლავ ბავშვად აღიქვამენ და არა ზრდასრულ ადამიანად. მას სურს, რომ ნებისმიერი შერიგების მცდელობა იყოს პირადად და არა კამერების წინ", - აცხადებს ოჯახთან დაახლოებული წყარო.
სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ბრუკლინის მეუღლემ, მილიარდერის ქალიშვილმა ნიკოლა პელცმა, "ინსტაგრამის“ საკუთარი გვერდიდან ბექჰემებთან დაკავშირებული ყველა ფოტო და პოსტი წაშალა. მან გააქრო ის თბილი მილოცვაც კი, რომელიც ვიქტორიას 50 წლის იუბილეზე მიუძღვნა. როგორც ბრიტანული მედია წერს, ამ ნაბიჯით 31 წლის ნიკოლამ მკაფიო სიგნალი გაგზავნა – მისი პრიორიტეტი საკუთარი ოჯახი, პელცების კლანია.
ნიკოლამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოების სერია მშობლებთან ერთად წარწერით: "ჩემი გუნდი“ (My Crew). ამით მან ხაზი საკუთარი ოჯახის მნიშვნელობას გაუსვა.

ის, რაც დღეს იურიდიულ წერილებამდე და სოციალურ ქსელში ერთმანეთის დაბლოკვამდე მივიდა, სინამდვილეში წლების წინ, ფლორიდაში გამართულ გრანდიოზულ ქორწილამდე დაიწყო. საუბარია ბრუკლინისა და ნიკოლა პულცის ქორწილზე. ბევრი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის სათავე არა უბრალოდ "სასაქორწილო კაბა“, არამედ ორი ძლიერი ქალის – მსოფლიო მოდის ხატის, ვიქტორია ბექჰემისა და მილიარდერის ქალიშვილის, ნიკოლა პელცის ამბიციების შეჯახებაა.
რატომ არ ჩაიცვა ნიკოლამ კაბა ვიქტორიას დიზაინით?
თავდაპირველად ყველაფერი იდეალურად ჩანდა: ვიქტორია ბექჰემს, რომელსაც საკუთარი მოდის იმპერია აქვს, შვილის საცოლისთვის კაბა თავად უნდა შეექმნა. ეს იქნებოდა საუკეთესო პიარი ბრენდისთვის და ასევე ოჯახური ერთობის სიმბოლო. თუმცა, ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე გეგმები მკვეთრად შეიცვალა – ნიკოლა პელცი Valentino-ს მაღალი მოდის (Haute Couture) კაბით გამოჩნდა.

ინსაიდერები ჰყვებიან, რომ ვიქტორიამ ნიკოლას ბოლო მომენტში აცნობა, რომ მისი ატელიე კაბის დასრულებას ვერ ასწრებდა. თუმცა, პელცების მხარეს სხვა ვერსია აქვს: ნიკოლას ახლობლები ამტკიცებენ, რომ ვიქტორია სპეციალურად წელავდა დროს და არ პასუხობდა ზარებს, რათა ნიკოლა გამოუვალ მდგომარეობაში ჩაეყენებინა. საბოლოოდ, რძალმა არჩევანი სხვა ბრენდზე შეაჩერა, რამაც ვიქტორიას, როგორც დიზაინერის, პროფესიული თავმოყვარეობა შელახა.

ქორწილის დღეს დაძაბულობამ პიკს მიაღწია. მოწმეების თქმით, ბექჰემები საკუთარი შვილის ქორწილში "მეორეხარისხოვან სტუმრებად“ გრძნობდნენ თავს. მთელი ცერემონია ნიკოლას მილიარდერი მამის, ნელსონ პელცის კარნახით წარიმართა.
მთავარ მაგიდასთან მხოლოდ პელცების ოჯახის წევრები ისხდნენ, დევიდი და ვიქტორია კი განაპირას აღმოჩნდნენ. საქორწილო სადღეგრძელოები და სიტყვები თითქმის მთლიანად პელტცების ოჯახს დაეთმო, ბექჰემებს კი სიტყვის თქმის შესაძლებლობა მინიმალურად მიეცათ.
გავრცელდა ხმები, რომ ნიკოლამ და ბრუკლინმა პირველი ცეკვა იმ სიმღერაზე შეასრულეს, რომელიც ვიქტორიას და დევიდს საკუთარი ცეკვისთვის ჰქონდათ შერჩეული, რამაც ვიქტორიას ცრემლებიც კი მოჰგვარა.
"ტყვეობის“ ნარატივი – ბრუკლინის ყველაზე დიდი ტკივილი
კონფლიქტის ყველაზე მტკივნეული ნაწილი ბრუკლინისთვის პრესაში გავრცელებული "ინსაიდერული ინფორმაციებია“, რომლებსაც ის საკუთარ მშობლებს მიაწერს. ბექჰემების გარემოცვიდან გაჟონა ხმებმა, რომ დევიდი და ვიქტორია შეშფოთებულები არიან – ისინი თვლიან, რომ ბრუკლინი ნიკოლას ხელში "ტყვეა“ და ცოლი მას სრულად მართავს.
ამ ნარატივის მიხედვით, ბრუკლინმა დაივიწყა თავისი ბრიტანული ფესვები, ჩამოშორდა ძველ მეგობრებს და გახდა "პელცების ოჯახის დანამატი“. ბრუკლინისთვის ეს ბრალდება ორმაგად მძიმე აღმოჩნდა:

მას სურს, რომ მსოფლიომ ის ზრდასრულ კაცად აღიქვას და არა მშობლების ან ცოლის გავლენის ქვეშ მყოფ ბიჭად. ბრუკლინს მიაჩნია, რომ მისი მშობლები ნიკოლას წინააღმდეგ "ბინძურ პიარ-კამპანიას“ აწარმოებენ, რათა ის ბოროტმოქმედად წარმოაჩინონ, ვინც შვილი ოჯახს მოჰგლიჯა.
ბრუკლინი თვლის, რომ ვიქტორიასა და დევიდის მხრიდან "ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული თბილი პოსტები, სადაც ისინი მას ნიშნავდნენ, იყო მხოლოდ "ფასადი“ და მცდელობა, რომ საზოგადოების თვალში კეთილშობილი მშობლების როლი ეთამაშათ. რეალურად კი, ნიკოლას შესახებ ნეგატიურ ხმებს ავრცელებდნენ.
სწორედ ამიტომ, ბრუკლინმა მიმართა რადიკალურ ზომას: "თუ გსურთ ჩემთან ლაპარაკი, მელაპარაკეთ როგორც ზრდასრულს და არა როგორც თქვენს საკუთრებას. და თუ ამას ვერ ახერხებთ, მაშინ მხოლოდ ადვოკატებს მიმართეთ“. - ეს წერილი იყო პასუხი იმაზე, რასაც ბრუკლინი "მშობლების მხრიდან ფსიქოლოგიურ მანიპულაციას“ უწოდებს.
საინტერესოა, რომ ბრუკლინმა "ინსტაგრამზე“ არა მხოლოდ მშობლები, არამედ ძმებიც დაბლოკა. კრუზ ბექჰემმა საჯაროდ დაადასტურა ეს ფაქტი: "დედაჩემი და მამაჩემი საკუთარ შვილს არასდროს წაშლიდნენ... მათ უბრალოდ დაბლოკილებმა გაიღვიძეს, ისევე როგორც მე“, - დაწერა კრუზმა.
მიუხედავად ამ რადიკალური ნაბიჯებისა, ბრუკლინი მაინც ინარჩუნებს კონტაქტს ბებიებთან და ბაბუებთან. წყაროების თქმით, მას ისინი ძალიან უყვარს და მათთან ურთიერთობას უფრთხილდება, თუმცა მშობლებთან მიმართებაში მისი პოზიცია ურყევია: "მათთან ყველაფერი დასრულებულია“.

მიუხედავად იმისა, რომ ბრუკლინმა გამოტოვა მამის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენები – დევიდის 50 წლის იუბილე და მისი დაჯილდოება მეფის მიერ – ვარსკვლავური მშობლები იმედს არ კარგავენ. დევიდი და ვიქტორია მზად არიან ყველაფერი გააკეთონ შვილის დასაბრუნებლად. "ის ყოველთვის მათი შვილი იქნება და ისინი არ შეწყვეტენ მცდელობას, რომ ოჯახი კვლავ გაერთიანდეს“, - აცხადებენ წყვილის მეგობრები.
ბექჰემების ოჯახურ დრამაში მთავარი როლი არა მხოლოდ პირადულ წყენას, არამედ ორ რადიკალურად განსხვავებულ სამყაროს შორის შეჯახებას უკავშირდება. ერთი მხრივ, არიან დევიდი და ვიქტორია - ადამიანები, რომლებმაც საკუთარი შრომითა და "ბრენდირებული“ ცხოვრების წესით შექმნეს მულტიმილიონიანი ქონება. მეორე მხრივ კი არის ნიკოლა პელცი - ამერიკელი მაგნატის, ნელსონ პელცის ქალიშვილი, რომლის ოჯახის ქონებაც ბექჰემებისას რამდენჯერმე აღემატება.
რატომ გახდა ბრუკლინი "ტყვე“? - ფსიქოლოგიური და ფინანსური წნეხი
ტერმინი "ტყვე“, რომელიც ბრუკლინმა მშობლების მხრიდან ყველაზე დიდ შეურაცხყოფად მიიღო, შემთხვევითი არ არის. ინსაიდერები ამბობენ, რომ დევიდი და ვიქტორია შოკირებულები დარჩნენ იმ სისწრაფით, რომლითაც მათმა უფროსმა ვაჟმა ბრიტანული იდენტობა ამერიკულით ჩაანაცვლა.
ქორწილის შემდეგ ბრუკლინმა გვარი შეიცვალა და პულცი-ბეკჰემი გახდა, რაც ბექჰემების ოჯახისთვის პირველი მტკივნეული დარტყმა იყო. ეს აღიქმებოდა, როგორც სიმბოლური ჟესტი იმისა, რომ ბრუკლინი პელცების კლანში "გადაბარგდა“.
წლების განმავლობაში ვიქტორია ბექჰემი თავისი ოჯახის "მთავარი არქიტექტორი“ იყო. ის აკონტროლებდა ყველაფერს: შვილების იმიჯს, მათ საჯარო გამოსვლებსა და კარიერულ ნაბიჯებს. ნიკოლა პელცის გამოჩენამ ეს იერარქია დაარღვია.
ნიკოლა, რომელიც თავადაც მდიდარი და დამოუკიდებელია, არ საჭიროებდა ვიქტორიას რჩევებს არც მოდაში და არც ცხოვრებისეულ საკითხებში. სწორედ ამან გამოიწვია ის უხერხული სიჩუმე, რომელიც კაბის სკანდალს მოჰყვა. პელცების მხარე თვლის, რომ ვიქტორია ცდილობდა დომინირებას რძალზე, რამაც საპირისპირო რეაქცია გამოიწვია - ნიკოლამ ბრუკლინი ბექჰემების გავლენის ზონისგან სრულად "იზოლირებული“ გახადა.

ბრუკლინმა მეგობრებს გაუმხილა, რომ მას მოჰბეზრდა იმის მოსმენა, თითქოს ის საკუთარ გადაწყვეტილებებს არ იღებს. მისი პოზიცია ასეთია: "მე არ ვარ ტყვე, მე უბრალოდ ავირჩიე ჩემი ცოლი და ჩემი ახალი ოჯახი“. სწორედ ამიტომ, იურიდიული წერილი იყო არა მხოლოდ კომუნიკაციის წყვეტა, არამედ დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მან მშობლებს აგრძნობინა, რომ მათ აღარ აქვთ ძალაუფლება მის ცხოვრებაზე.
შერიგების შანსი თუ საბოლოო წერტილი?
დღესდღეობით, დევიდ ბექჰემი ყველაზე მეტად განიცდის ამ სიტუაციას. მას, როგორც "ოჯახის კაცს“, ყოველთვის სურდა, რომ მისი შვილები მის გარშემო ყოფილიყვნენ. თუმცა, ბრუკლინის მიერ ოჯახის ყველა წევრის დაბლოკვა მიანიშნებს, რომ კონფლიქტი გასცდა მხოლოდ რძალ-დედამთილის დაპირისპირებას. ეს არის ბრძოლა აღიარებისთვის - ბრუკლინს სურს, რომ მას მოექცნენ როგორც თანასწორს, ბექჰემებს კი უჭირთ იმ რეალობასთან შეგუება, რომ მათი "პატარა ბიჭი“ ახლა სხვა იმპერიის ნაწილია.